ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ ვისთან (არ) გამორიცხავს კოალიციას პარლამენტში

27 ოქტომბერი, 2020 • 2791
ვინ ვისთან (არ) გამორიცხავს კოალიციას პარლამენტში

როგორ მოიქცევიან ახალდაფუძნებული ან ძველი, მაგრამ შედარებით მცირე პარტიები პარლამენტში, თუ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს დამოუკიდებლად გამარჯვებას და, შესაბამისად, მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებას?

წელს საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, რაც უფრო მეტ პარტიას მისცემს შანსს, საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი შეიყვანოს, რადგან ამჟამად საარჩევნო ბარიერი 5%-ის ნაცვლად მხოლოდ 1 პროცენტია, ანუ ყველა პარტია, ვინც არჩევნებში 1 პროცენტს მაინც აიღებს, პარლამენტში თავის დეპუტატს გაიყვანს. მთავრობას ჩამოაყალიბებს ის პარტია ან პარტიათა კოალიცია, ვისაც, ჯამში, 76 დეპუტატი ეყოლება.

ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არჩევნებში საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” ფარგლებში მონაწილეობს, კოალიციის შექმნას გამორიცხავს ქართულ ოცნებასთან, თუმცა მხარს უჭერს ოპოზიციურ ერთობას. ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი გამორიცხავენ რაიმე ტიპის კოალიციაში ქართულ ოცნებასთან ერთად გაწევრიანებას, ასევე მხარს არ უჭერენ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას. თავის მხრივ, ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კოალიციების შექმნა საჭირო არ იქნება, რადგან ქართული ოცნება ხმათა საკმარის რაოდენობას მოაგროვებს, რათა დამოუკიდებლად შექმნას მთავრობა. 

რას აპირებენ სხვა პარტიები? როგორია პარტიების სტრატეგია, ვისთან განიხილავენ ისინი ასეთ შემთხვევბში კოალიციების შექმნას არჩევნების შემდეგ და აქვთ თუ არა წითელი ხაზები, ვისთანაც არცერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ?

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები

პარტია მოქალაქეების წევრი და საარჩევნო სიის მეორე ნომერი ლევან იოსელიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნებში საკუთარი პარტიის წარმატებაში დარწმუნებულია.

„ველოდებით მნიშვნელოვან შედეგს, მთელი ამ დროის მანძილზე ვატარებდით კვლევებს, ვიცით ჩვენი მხარდაჭერა და სასიამოვნოდ გავაოცებთ ჩვენს მხარდამჭერებს“, – აცხადებს იგი.

იოსელიანის თქმით, პარტია სამი ძირითადი პრინციპით იხელმძღვანელებს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შესაძლო თანამშრომლობის ფორმატებში ჩართვის დროს.

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ქართულ ოცნებას, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ფიგურასა და არცერთ პრორუსულ ძალას და არ განვიხილავთ მათთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას“.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე ტიპის კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა, ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ შესაძლებელია თემატური თანამშრომლობა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე კოალიციას, ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ თემატურ თანამშრომლობას, რაც შეეხება ზოგადად მთავრობის ფორმირებას, კონსულტაციები გვექნება ოპოზიციურ პარტიებთან.“

იოსელიანის განცხადებით, არსებობს პრინციპული თემები, რომლებსაც პარტია არ გადახედავს არცერთ შემთხვევაში, მათ შორის სასამართლოს, განათლებისა და საგარეო ორიენტაციის საკითხები. 

გაიგეთ მეტი მოქალაქეების პრიორიტეტებზე – აქ.

„ასევე ძალიან პრინციპულია ის, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს რევანში და ერთპიროვნულად არ დაბრუნდეს ვინმე ხელისუფლებაში. ერთადერთი ძალა, ვისაც შეიძლება ეს უნდოდეს, არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი პარტიების გაძლიერებას, რაც დაასრულებს არსებულ ორპოლუსიანობას“, – აცხადებს იოსელიანი.

ლელო

პოლიტიკური პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ პარტიის მოლოდინით, უშუალოდ ლელო იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, რომლის ირგვლივაც შეიქმნება სამთავრობო კოალიცია.

თუმცა აქამდე გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებში ლელო მთავარ ოპოზიციურ ძალად არ ფიგურირებს. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რის საფუძველზე მიაჩნიათ ასე პარტიაში, ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიას უკვე ჰყავს რეგისტრირებული მხარდამჭერები, რომელთა რიცხვიც გაორმაგდება.

„დღეისათვის ჩვენ გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი. დავიწყეთ კამპანია „1+1“ რაც ნიშნავს, რომ თითეულმა მხარდამჭერმა უნდა მოიყვანოს ერთი ახალი მხარდამჭერი, რაც საბოლოოდ იქნება ნახევარი მილიონი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სწორედ ჩვენ გავხდეთ მთავარი ოპოზიციური პარტია“ ,- აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ კოალიციურ პარტნიორებს ვერ დაასახელებს არჩევნების შედეგებმადე, თუმცა ასახელებს კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც შესაძლოა, სამთავრობო კოალიცია შედგეს.

„ეს არის დასავლური ღირებულებების სრული ერთგულება, სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა, პროკურატურის დეპოლიტიზაცია და ასევე ეკონომიკური რეფორმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება შერჩეული კოალიციური პარტნიორები“, – აცხადებს პარტიის მეორე ნომერი ბადრი ჯაფარიძე.

გაიგეთ მეტი ლელოს პრიორიტეტებზე – აქ.

ლელოში აცხადებენ, რომ პარტია ქართულ ოცნებასთან გამორიცხულია რაიმე ტიპის თანამშრომლობა და ეს არ გადაიხედება.

კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო

თავისუფალი საქართველოს ლიდერ კახა კუკავას განცხადებით, პარტია გეგმავს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შეყვანას.

„ჩვენ ვფიქრობთ,/ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული პროცენტ-ნახევარი გავაუმჯობესოთ, ეს იქნება დაახლოებით 3, პოზიტიური დაშვების შემთხვევაში- 4%.“

პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ კოალიციებზე საუბარი არჩევნების შედეგებამდე ძნელია, თუმცა მზადაა თემატური თანამშრომლობისთვის, რაც არ მოითხოვს იდეოლოგიურ კომპრომისებს.

„ერთი მხრივ, ჩვენ კოალიციებს ვუყურებთ ძალიან დიდი სიფრთხილით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარლამენტში დიდი წარმომადგენლობა არ გვეყოლება და თუ ასეთი კოალიცია შეიქმნა, სადაც ჩვენც შეიძლება მოვიაზრებოდეთ, ფაქტია, ჩვენი როლი იქნება მინიმალური.  ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სატელიტი. საქართველოში ბევრჯერ ყოფილა ასეთი კოალიციები, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ერთი პირი, თუმცა პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე“, – აცხადებს კახა კუკავა.

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ არსებობს სამი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთანაც ყველა სახის თანამშრომლობა გამორიცხულია. ესენია ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ევროპული საქართველო.

„ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ თემატურ საკითხებზე, მაგალითად, მედიკამენტების ფასების დაწევის თემაზე, თუმცა უკვე იკვეთება, თუ რა ჯგუფები გაერთიანდებიან, ამიტომ ჩვენ დისტანცირებული ვართ ორივე პოლუსიდან [“გაერთიანებული ოპოზიცია” და ქართული ოცნება]“, – აცხადებს პარტიის ლიდერი კახა კუკავა.

პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის მხარდაჭერით პირველ ადგილზეა. თუმცა წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული სხვა სოციოლოგიური გამოკითხვები, მათ შორის დამოუკიდებელი სიბეიქტების (NDI; IRI) დაკვეთით, განსხვავებულ სურათს აჩვენებს. 

ნეტგაზეთის კითხვაზე, რადგან პარტიაში მიიჩნევენ, რომ ისინი რეიტინგებში ლიდერობენ, რამდენად რეალურად ესახებათ მთავრობის ფორმირება, პარტიაში განაცხადეს, რომ ძნელია ამ საკითხზე საუბარი არჩევნების რეალურ შედეგებამდე.

„როდესაც ჩვენ კოალიციებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა ეს კოალიციები საჭირო სულაც არ გახდეს. შესაძლოა ასევე იყოს თემატური ერთობები, თუმცა, როგორც კოალიცია, ისე თემატური ერთობა სრულიად გამორიცხულია ევროპულ საქართველოსთან, ნაციონალურ მოძრაობასთან. სხვა პარტიებთან შესაძლებელია კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობა“, – განაცხადა თევდორაძემ.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რა ტიპის ურთიერთობა იქნება პატრიოტთა ალიანსსა და ქართულ ოცნებას შორის, თევდორაძე პასუხობს, რომ „კობახიძის ოცნებასთან თანამშრომლობაც გამორიცხულია.“

„ოცნება თუ ჩამოიშორებს კობახიძეს, მდინარაძეს და მათნაირებს, მაშინ შესაძლოა რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარი, მაგრამ ახლა არავითარი სხვაობა არ არის ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. კობახიძემ ორჯერ ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შეფასების ინიციატივა, რომელიც პარლამენტში პატრიოტთა ალიანსმა წარადგინა“, – აცხადებს თევდორაძე.

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შესაძლოა პარტიებს შორის იდეოლოგიური მსგავსება არ იყოს, მაგრამ ამან არ გამორიცხოს გარკვეული თემების ირგვლივ თანამშრომლობა.

ერთიანი საქართველო

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, მათ აქვთ რეალური მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რასაც ადასტურებს პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები.

მისივე თქმით, პროფესიონალიზმი, საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულება და არაკორუფციულობა არის ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც პარტია შეარჩევს მის სამომავლო პარტნიორებს პარლამენტში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა პარტია ქართულ ოცნებასთან, მათ შორის შესაძლო სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, თუმცა თანამშრომლობა შესაძლებელია ოპოზიციურ ჯგუფებთან.

„თუ ნაციონალური მოძრაობა იქნება და მის გარშემო უნდა შემოიკრიბოს პატარ-პატარა პარტიები, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ მონაწილეობას ასეთ ფორმატში, მაგრამ თუ ეს იქნება მთლიანი ოპოზიციური სპექტრი, მაშინ ჩვენ ამაში გავწევრიანდებით“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მაშინ როცა პარტიების ნაწილი “ერთიან საქართველოს” წლებია პრორუსულს უწოდებს და აკრიტიკებს საგარეო ორიენტირების გამო, როგორ ესახებათ პარტიაში ასეთ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ აჯობებს, სხვა პარტიებმა საკუთარ წარსულს გადახედონ.

„ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, რომელსაც ყურადღებას აღარავინ აქცევს. ამ პარტიებმა ჩახედონ საკუთარ ბიოგრაფიებს და მიხვდებიან, ვინაა პრორუსი და ვინ არა. ჩვენ არ ვართ არც პრორუსული და არც პროევროპული, თუმცა პროგრამაში გვიწერია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მხარს ვუჭერთ ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადეს პარტიაში.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გაწევრიანდება თუ არა პარტია ისეთ კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, ბარამიძე პასუხობს, რომ კოალიციაში მყოფ პარტიებს შორის განსხვავებული შეხედულებები რიგი საკითხების მიმართ დასაშვებია.

გაიგეთ მეტი ნინო ბურჯანაძის პარტიის პრიორიტეტებზე – აქ.

“ჩვენ ვიტყვით ჩვენს მოსაზრებას. ეს არ იქნება მიზეზი იმისა, რომ ჩვენი პარტია არ შევიდეს რაიმე კოალიციაში. ჩვენ სხვა პარტიებთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს უამრავ საკითხში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოალიციაში არ ვიყოთ, მაგალითად, შეიძლება დაემთხვეს ჩვენი შეხედულებები კონსტიტუციურ ცვლილებებზე, ამიტომ ეს შემაფერხებელი არაა”, – აცხადებს ერთიანი საქართველოს წევრი გიგლა ბარამიძე. 

ლეიბორისტული პარტია

კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეკითხვით მიმართა ნეტგაზეთმა, გახლავთ ლეიბორისტული პარტია, რომელიც მედიატორის როლს ასრულებდა სხვადასხვა პარტიების მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების დროს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ ენდობიან არცერთ კვლევას, რადგან ეს კვლევები პოლიტიკური ჯგუფების მიერაა ჩატარებული და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, თუმცა აცხადებენ, რომ მათ საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვთ მოსახლეობის მხრიდან.

პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და არ ითანამშრომლებენ ქართულ ოცნებასთან.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ შეკითვაზე, მაშინ როდესაც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, „თავი დაენებებინა თანამდებობებზე ოცნებას“, როგორ ესახებათ პარტიაში ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, ქუმსიშვილი საუბრობს, რომ ჯანსაღი კრიტიკა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ არსებობს თემები, რაც ლეიბორისტებისთვის ფუნდამენტურია.

„ქვეყანაში ადამიანები შიმშილის პირას არიან, ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს, განათლების ხელმისაწვდომობა, ეს ის საკითხებია, რასაც სჭირდება მთავრობის მხრიდან მეტი ყურადღება“, – აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი.

გაიგეთ მეტი ლეიბორისტების პრიორიტეტებზე – აქ.

ლეიბორისტების განცხადებით, ისინი კონსენსუსისთვის მზად არიან, თუმცა ამოდიან სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებიდან.

ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი

პარტია ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იმედი აქვს, მინიმუმ ერთი ფრაქციის სახით იქნებიან წარმოდგენილნი პარლამენტში.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა. იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა საფრთხე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა განშტოებებმა შექმნან მთავრობა, რისიც მე არ მჯერა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მათი ოპოზიციაც. ჩვენი მიზანია პოზიტიური ალტერნატივა შევქმნათ მთავრობის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ოპოზიციას ვგულისხმობ, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი აიღებენ ყველაზე მეტ მანდატს“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ერთ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობაზე.

„თუ ჩვენ დავინახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები ქმნიან მთავრობას… ძირითადი პრინციპების დაცვით, შეიძლება, ოღონდ შეიძლება ჩვენ ვითანამშრომლოთ ქართულ ოცნებასთან, ოღონდ ეს იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლაც რევანშისტული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა იქნება თვალსაჩინო“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი განცხადებით, ძირითადი პრინციპული საკითხებია სასამართლოს საკითხები, იმ მოსამართლეების გამოწვევა, რომლებიც კავშირში არიან გახმაურებულ საქმეებთან, სოციალური საკითხები, მათ შორის: მინიმალური ხელფასი, გადასახადების საკითხი, შრომის უსაფრთხოება და საბინაო პოლიტიკა, რაც იქნება მნიშნელოვანი პარლამენტში სხვა ჯგუფებთან თემატური ურთიერთობების დროს.

სოციალ-დემოკრატები

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პარტია არჩევნებში სერიოზულ წარმატებას მიაღწევს.

მისი განცხადებით, სოციალ-დემოკრატიული პარტია არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მოკავშირეებთან.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ ოცნებასთან ითანამშრომლონ.

„ქართულ ოცნებასთან, სამწუხაროდ, იძულებულები გავხდებით, რომ ვითანამშრომლოთ. სამწუხაროდ, ჩვენ უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ. ჩვენ პარლამენტში გვინდა სერიოზული ცვლილებების მოხდენა. ასევე არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას სხვა პარტიებთან, რომლებიც არ არიან ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში, მაგალითად, სოლიდარობის ალიანსი და მწვანეთა პარტია“ ,- აცხადებს ჟორჟოლიანი.

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე, აუცილებელია სახელმწიფოს როლის რადიკალური ზრდა, მეტი თანასწორობა და ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდაჭერა. ამდენად, სწორედ ეს პრინციპი იქნება სხვა პარტიებთან თანამშრომლობის განმაპირობებელი.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, მაშინ როდესაც სოციალ დემოკრატებისა და ქართული ოცნების გზები სწორედ იდეოლოგიური განხეთქილების გამო გაიყო, რა აძლევს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას საფუძველს, იფიქროს, რომ ოცნებასა და მათ შორის თანამშრომლობა შედგება ზემოხსენებულ პრინციპებთან დაკავშირებით, გია ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ თანამშრომლობის დროს ხშირად პარტიები იძულებით თანამშრომლობენ.

„აქ არ არის, ვინ როგორი ადამიანია. ნორმალურ საზოგადოებებში, სადაც პარტიები ახერხებენ თანამშრომლობას, არ ნიშნავს, რომ მათ საერთო შეხედულებები აქვთ. ისინი იძულებულნი არიან ითანამშრომლონ, მაგალითად, გერმანიაში, სადაც სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები თანამშრომლობენ. ჩვენი მიზანია, რომ იმ ტიპის თანამშრომლობა შედგეს, რაც დამახასიათებელია ევროპული ქვეყნებისათვის“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

ტრიბუნა

პოზიტიური შედეგების მოლოდინი აქვს პარტია ტრიბუნის დამფუძნებელსა და ლიდერს დავით ჭიჭინაძესაც.

ჭიჭინაძის განცხადებით, სხვა პარტიებთან თანამშრომლობა დამოკიდებულია ამ პარტიების პოზიციაზე.

„რეალურად, დღეს ჩვენ ვიბრძვით ჩვენი პროგრამით. საფინანსო სექტორთან ბრძოლა, იმ ნაძარცვის დაბრუნება, რაც ხალხს ეკუთვნის, არის მნიშვნელოვანი. თუ მათი [სხვა პარტიების] პოზიცია არ იქნება ისეთივე ხისტი, როგორიც ჩვენ გვაქვს, ეს თანამშრომლობა ვერ შედგება, რადგან ჩვენ სწორედ ამის გამო გვაძლევენ ხმას“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამორიცხულია ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაც.

გირჩი

ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩში მიიჩნევენ, რომ სასურველი შედეგი არჩევნებში იქნება საპარლამენტო ფრაქციის შექმნა.

შეკითხვაზე, თუ რა არის ის წინაპირობები, რის მიხედვითაც გირჩი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვისთან შევიდეს ან არ შევიდეს კოალიციაში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ ასეთი წინაპირობა არის ამ პარტიების ერთგულება დადებული ოპოზიციური შეთანხმებისადმი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, შევა თუ არა გირჩი, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ ამ ორ პარტიას უკვე აქვს გარკვეული თანამშრომლობა, რადგან მათ ხელი მოაწერეს საერთო შეთანხმებას.

“მონაწილე იყო ნაციონალური მოძრაობაც და ისინი არიან ამ შეთანხმებების ერთგულნი, მიხეილ სააკაშვილს რომ მიეცეს შანსი, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც მისი პარტიის წევრები აწერენ ხელს, დაირღვეს, ამის შანსი თავისთავად არსებობს, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ეს შეთანხმებები რეალურად აისახოს პარტიების პროგრამებში.”

შეკითხვაზე, კოალიციურ ფორმატში ითანამშრომლებს თუ არა გირჩი ქართულ ოცნებასთან, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ იგი “ხელს ვერ შეუშლის” ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის დაშლას დააანონსებს, რომელიც გირჩისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა საკითხია ის, თუ ვისგან დაიჯერებს ამას.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაიჯერებს თუ არა ამას ქართული ოცნებისგან, ხვიჩია პასუხობს, რომ “ოცნებას ამისი საფუძველი არ მოუცია.”

“ჩვენ შეთანმხება დადებული გვაქვს ოპოზიციასთან. გვჯერა, რომ ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები არ მოისურვებენ ჩემს გადაგდებას. სანამ ყველა თავისი სიტყვის ერთგული დარჩება, არანაირი საფუძველი და სურვილი არ მაქვს სხვასთან გავაკეთო კოალიცია. მაგრამ თუ ყველა ერთმანეთს ვაგდებთ, ყველას მხრიდან პირობა ირღვევა, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენც სიტუაციის ადეკვატურად მოვიქცევით”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

პარტიაში ასევე მიიჩნევენ, რომ ყველა სხვა პარტიასთან თემატური, სერიოზული თანამშრომლობა მისაღები და სასურველია და ისინი სწორედ ამას ცდილობენ.

იაგო ხვიჩია საუბრობს რამდენიმე შეთანხმებაზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა გააფორმა მათ შორის მართლმსაჯულების სიტემის ნაწილზე, სასამართლოსა და ეკონომიკაზე.

გაიგეთ მეტი გირჩის პრიორიტეტებზე – აქ.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული პრინციპით გაიმართება. წლევანდელი არჩევნები საინტერესოა რეგისტრირებული პარტიების რიცხვის გამოც. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში დარეგისტრირდა 50 პოლიტიკური სუბიექტი, ხოლო უარი ეთქვა 23-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი