ახალი ამბები

რას სთავაზობს “გირჩი” ამომრჩეველს | არჩევნები 2020

26 ოქტომბერი, 2020 • 2779
რას სთავაზობს “გირჩი” ამომრჩეველს | არჩევნები 2020

დერეგულირებული ეკონომიკა, განათლების სისტემა, ევროკავშირში რეგულაციების გარეშე, გადასახადების გაუქმება — ეს არის “გირჩის” საარჩევნო დაპირებებისა და შეხედულებების ნაწილი, რომელსაც პარტია აერთიანებს სლოგანის ქვეშ, “მეტი თავისუფლება”.

ნეტგაზეთი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ესაუბრა “გირჩის” დიდუბისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ვახტანგ მეგრელიშვილს, რათა გაერკვია, რას სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს.

“გირჩის” შესახებ

“გირჩი” 2015 წელს “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულმა ოთხმა დეპუტატმა დააფუძნა. მათგან დღეს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩში” მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძეა. მემარჯვენე პარტიის იდეოლოგია მეტ თავისუფლებას ეფუძნება, რაც გულისხმობს მცირე მთავრობას და ეკონომიკურ თავისუფლებას.

”გირჩში” მიაჩნიათ, რომ ადამიანის თავისუფალი ნება მთავარი ფასეულობაა და მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი მშვიდობიანი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. “გირჩი” ერთ-ერთ მთავარ მიღწევად რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ასახელებს, რომლის მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ.

კიდევ ერთი მიღწევა “გირჩისთვის” ნარკოპოლიტიკას უკავშირდება. პარტიაში ემხრობიან ყველა სახის ნარკოტიკების ლეგალიზებას, რადგან თვლიან, რომ ადამიანის საკუთრების უფლება მის სხეულზეც ვრცელდება და არავის აქვს უფლება, განსაზღვროს, როგორ მოექცევა თითოეული ინდივიდი მას. საკონსტიტუციო სასამართლოში, ”გირჩის” მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, დღეს მარიხუანას გარკვეული ოდენობით პირადი მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პროგრამა არ წარადგინა, რადგან მიაჩნიათ, რომ მცირე მხარდაჭერა აქვთ და აზრი არ აქვს სრულყოფილი საარჩევნო პროგრამის წარდგენას. მათი მიზანი ამ ეტაპზე პარლამენტში მოხვედრა და იქ საკუთარი იდეების გატანაა.

ნეტგაზეთი პოლიტიკური პარტიის ხედვებზე პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ესაუბრა, რომელიც, ამავდროულად, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და მის კანდიდატურას ოპოზიცის ნაწილმაც დაუჭირა მხარი.

გადასახადების შემცირება

“ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, შემცირდეს საგადასახადო ტვირთი (30-50%-ით) და შემზღუდავი რეგულირებები”, – აცხადებს “გირჩი”. როგორც ზურაბ ჯაფარიძე გვეუბნება, პარტიას აქვს იდეა, რომ გადასახადების ნაწილი საერთოდ გაუქმდეს. მაგალითად, ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადიც კი. კითხვაზე, როგორ აპირებენ ამ ფონზე ბიუჯეტის შემოსავლების კომპენსირებას, “გირჩის” დამფუძნებელი გვპასუხობს, რომ გადასახადების გაუქმება ეტაპობრივად მოხდება, ანუ რამდენიმე წელზე გადანაწილდება. ამასთან, განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირდება, მაგალითად, 5-5%-ით მცირდება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი პირველს წელს, ოთხ წელში კი სულ გაუქმდება. ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენი იქნება მაშინ საქართველოს ბიუჯეტი, როცა მას გადასახადებისგან შემოსავლები მოაკლდება, ზაფარიძე ასე გვპასუხობს:

“წელს საქართველოს ბიუჯეტი 15 მილიარდი ლარი უნდა იყოს. 4 წლით უკან რომ დაბრუნდეთ, ჩამოხვალთ 10-11 მილიარდ ლარზე. თქვენ გგონიათ, რაიმე პრინციპული სხვაობაა დღევანდელ, რასაც თქვენ ეძახით, სახელმწიფო სერვისებსა და 2015 წელს რომ სერვისები იყო, მათ შორის?! რომ მოაჭრათ ახლანდელ ბიუჯეტს, მაგალითად, 5-6 მილიარდი ლარი, განსხვავებას ვერ იგრძნობთ. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ უამრავი ფული, რომელიც ახლა იფლანგება და მას ვიღაცები ჭამენ, თქვენ კი გჯერათ, რომ სერვისებს ქმნიან, ის ხალხი ამ ფულს ვეღარ შეჭამს”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება, თუნდაც 2015 წელთან შედარებით, პენსიების ინდექსაცია იქნება, რაც, ჯამში, ბიუჯეტს 210 მლნ ლარი დაუჯდება. პენსიის ინდექსაციით გაზრდა გულისხმობს, რომ მასში ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება გათვალიწინებული. მაგალითად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის 2021 წელს პენსია 220 ლარი იქნება, ანუ ზრდა მოხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, არანაკლებ 20 ლარით. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ინფლაციას ემატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც, რაც 25 ლარს შეადგენს. ზურაბ ჯაფარიძე გვეუბნება, რომ ინდექსაციის ინიციატივას არ ემხრობა.

დღეს საქართველოში 7 ტიპის გადასახადი არსებობს: საშემოსავლო, მოგების, ქონების, დამატებული ღირებულების (დღგ), აქციზი და იმპორტის გადასახადი. მათგან ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადია, რომლის განაკვეთიც 18%-ს შეადგენს. დღგ-ს ღირებულება შედის თითოეული საქონლისა და მომსახურების ფასში, რომელსაც იხდის საბოლოო მომხმარებელი. 2021 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტით მთავრობა ელის დღგ-დან დაახლოებით 4.3 მილიარდი ლარს, დაახლოებით 3.5 მილირდს კი საშემოსავლო გადასახადისგან მიიღებს. შემდეგ მოდის ქონებისა და მოგების გადასახადები.

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადასახადი ცუდია და თავისი შინაარსით გადასახადი ძარცვაა.

“თქვენ შრომობთ, ქმნით რაღაც პროდუქტს და თქვენი ნების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ფულს გართმევთ”, – ამბობს ჯაფარიძე.

ჩვენ მას ვკითხეთ, მოქალაქე ხომ სარგებლობს სახელმწიფო სერვისებით? მაგალითად, პოლიციით, რაზეც “გირჩის” ლიდერი კვლავ ძარცვასთან ავლებს პარალელს:

“თუ არ მინდა?! მაგალითად, მოვედი, იარაღი დაგადეთ შუბლზე და ფული წაგართვით. შემდეგ ამ ფულით კანფეტი გიყიდეთ და მოგეცით. კმაყოფილი იქნებით?! [ცუდი შედარება არ არის] სახელმწიფო ამას აკეთებს. თქვენ რასაც სერვისებს ეძახით, ეგ სახელმწიფოს მიერ დაბრუნებული კანფეტია.”

როგორც ზურაბ ჯაფარიძე გვეუბნება, გადასახადის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ამით სოციალურ ხარჯებს ამცირებენ და ხარჯები დაიზოგება სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ, ის ასახელებს ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს ბიზნესის დასახმარებელ პროგრამებთან ერთად, მაგალითად, როგორიც არის “აწარმოე საქართველოში”.

კითხვაზე, ვინ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას ამ შემთხვევაში, ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ ეკონომიკას წინასწარ განსაზღვრა/დაგეგმვა არ სჭირდება. რაც შეეხება მოგების გადასახადს, ფიქრობს, რომ სახელმწიფო ადამიანებს “სჯის”, როცა მათ მოგების გადასახას ახდევინებს.

“გირჩის” ლიდერი ასევე ამბობს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ამგვარი კლების მიუხედავად, ჯანდაცვის ხარჯებს “ფული არ მოაკლდება” და აქ პარტია სისტემის შეცვლას გეგმავს. მისი განმარტებით, სოციალური დახმარების ერთადერთი კრიტერიუმი გაჭირვება უნდა იყოს და არა ომის ვეტერანობა ან პარლამენტის რომელიმე მოწვევის წევრობა, რომელთაც საპენსიო ასაკში შედარებით მეტ პენსიას აძლევენ. ამას გარდა, დახმარება არ უნდა იყოს რაიმე სერვისის უფასოდ შეთავაზება. სახელმწიფო გაჭირვებულ ოჯახებს მხოლოდ ფულით უნდა დაეხმაროს, რათა შემდეგ ამ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, რაში დახარჯონ ეს თანხა. კითხვაზე, ამ დახმარებებზე დაახლოებით რამდენი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ ამას დათვლა სჭირდება, თუმცა საორიენტაციოდ დღევანდელი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ტოვებს, რაც დაახლოებით 4 მილიარდი ლარია.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-თან

“გირჩი” აცხადებს, რომ აკრძალავს სუბსიდიებს და დაუშვებს თავისუფალ ვაჭრობას სხვა ქვეყნებთან. საქართველოს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორთან – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს. ზურაბ ჯაფარიძე გვეუბნება, რომ საქართველოსთვის საჭიროა მსგავსი სავაჭრო შეთანხმება აშშ-თან გაფორმდეს, რაზეც რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კითხვაზე, რომელი ქართული პროდუქტისთვის იქნება ამერიკული ბაზარი მნიშვნელოვანი, გვპასუხობს, რომ კონკრეტული პროდუქციას ვერ დაგვისახელებს და ეს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება. “გირჩს” მიაჩნია, რომ ხელშეკრულება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ფინანსური კაპიტალი მოიძიოს, რომელიც შემდეგ საბაჟო გადასახადის ან რომელიმე სავაჭრო ბარიერის გარეშე აშშ-თან ივაჭრებს.

“შესაძლოა, ტაივანელმა ბიზნესმენმა, რომელსაც, მაგალითად, ტაივანში აქვს ბიზნესი, აქ გადმოიტანოს წარმოება და იმ პროდუქტის გადატანა დაიწყოს ამერიკაში”, – ამბობს ჯაფარიძე.

უმუშევრობის პრობლემის მოგვარება

საქართველოში ჩატარებული ყველა კვლევით, მოქალაქეებისთვის საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ზურა ჯაფარიძე გვეუბნება, რომ უმუშევრობის პრობლემის მოგვარება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენიათ.

“გირჩში” მიიჩნევენ, რომ უმუშევრობა ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიების ზრდის შემთხვევაში შემცირდება. გარდა ამისა, გვისახელებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს — თავისუფალ სასამართლო სისტემასა და დაბალ გადასახადებს.

2017 წლიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. თუ 2017 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, 2018-2019 წლებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს იყო. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. გარდა ამისა, საქსტატის მეთოდოლოგიით, ინვესტიციებში ასევე ითვლება რეინვესტირებაც, ანუ გაუნაწილებელი მოგება, რომელიც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ არ იბეგრება. რეინვესტირების წილი 2019 წლის ინვესტიციებში თითქმის ნახევარი იყო, რაც 48%-ს გულისხმობს. პანდემიამ გავლენა მოახდინა ინვესტიციებზეც და, შესაბამისად, პირველ კვარტალში ინვესტიციები 41%-ით შემცირდა, თუმცა მეორე კვარტალში 0.5%-ით გაიზარდა.

ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთ გზად ჯაფარიძე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას ხედავს, ოღონდ ეს ქონება საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაურიგდეთ. ამ შემთხვევაში, “გირჩში” მიაჩნიათ, რომ კერძო საკუთრებაში, შესაძლოა, იყოს ტყეები, სასარგებლო წიაღისეული და ა.შ.

ჯაფარიძის განმარტებით, ამ ქონების მოქალაქეებზე განაწილება “საპრივატიზაციო ფულით” უნდა მოხდეს. “გირჩის” თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს ე.წ. ფული დაურიგდება, პირობითად, 10 ათასი დოლარი, და თუ აუქციონზე გამოვა, მაგალითად, რომელიმე ტყე, ხოლო მოქალაქეს სურს, აქ ფლობდეს გარკვეულლ ნაწილს, მაშინ ამ ფულით მისი ყიდვა შეეძლება. ჯაფარიძის მოსაზრებით, დაახლოებით ასეთი სქემითვე შესაძლოა გახსვისდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი შახტებიც. იმ მოქალაქეებს, რომელთაც არაფრის ყიდვის სურვილი არ ექნებათ, მათ, შესაძლოა, საკუთარი “საპრივატიზაციო თანხა” გაასხვისონ თუნდაც რომელიმე უცხოელზე. რაც შეეხება ე.წ. საჯარო სიკეთეებს, ამას “გირჩის” ლიდერი “საბჭოთა ზღაპარს” უწოდებს.

“საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ეს ქონება ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გავინაწილოთ. ვის წინაპრებსაც ეს ქონება ბოლშევიკებმა წაართვეს. ყველაფერი შეგვვიძლია გავინაწილოთ. ვისაც ენდომება, მაღაროს იყიდის, ტყეს თუ სახელმწიფო კომპანიის აქციებს. საბოლოოდ, მთავარია, ეს ყველაფერი კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდეს”.

ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ ყველა სახელმწიფო კომპანია უნდა გასხვიდეს. ჩვენ ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე (ესკო) ვკითხეთ. ვინ უნდა იყიდოს/გაყიდოს ელექტოენერგია და აწარმოოს მოლაპარაკებები იმპორტ/ექსპორტზე თურქეთთან, რუსეთთან და აზერბაიჯანთან, თუ ესკო გაიყიდება. ანუ კერძო კომპანია/კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ, რა ოდენობის ელექტოენერგია სჭირდება ქვეყანას ან რამდენი უნდა გაყიდოს წელიწადის კონკრეტულ მონაკვეთში. ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ ამ კონკრეტული კომპანიის მუშაობის მექანიზმი ზუსტად არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ იგივეს კერძო კომპანიებიც გააკეთებენ.

საბოლოოდ, “გირჩი” უმუშევრობის დაძლევის საკითხს, როგორც ვახსენეთ, გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს და ამისთვის შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს:

მთავრობის ხარჯების შემცირება, მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნება, გადასახადების შემცირება და “სანდო ფულის” გაჩენა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ლარი გადახდის ერთადერთი საშუალება არ უნდა იყოს და მასთან ერთად ევრო და დოლარიც უნდა დავუშვათ.

მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია სახელმწიფოს მიერ რაიმე სახით რომელიმე სექტორის სუბსიდირებას ეწინააღმდეგება, დავინტერესდით, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თუ ხელისუფლებაში იქნებოდნენ, დაეხმარებოდნენ თუ არა იმ ბიზნესს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა.

ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ, პირველ რიგში, საზღვრები უნდა გაიხსნას. მას სჯერა, რომ მსოფლიში პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოში ვიზიტორების გარკვეული რაოდენობა მაინც შემოვა.

რაც შეეხება დახმარების საკითხს, “გირჩის” ლიდერმა ასე გვიპასუხა:

“პირველ რიგში, საზღვრებს თუ არ გავხსნით, არაფერს აზრი არ აქვს. მესმის, რომ იმდენი ტურისტი არ შემოვა, რაც შემოდიოდა, მაგრამ რაც შემოვა, ისიც ხომ კარგი იქნება? ამავე დროს, ქვეყნის შიგნით Covid-19-ის გამო შეზღუდვები რომ დააწესეს, ესენი გასაუქმმებელია. ამის შემდეგ ვაკეთებთ იმას, რაც უკვე გითხარით: ქონება ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ, მთავრობას რაც შეიძლება ცოტა ფული უნდა მივცეთ გასაფლანგად, ქვეყანაში სანდო ფული გავაჩინოთ.”

საგარეო პოლიტიკა

“გირჩი” ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას უჭერს მხარს, მაგრამ ისე, რომ ევროკავშირის რეგულაციები საქართველოსთვის სავალდებულო არ იყოს.

“რეგულაციები ეკონომიკის განვითარებას აფერხებს და კიდევ დიდხანს დაგვტოვებს სიღარიბეში”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მას ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია ევროკავშირში გაწევრება მოთხოვნილი რეგულაციების შესრულების გარეშე. მისი თქმით, ევროკავშის ელჩებთან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეხვედრა, ამ და სხვა შეხვედრებზე კი მათ ეუბნება, რომ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნები სხვადასხვა რეგულაციას სხვადასხვაგვარად უდგებიან და მათ მსგავსად საქართველოს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. ჯაფარიძეს მაგალითად მოჰყავს შრომის კანონმდებლობა და ამბობს, რომ საფრანგეთში შედარებით მკაცრი რეგულაციებია ამ მიმართულებით, ვიდრე დანიაში, შესაბამისად, უნდა გვქონდეს არჩევანის უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ფრანგული კი არა, დანიური მოდელი ავირჩიოთ.

“ჩვენ ბრიუსელის ვასალები კი არ ვართ, როგორც ვიყავით თუნდაც რუსეთის იმპერიის პერიოდში. შეგიძლია ელაპარაკო და აუხსნა, რომ მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის პატარა და GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე 4 000 დოლარია, მანამდე ჩვენთვის კონკრეტული რეგულაციის მიღება კატასტროფა იქნება. ამიტომ, გადავწიოთ დროში.

შეგიძლია ამ საკითხებზე ესაუბრო და აუხსნა. ევროკავშირი იცვლება… საერთოდ სხვა რაღაცებით დაიწყო და 10-15 წლის შემდეგ, როცა ჩვენ შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არავინ იცის, ევროკავშირის შიგნით ბაზარი რა ტიპის რეგულირების ქვეშ იქნება”, – ამბობს ჯაფარიძე.

შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და დასაქმებულთა ჯანმრთელობა/სიცოცხლის უკეთ დაცვას უკვე წლებია ითხოვენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაიღუპა, 368 ადამიანი კი დაშავდა. საქართველოში მშრომელთა უსაფრხოება რომ სერიოზული რისკის ქვეშაა, ამის შესახებ გავლენიანმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიშიც მოამზადა, სადაც აღწერა, “შრომითი უფლებების არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს მშრომელთა უსაფრთხოებას.”

შრომითი კანონმდებლობის გარდა, ზურაბ ჯაფარიძეს ვკითხეთ, როგორ უნდა ისარგებლოს დღეს საქართველომ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ევროკავშირთან მაშინ, როცა, მაგალითად, მათი ხედვით არ უნდა იყოს ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები ან გარკვეული საკანომდებლო ცვლილებები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რათა ქართველმა ფერმერებმა თუნდაც თაფლი გაყიდონ ევროკავშირში, ჯაფარიძე გვპასუხობს:

”ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ, მაგალითად, თაფლს და ევროკავშირი მათ თხოვს კონკრეტულ სტანდარტებს, მათ შორის, ლაბორატორიულ შემოწმებასაც. შესაბამისად, ვინც აწარმოებენ ამ თაფლს, მათ დადონ ფული და ერთობლივად გააკეთონ ლაბორატორია თუ სხვა რამ, ანუ შეამოწმონ საკუთარი პროდუქტი. მე ან თქვენ რა შუაში ვართ?!”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

“გირჩი” საკუთარ მიღწევებად ნარკოპოლიტიკასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ახალგაზრდების დახმარებას ასახელებს. ზურაბ ჯაფარიძე გვეუბნება, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით პარტიას ყველაზე ლიბერალური მიდგომა აქვს, თუმცა ასევე ამბობს, რომ შემდეგმა პარლამენტმა თუნდაც მარიხუანის რამდენიმე ძირის კულტივაციის დეკრიმინალიზაციას რომ დაუჭიროს მხარი, საკმაოდ რეალისტურია. ასვე შესაძლებლად ეჩვენება ჯაფარიძეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკების გარკვეული დოზის დეკრიმინალიზაციის საკითხიც.

განათლების სისტემა

რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია – “გირჩის” მიდგომები უცვლელია განათლების სისტემის მიმართაც. პარტია სისტემაში ბევრი კერძო სკოლის გაჩენის მომხრეა, რომელებიც ვალდებულები არ იქნებიან, იხელმძღვანელონ სახელმწიფოს მხრიდან წინასწარ განსაზღვრული ერთიანი სასწავლო გეგმით და შეასრულონ ის რეგულაციები, რასაც მათ სახელმწიფო უწესებს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

როგორც პარტიის წევრმა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტან მეგრელიშვილმა გვითხრა, სახელმწიფო თითოეულ ბავშვზე რა თანხასაც ხარჯავს, მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, ამ ფულს რომელ სკოლას მისცემს. მეგრელიშვილის თქმით, ერთ ბავშვზე, საშუალოდ, სახელმწიფო 2 ათას ლარს ხარჯავს, რაშიც შედის ვაუჩერი, სკოლის შენობის შენახვის, მასწავლებელთა გადამზადებისა და სხვა ხარჯები.

მეგრელიშვილის აზრით, უნდა შეიქმნას კერძო და საჯარო სკოლები სახელმწიფო კონტორილისგან დამოუკიდებლად, სადაც დირექტორი თავად გადაწყვეტს, რას და რა ფომით ასწავლის. ანუ სკოლა თავად განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, სასწავლო წიგნებს, საგნებს და ა.შ. ამავე დროს, მეგრელიშვილი უშვებს შესაძლებლობას, რომ სკოლაში სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებმაც ასწავლონ, ანუ ყველამ, ვისაც მასწავლებლობა სურთ.

”მშობელმა და სკოლამ გადაწყვიტოს, ვინ შეიძლება იყოს მასწავლებელი”, – ამ გეგმით, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, “სხვაგვარი სწავლების შესაძლებლობა გაჩნდება”, რაც ახლა არ არსებობს. ამას გარდა, მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები გასაუქმებელია და თავად უმაღლესმა სასწავლებლებლებმა უნდა შეიმუშაონ კრიტერიუმები, რითაც შემდეგ სტუდენტებს მიიღებენ. ამასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებით, “გირჩში” ფიქრობენ, რომ სკოლის დღევანდელი მიზანი ბავშვების გამოცდებისთვის მომზადება აღარ იქნება და უნივერსიტეტებთან ერთად დაიწყებენ ფიქრს, როგორ მოამზადონ ბავშვები არა გამოცდისთვის, არამედ “ რეალური ცხოვრებისთვის”.

მეგრელიშვილს ვკითხეთ, როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, რომ ბავშვებმა განათლება მართლაც მიიღეს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მათ სწავლას მოხმარდა. მეგრელიშვილის თქმით, იმ არგუმენტით, რომ ვიღაცამ ეს ფული უაზროდ არ დახარჯოს, სხვადასხვა უნარის ბავშვებს ერთიანი გეგმის/სასწავლო მეთოდის საშუალებით წლებია სახელმწიფო ათანაბრებს, შედეგად კი დღევანდელ სისტემას ვიღებთ.

“მგონია, რომ მთავარი პრობლემა, რაც თქვენ დაასახელეთ, ეგ არის, რომ იდეით, ვიღაცამ ეს ფული თითქოს უაზროდ არ დახარჯოს, 30 წელი ამას ვაკეთებთ”, – ამბობს მეგრელიშვილი.

კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა ეს თანხა იმისთვის, რომ ამ სკოლებმა ფუნქციონირება შეძლონ, რადგან საჯარო სკოლის შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა, ამ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში კი სკოლებს იჯარის, კომუნალური და სხვა ხარჯები ექნებათ. მეგრელიშვილს ეს კითხვა არარელევანტურად მიაჩნია და ამბობს, რომ შეუძლებელია ამ ეტაპზე შეაფასო, იქნება თუ არა საკმარისი ეს თანხა.

“ახლა არ ვიცით, ამ ბაზარზე რა ხდება. მაგალითად, პურის ბაზარზე ვიცით, რა ხდება, თუმცა განათლების შემთხვევაში არ ვიცით, რა ღირს პროდუქტი, რადგან ეს პროდუქტი ბაზარზე არ გვაქვს”, – მიიჩნევს მეგრელიშვილი.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, რომელთა შორის არის “გირჩი”, ხელი მოაწერა შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, მათი კოალიციურ მმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, აღნიშნული პარტიები თანხმდებიან, რომ სწორედ ამ ძირითადი მიმართულებით შეცვლიან სასამართლო სისტემას.

არჩეული და უცხოელი მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულები, საკადრო ცვლილებები და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტად აღიარება, – ამას ითვალისწინებს ოპოზიციისეული 5-პუნქტიანი გეგმა სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე.

ვრცლად ნახეთ აქ:

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

მასალების გადაბეჭდვის წესი