ახალი ამბები

რა თქვეს IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე

27 ოქტომბერი, 2024 •
რა თქვეს IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე

საბოლოო შეფასების გამოქვეყნებამდე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთეს.

IRI-ის პრეზიდენტის დენ თვაინინგის შეფასებით, ეს იყო ბევრი ნაკლოვანებით დატვირთული არჩევნები. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას ზღუდავს.

„რაც შეეხება ამ არჩევნების შედარებას წინა არჩევნებთან, პრემიერ-მინისტრმა და ასევე ბიძინა ივანიშვილმა
ახსენეს, რომ 12 წელი რომ მთავრობაშია, რა არის გასაოცარი, რომ უკეთესი შედეგი დადოსო? რეალურად პასუხია კი, საოცარია, უპრეცედენტოც არის. 250-ზე მეტ საერთაშორისო არჩევნებს ვაკვირდებოდით და ნამდვილად უჩვეულოა. ეს რომ განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში, ნამდვილად შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ.

ორი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც ჩვენ წინასწარ ანგარიშში დავწერეთ: მასშტაბური, ბოროტად გამოყენება ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის, რომელმაც არაერთგვაროვანი სათამაშო მოედანი შექმნა. დიდი კონტროლი, ზეწოლა იყო სახელმწიფო ინსტიტუციებისა. მეორე იყო სისტემატური დაშინება, მუქარა, ამომრჩევლებზე როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

მე აქ ვცხოვრობდი სამი წელი და 2001 წლიდან დავდივარ საქართველოში და ნამდვილად გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი“,- განაცხადა დენ თვაინინგმა.

მისი თქმით, ცესკომ უნდა აკრძალოს ვიდეოჩამწერი მოწყობილობების გამოყენება უბნებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული დაშინების და წნეხის გარემო.

IRI-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რუსულ კანონზე და განაცხადა, რომ პარლამენტმა კანონი უნდა გაიწვიოს. მისი თქმით, ეს კანონი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს და ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

რუსული კანონის შესახებ ისაუბრა IRI-ს სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შვედეთის პარლამენტის წევრმა მარგარეტა სიდერფელდმაც. მისი თქმით, ამ კანონის გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უწყვეტი შევიწროების და დაშინების რისკის წინაშე დგანან მთავრობისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან.

რაც შეეხება არჩევნებს, მარგარეტა სიდერფელდის განცხადებით, ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე მმართველი პარტიის მხრიდან.

„ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე ამომრჩევლების აქტივობის შესამცირებლად. ამისათვის გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება” აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბევრ წარმომადგენელს. ასევე იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას“, – განაცხადა მარგარეტა სიდერფელდმა.

IRI-ის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ყოფილი კონგრესმენის ჯონ შიმკუსის განცხაებით, დღეს არსებული საარჩევნო რეგულაციების არათანაბარ საარჩევნო გარემოს და დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის ზოგადად კონკურენტული არჩევნებისთვის.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდა.

„წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნების“ ნარატივი იყო, რომ გამოიყენებდნენ ხმების დათვლის ახალ ტექნოლოგიებს, რათა ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო, ყველა ამომრჩეველი აღრიცხული ყოფილიყო. ძირითადად კამპანია იყო მიმართული უმცირესობით დასახლებულ რეგიონებზე, სოფლად, რათა მომხდარიყო მათზე ზეწოლა.

ასევე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, როცა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე, ასევე ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემის განვითარებას, შექმნა შიშით დატვირთული გარემო, რამაც შემდეგ გამოხმაურება პოვა NGO-ების ანგარიშებში“.

როგორც ჯონ შიმკუსი აცხადებს, მთლიანობაში არჩევნები ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა მცირე პრობლემები იყო ბიულეტენების დასკანერებისას.

„იყო კითხვის ნიშნები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, ასევე სისტემური ზეწოლა, დათრგუნვა, ამან შექმნა შიშის გარემო. იყო იზოლირებული ინციდენტები ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემის, ძალადობის, მარკირების შეუმოწმებლობა. უბნის დახურვისა და დათვლის დროს ვითარება მშვიდი იყო, წინასწარი შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების თანახმად ჩატარდა ხმების შეგროვება“, – განაცხადა მან.

როგორც NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, ნათელია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ პასუხობდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს.

„პროცესის სამართლიანობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა დისკრედიტაციის მცდელობებმა, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავმა კანონმდებლობამ და ამომრჩევლების დაშინების შემთხვევებმა, რაც დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს დააფიქსირეს“, – განაცხადა პერ ეკლუნდმა.

მისი თქმით, NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში მუშაობდნენ, ხმის მიცემის პროცესმა ძირითადად კანონის შესაბამისად ჩაიარა, თუმცა დამკვირვებელთა ჯგუფები, წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ, მათ შორის ძალადობასა და ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებზე.

NDI-ის პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება და დაიცვას მათი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა შეძლონ, გადააბიჯონ „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ მენტალიტეტს და პლურალიზმის გზას დაადგნენ. საქართველოს მმართველ პარტიას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება და დაიცვას მათი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა თამარა ქოფმან ვითესმა.

NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელის და ყოფილი კონგრესმენის (ნიუ ჯერსიდან) ტომ მალინოვსკის განაცხადებით, 26 ოქტომბერს დაფიქსირებული მაღალი აქტივობა საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულების დემონსტრირებაა.

„ჩვენ ვნახეთ საჩივრები, საჩივრის პასუხები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას. ISFED ჯერ კიდევ ასრულებს მუშაობას დეტალურ ანგარიშზე, პარალელური ხმების დათვლას და ჩვენ მოგიწოდებთ ყველას, რომ მიიღოთ ის მხედველობაში. ჩვენ სრულად ვენდობით იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ISFED იყენებს, რომელიც გამოყენებულია 50-ზე მეტ სახელმწიფოში და ასევე ვენდობით, ISFED-ის კეთილსინდისიერებას და გულისხმიერებას“, – განაცხადა ტომ მალინოვსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი