- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი მიწების უფასო პრივატიზება;
- ბიურკორატიის ზომის შემცირება მესამედით;
- შეღავათები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის;
- პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლეები და მასწავლებლების მიერ არჩეული სკოლის დირექტორები;
- დროებითი მორატორიუმი ჯარში გაწვევაზე და შემდეგ ექვსთვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური, მათ შორის ქალებისთვისაც?
- სამოქალაქო სასროლეთების განვითარება;
- პედაგოგების პროფესიული გადამზადების დაფინანსების გაზრდა;
ეს იმ ხედვების ნაწილია, რომელსაც ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია “მოქალაქეები” ამომრჩევლებს სთავაზობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მოქალაქეების შესახებ
პარტია “მოქალაქეები” 2020 წლის აგვისტოში დააფუძნდა. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, პარტიის ხედვები მეტწილად მემარჯვენე-ცენტრისტულია, რაც მათი გეგმით, სამთავრობო ხარჯების შემცირებაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დიდი ნაწილის პრივატიზებასა და ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაში გამოიხატება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “მოქალაქეებისთვის” პირველია, თუმცა პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2014-2017 წლებში საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო თბილისის საკრებულოში. ამასთან, კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნებშიც, სადაც მეორე ადგილზე გავიდა (17.48%იანი მხარდაჭერით) და კახა კალაძესთან დამარცხდა.
განათლება
პარტია “მოქალაქეების” პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი, რომელსაც “მოქალაქეები” ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისა და მთელი რიგი დარგების განვითარების წინაპირობად მიიჩნევენ – განათლების რეფორმის განხორციელებაა. ამ კუთხით, პარტიაში აქცენტი სასკოლო განათლებაზე აქვთ.
კერძოდ, როგორც “მოქალაქეების” წევრი ქეთი თურაზაშვილი ნეტგაზეთთან განმარტავს, რეფორმა სკოლაში განათლების ხარისხის ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რისი მიღწევის შემთხვევაშიც, მათი ხედვით სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად რეპეტიტორებთან მომზადების საჭიროებას შეამცირებს და ამ გზით განათლებაზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის” (naec) მომზადებული კვლევის მიხედვით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა 82%, რომელიც უმაღლესში ჩაბარებას გეგმავდა, რეპეტიტორთან ემზადებოდა. თუმცა, თუ ოჯახების შემოსავალს გავითვალისწინებთ, ამავე კვლევის მიხედვით, რეპეტიტორთან 700 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან აბიტურიეტნების 87%, 400 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებიდან კი მხოლოდ 36% ემზადებოდა. იგივე მონაცემების მიხედვით, მშობლები ყოველწლიურად შვილების რეპეტიტორებთან მომზადებისთვის მინიმუმ 40 მილიონ ლარს ხარჯავენ, პარტია “მოქალაქეების” გამოთვლით კი, ეს რიცხვი რეალურად ბევრად მეტია.
ქეთი თურაზაშვილის თქმით, აღნიშნული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, მათი გეგმით, რეპეტიტორებზე გაწეული წლიური დანახარჯები განახევრდება. კითხვაზე, როგორ მოხერხდება ეს, თურაზაშვილი “ნეტგაზეთს” პასუხობს, რომ სკოლაში განათლების ხარისხის გასაზრდელად მასწალვებლების პროფესიული გადამზადების პროგრამა უნდა გაფართოვდეს:
“აუცილებელია მასწავლებლების გადამზადება, რომ წაუხალისონ ბავშვებს კრიტიკული კითხვების დასმის უნარი. გვჭირდება გადამზადებული და გაძლიერებული პედაგოგები, უფასო გახანგრძლივებული ჯგუფები. ფასიან გახანგრძლივებულს ეკარგება აზრი, ვისაც საშუალება აქვს, იმას კერძო სკოლაში მიჰყავს [შვილი] და ვისაც არ აქვს – ვერა. აქ გვეჩაგრებიან მარტოხელა და ახალგაზრდა დედები, რომლებსაც საკუთარი განათლება უნდათ განავითარონ, მათაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა”, – ამბობს თურაზაშვილი.
“მოქალაქეების” გეგმით, ამ მიმართულებით გამოყოფილი 11 640 000 ლარი 50 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მიიჩნევენ, რომ აუციელებელია უფასო გახანგრძლივებული პროგრამები ყველა სკოლაში.

კითხვაზე, ხომ არ უფიქრიათ, რამდენად გაზრდის განათლების ხარჯებს აღნიშნული გეგმები და რის ხარჯზე მოხდება ამ თანხების მობილიზება, “მოქალაქეებში” აცხადებენ, რომ განათლების ბიუჯეტი არსებული მოცულობით საკმარისია, თუმცა თანხები არასწორად იხარჯება. შესაბამისად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე ამ კომპონენტის გაძლიერება შესაძლებლად მიაჩნიათ. “ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, თუ რის ხარჯზე გეგმავენ “მოქალაქეები” ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაზეც პასუხად მცირე მთავრობის მოდელს და სსიპ-ებისა და აიპ-ების ნაწილის შემცირებას და ზოგის გაუქმებას ასახელებენ.
გარდა ამისა, პარტიაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება. ქეთი თურაზაშვილი აცხადებს, რომ სკოლის პერსონალი ბავშვებისთვის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებაზე. გამოსავლად კი პარტიაში მიიჩნევენ, რომ სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესშიბგანათლების სამინისტრო არ უნდა ერეოდეს.
მაგრამ რატომ იქნება არჩეული დირექტორი უფრო ნაკლებად მოწყვლადი სისტემის მიმართ, შესაბამისი ზეწოლის შემთხვევაში, თურაზაშვილის არგუმენტები ასეთია:
“დირექტორს მეტი პასუხისმგებლობა ექნება მასწავლებლების მიმართ, მასწავლებლებს კი, მეტი ნდობა. ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორი უფრო ძლიერიც არის. თუ იქნება დამოუკიდებელი დირექტორი, სისტემაც ვერ გაუბედავს საარჩევნო მიზნებით გამოყენებას. ეს არ უნდა იყოს მათი ძირითადი საზრუნავი” ,- ამბობს თურაზაშვილი.
ამჟამინდელი მოდელით, სკოლის დირექტორობის მსურველი განათლების სამინისტროს წარუდგენს დოკუმენტაციას, დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ გადის ტესტირებას, რის შემდეგაც, სამინისტროში გასაუბრებას და ამის შემდეგ წარედგინება მის მიერ მითითებულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად, რომელიც მასწავლებლებისა და მშობლებისგანაა დაკომპლექტებული.
შესაბამისდ, თურაზაშვილს ვკითხეთ, როგორ ხედავენ ამ პროცესს განათლების სამინისტროს ჩართულობის გარეშე და სად უნდა მოხდეს დირექტორობის კანდიდატების გადარჩევა, რაზეც თურაზაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულის მენეჯმენტი სრულიად შესაძლებელია სკოლის დონეზე და ეს ტესტირების კომპონენტს არ გამორიცხავს, რადგანაც სამინისტროს მონიტორის ფუნქცია დარჩება:
“ჩვენ მოდელით დადგენილია პოლიტიკა. არჩევითი დირექტორი, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი მშობელთან. ესაა ვექტორი, რომელიც გააჯანსაღებს სისტემას და სწორი მოტივაციის რელსებზე შეაყენებს. ეს კითხვა კი სუფთა სააღსრულებლო ნაწილია, რომელიც უკვე მოდელზე და პოლიტიკაზე შეჯერების შემდეგ უნდა დადგინდეს უშუალოდ აღმასრულებელთან – სამინისტროსთან ერთად”, – ამბობს თურაზაშვილი.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებით ხედვებს, თურაზაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შეიცვალოს მიდგომა, თუ რის მიხედვით ირჩევენ აბიტურიენტები პროფესიებს და აქცენტი ადგილობრივ ბაზრებზე ისეთი მიმართულებების ხელშეწყობაზე გაკეთდეს, რომლის ნაკლეობაცაა, რათა საჭიროების შემთხვევაში უცხოელი ექსპერტების მოწვევის საჭიროება შემცირდეს და მათი ადგილობრივი კვალიფიციური კადრებით ჩანაცვლება მოხდეს ისეთ დარგებში, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო საქმე და ა.შ. კითხვაზე, რა მოდელით უნდა მოხდეს ამის ხელშეწყობა, თურაზაშვილი პრობლემას კვლავ სასკოლო განათლების ეტაპზე ხედავს. მისი აზრით, აღნიშნულისთვის საჭირო იქნება აბიტურიენტებს სკოლაში მიაწოდონ ინფორმაცია სხვადსხვა პროფესიების შესახებ.
“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, გეგმავენ თუ არა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით უფასო ფაკულტეტების სიის გაფართოებას და რამდენად ეფექტიანად ესახებათ ეს მოდელი, რაზეც პარტიის წევრი ამბობს, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ მშობლები ისედაც მზად არიან განათლებაში ფული გადაიხადონ. შესაბამისად, მისი აზრით, ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას საკუთარი უნარებით და ინტერესებით უნდა იხელმღვანელონ :
“თუ კარგად გაერკვევიან, რომ ამდენნაირი პროფესია არსებობს და ეცოდინებათ, სწორი არჩევანი როგორ გააკეთონ, ამდენი იურისტი არ გვეყოლება ქვეყანაში. იმიტომ კი არ უნდა მივიზიდოთ ადამიანი, რომ ის უფასოა და ფულის გადახდა არ მოუწევს, იმით უნდა მოვიზიდოთ, რომ ეს მისთვის არის საინტერესო და კარგად გამოუვა” ,- ამბობს თურაზაშვილი.
სოფლის მეურნეობა
მეორე პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც “მოქალაქეები” ასახელებენ, სოფლის მეურნეობაა. პირველი რიგის ამოცანა, რომელსაც ამ სფეროს განვითარებისთვის საკვანძოდ მიიჩნევენ, ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო პრივატიზებაა.
რატომ გამოიწვევს ეს ნაბიჯი ბიძგს სოფლის მეურნეობაში? “მოქალაქეების” ლიდერი აცხადებს, რომ იმისათვის, რათა სოფლის მეურნეობა მომგებიან ბიზნესად იქცეს, ფერმერს საშუალოდ 20 ჰექტარი მიწის ფართობი მაინც სჭირდება, საქართველოში კი ამ მოცულობის ნაკვეთებს ისინი არ ფლობენ. მისი თქმით, მათაც, ვისაც 5 ან მეტი ჰექტარი აქვთ, ნაკვეთები გაფანტულია სხვადასხვა ტერიტორიაზე და ყველგან ტრაქტორის ცალ-ცალკე შეყვანა უწევს, რაც მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული და, შესაბამისად, მოყვანილი პროდუქციის თვითღირებულებაც იზრდება.
ელისაშვილი მსოფიო ბანკის მონაცემებს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, სასოფლო სამეურნეო მიწების 75% საქართველოში სახელმწიფოს ეკუთვნის, მათგან 45% კი სახნავ-სათესი სავარგულებია. ჩვენს კითხვაზე, რა მოდელი აქვთ შემუშავებული აღნიშნული მიწების ხალხისთვის გადასაცემად, “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ დისკუსია ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფთან ჰქონდათ, თუმცა სამართლიან მეთოდზე ჯერ ვერ შეჯერდნენ და ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება:
“ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, რა არის ეს სამართლიანი პრინციპი, ჯერ არ ვიცით. ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფთან გვქონდა დისკუსია და რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზეს, თუმდა არცერთი არ მივიჩნიეთ სამართლიანად. რთულია ისეთი ბალანსის პოვნა, რომ ეს არ იყოს მიტაცების წახალისება”, – ამბობს ელისაშვილი.
პრინციპების დონეზე კი აღნიშნავს, რომ მისთვის მისაღებია სახელმწიფო საკუთრებაში მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მიწის ნაკვეთების დატოვება, დანარჩენი ტერიტორიები კი, მისი აზრით, ხალხს უნდა გადაეცეს.
ამ ნაბიჯის შემდეგ, წარმოების ხელშესაწყობად, “მოქალაქეების” გეგმით, სამაცივრო მეურნეობების ბიზნესის წახალისება უნდა მოხდეს, რათა ფერმერებმა შეძლონ პროდუქციის შენახვა და ხელსაყრელ დროს მისი მისაღებ ფასად რეალიზება. ამისთვის, ალეკო ელისაშვილის თქმით, აღნიშნული სფერო 10 წლით ყველანაირი გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.
ელისაშივლი ამბობს, რომ არ ემხრობა მოსავლის სუბსიდირებას სახელმწიფოს მხრიდან და ეს წინასაარჩევნოდ “ხმების ყიდვის” შესაძლებლობაა. პროდუქციის რეალიზების ხელშესაწყობად კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც საკვები პროდუქტების შესყიდვას ახორციელებენ ტენდერებით, მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები შეიძინონ:
“როდესაც დაკონტრაქტებული ექნებათ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს წინსმწრებად სახლემწიფო უწყებები, ისინი თავიანთი ბიზნესის უფრო გრძელვადიან განვითარებაზე იფიქრებენ. აქ ჩვენი გადასახედიდან უნდა შეიქმნას ეროვნული სასურსათო კალათა და აქ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებიც შემოდის, 100%-ით ვართ ხორბლის ექსპორტზე რუსეთზე დამოკიდებული”, – ამბობს ელისაშვილი.

“მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ ქართული პროდუქციის თვითღირებულება მაღალია და უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტები, რომელსაც ტრანსპორტირების და სხვა თანხები ემატება, მაინც უფრო იაფი ღირს, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული გამოწვევებითაა განპირობებული.
კერძოდ, ერთ-ერთი პრობლემა, ელისაშვილის აზრით, მოძველებული სასოფლო- სამეურნეო ტექნიკაა, რომელსაც დიდი დანახარჯები აქვს. ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ ამ სფეროში ჩართული მოქალაქეების დიდი ნაწილი მცირე ოდენობის მიწებს ფლობს და მოგებაზე ვერ გადის. მეორე პრობლემის მოგვარებას მიწების პრივატიზებით ხედავს, რაც შეეხება სასოფლო-სამეურნო ტექნიკის გადაიარაღებას, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გლეხი თანამედროვე ტრაქტორებს და სპეცტექტნიკას საკუთარი ძალებით ვერ შემოიყვანს და აქ წილში სახელმწიფოც უნდა შევიდეს.
“ჩვენთან არის ძველი ტრაქტორების და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ძველი ფონდი და ეს არის ხარჯიანი. სხვებს რომ აქვთ ირანში იაპონური ან ჩინური ტრაქტორი, რომელიც ძალიან ცოტას წვავს, ჩვენთან ტრაქტორი გაცილებით მეტს ხარჯავს საწვავზე, რაც აისახება მოსავლის თვითღირებულებაზე. ამიტომ მიწა უნდა გადავცეთ, და მეორე გეგმა გვაქვს, სახელმწიფო მექანიზაციის ლიზინგის წილში უნდა შევიდეს.
აუცილებლად გვჭირდება თანამედროვე სოფლის მეურნეობის ტექნიკის შემოყვანა, მაგრამ ამას გლეხი ვერ იყიდის”, – ამბობს ელისაშივლი. რა თანხები დაიხაჯრჯება ამ მიმართულებით და საიდან მოვა ეს ფული? – “მოქალაქეების” ლიდერის თქმით, ამ მიმართულებით დეტალური გეგმის წარმოდგენას პარტია მოგვიანებით გეგმავს.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან გეგმებს, ელისაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი სოფლის მეურნეობის მაღალტექნოლოგიურ დარგად ქცევაა. ელისაშვილის აზრით, რეგიონებში, სადაც ესა თუ ის დარგია წამყვანი, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა საკმარისი იქნება ადგილობრივი ახალგაზრდების წასახალისებლად, რომლებიც ისედაც ამ საქმეში არიან ჩართულნი, მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობაში კვალიფიციური ცოდნა მიიღონ, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკა
პარტია “მოქალაქეები” იზიარებს ოპოზიციის დიდი ნაწილის მოსაზრებას, რომ სამთავრობო ხარჯების შემცირება აუცილებელია. საუბარია ფულზე, რომელსაც სამთავრობო და ადმინისტრაციული ორგანოები ხარჯავენ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
სახელმწიფო ხარჯები მშპ-სთან მიმართებით ამჟამად არის 28.8%, რაც OECD-ის ქვეყნებთან შედარებით ისედაც დაბალი რიცხვია. კერძოდ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) 2018 წლის მონაცემების თანახმად, OECD-ის ქვეყნებში მთავრობის ზომის მშპ-სთან შეფარდება საშუალოდ 41%-ია (ყველაზე მაღალი საფრანგეთში – 55%, ყველაზე დაბალი — 25% ირლანდიაში). შესაბამისად, ჩნდება კითხვა, არის თუ არა დამოკიდებული სახელმწიფო ბიუროკრატიის ეფექტურობა მის ზომასა და ჯამურად დახარჯულ თანხაზე?
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და მთავრობამ ამდენი ხარჯი არ უნდა გასწიოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მისი თქმით, უამრავი სსიპ ფინანსდება, სადაც “შტატები ხელოვნურადაა გაბერილი.”
“მოქალაქეების” გეგმის მიხედვით, სახელმწიფო ხარჯები მშპ-სთან მიმართებით 28.8%-დან 18%-მდე უნდა შემცირდეს, ანუ- თითქმის მესამედით. დღეისათვის საქართველოში სახელმწიფო ასაქმებს 300 000-მდე ადამიანს, რაც უხეში დათვლით სახელმწიფო სექტორში, სავარაუდოდ, დაახლოებით 100 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს.
კითხვაზე, როგორ მოხდება იმ ადამიანებისთვის დასაქმების გარანტიების შექმნა, რომელთა შტატებიც გაუქმდება მთავრობის ზომის შემცირების პროპორციულად, იოსელიანი ამბობს, რომ მათი დიდი ნაწილი კერძო სექტორში გადაინაცვლებს. “ნეტგაზეთმა” იოსელიანს ჰკითხა, ეს მისი პოზიტიური მოლოდინია თუ კონკრეტული გეგმები აქვთ დასაქმების ხელშეწყობისთვის? რაზეც პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისთვის საშეღავათო პირობების დაწესებას გეგმავენ.
კერძოდ, მისი თქმით, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც 300 000 ლარს არ აღემატება:
“ჩვენი პროგრამით აუცილებელია გაიზარდოს დღგ-ის ბრუნვის ოდენობა ჯერ მარტო იმიტომ, რომ როდესაც ეს დათქმა გაკეთდა, მაშინ კურსი დოლართან მიმართებით იყო სხვა, თუ 300 000-მდე გაიზრდება, იმ ნიშნულს დაუბრუნდება, როდესაც ეს დათქმა საგადასახადო კოდექსში გაკეთდა. ეს გამოიწვევს იმას, რომ ეს ადამიანები დაიწყებენ (აქ საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე) თამამდ ნაბიჯების გადადგმას”, – ამბობს იოსელიანი.
საქართველოს ბიუჯეტში დამატებთი ღირებულების გადასახადი გადასახადებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დღგ-ის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომელსაც 100 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე ბიზნესები ექვემდებარებიან, თითქმის 4 მილიარდი ლარია. “მოქალაქეებს” ამ ლიმიტის 300 000 ლარამდე აწევა უნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღგ-ის გადასახადს უფრო ცოტა ბიზნესი გადაიხდის, ვიდრე დღეს.
შესაბამისად, იოსელიანს ვკითხეთ, როგორ მოხდება აღნიშნული დანაკლისის ჩანაცვლება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, რაზეც იოსელიანმა გვითხრა, რომ თუ სექტორის განვითარება გვინდა, ეს ნაბიჯი აუცილებელია. მისი თქმით, ეონომიკის გაზრდა მარტო გადასახადების გაზრდა არაა და მთავარია ადამიანების დასაქმების წყაროები შეიქმნას, რის შედეგადაც, დასაქმებული მოქალაქეები ფულს კვლავ ეკონომიკაში ჩააბრუნებენ. ამასთან, “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დაბეგვრისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს ბიზნესი, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებზე იმუშავებს.
“მოქალაქეები” მიიჩნევენ, რომ ეს ის სფეროა, სადაც ადამიანი საკუთარი ნიჭით და პირადი რისკების საფუძველზე ქმნის ქვეყნისთვის დოვლათს და ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა ამ მიმართულებით რეგიონში ერთგვარ ჰაბად იქცეს.
იოსელიანის თქმით, მათი მთავარი მიზანი ამ რეფორმის განხორციელებისას იქნება ადამიანების დასაქმება, რომელთა მიღებული შემოსავალიც კვლავ ქართულ ეკონომიკაში ჩაბრუნდება:
“აქ მთავარი არის, რომ ამან უნდა გამოიწვიოს ადამიანების დასაქმება და, შესაბამისად, როცა ადამიანებს დაასაქმებენ, ფული, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აიღებს, მოახმარს ოჯახს, წავა მაღაზიაში, ეს თანხა ხომ ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩატრიალდება?!ეკონომიკის გაზრდა მარტო მოგების გადასახადთან ხომ არ არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ბიზნესის ეს სექტორი განვითარდეს, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე სრულად უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან. მაშინ, როდესაც დავინახავთ, რომ ამ სფეროს აქვს სტაბილურად განვითარების რესურსი, შესაძლოა, ვიმსჯელოთ დაბეგრვაზე”, – ამბობს იოსელიანი.
“მოქალაქეები” ემხრობიან კულტურული ძეგლების პრივატიზებას. როგორც ლევან იოსელიანმა “ნეტგაზეთთან” განმარტა, საუბარია მრავალსაუკუნოვან ციხესიმაგრეებზე, რომლებიც ამჟამად ყურადღების გარეშეა დარჩენილი, შესაბამისი პირობებით პრივატიზების შემთხვევაშიი კი მათი ტურისტულ ობიექტებად ქცევაა შესაძლებელი.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ დააზღვევდა ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება აღნიშნული ძეგლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას, რაზეც იოსელიანმა გვითხრა, რომ პრივატიზება მკაცრი პირობებითა და კონსერვაცია-რესტავრაციის ვალდებულებით უნდა მოხდეს.

კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში, როცა ინვესტორს ამდენი ხარჯის გაწევა და პასუხსიმგებლობის აღება მოუწევს, ინტერესი რატომ ექნება, მსგავს პროექტში ფული ჩადოს, იოსელინი აცხადებს, რომ ეს მართლაც სპეციფიკური მიმართულებაა, დიდ ინვესტიციას მოითხოვს და უკუგების პერიოდიც ხანგრძლივი აქვს, მაგრამ თუ დაინტერესებული ინვესტორი გამოჩნდება, მას ძეგლი სიმბოლურ ფასად, რესტავრაცია-კონსერვაციის ვალდებულებით საკუთრებაში გადაეცეს:
“ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში, როდესაც ძველი ციხეები ხდება კერძო საკუთრება, გარკვეული პირობებით რომ მოხდება რესტავრაცია იერსახის შენარჩუნება, მაგრამ სამაგიეროდ ეს არის ექსკლუზიური ადგილები, სადაც ფასიც სხვაა, მომსახურებაც სხვაა და ,შესაბამსიად, ტურისტისთვის ეს არის პრემიუმკლასის რესტორნები და სასტუმროები, რომელიც ისედაც ინგრევა და სახელმწიფო ფულს ხარჯავს მის რესტავრაციაში. ვარემონტებთ, გავა 10 წელი, ისევ სარემონტოა ამიტომ ვემხრობით მოხდეს ასეთი ძეგლების პრივატიზება ძალიან მკაცრი პირობებით. ჩვენი ხედვა არის, რომ ვინც ამ პირობებს დააკმაყოფილებს და ინვესტიციას ჩადებს ამაში, სიმბოლურ ფასად უნდა მოხდეს გადაცემა”, – ამბობს იოსელიანი.
კითხვაზე, მაგალითის საფუძველზე რომელი ძეგლი შეიძლება მოხვდეს პრივატიზაციის ამ პროგრამაში, იოსელიანი კონკრეტიკის გარეშე პასუხობს, რომ ლაპარაკია, მაგალითად, ისეთ ციხესიმაგრეზე, რომლის არსებობა შეიძლება მოქალაქეებმა არც იცოდნენ.
ჯანდაცვა
“მოქალაქეების” აზრით, უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული საავადმყოფოების პრივატიზება, გარდა საუნივერსიტეტო კლინიკებისა. ლევან იოსელიანის თქმით, “მოქალაქეები” ხელმძღვანელობენ მიდგომით, რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია და მიიჩნევენ, რომ ამაზე მეტყველებს თბილისის ინფექციურ, ბავშვთა ინფექციურ, ონკოლოგიურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლმები.
ლევან იოსელიანის აზრით, კერძო სექტორი ამ მხრივ უფრო გააუმჯობესებს სერვისის ხარისხს. “ნეტგაზეთმა” “მოქალაქეების” ლიდერს ჰკითხა, ხომ არ ხედავს რისკებს, რომ მხოლოდ კერძო სექტორზე დამოკიდებულებით სახელმწიფოს შესაძლოა ჯანდაცვის სერვისებზე გასაწევი ხაარჯები გაეზარდოს და მაგალითად დავუსახელეთ კოვიდპანდემიის პირობებში შექმნილი მდგომარეობა.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული პროფილის კლინიკების სახელმწიფოს საკუთრებაში არყოფნა არც კოვიდპანდემიის მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შექმნის პრობლემებს და არც სერვისებზე გაწეულ ხარჯს გაზრდის, რამდენადაც ფიქრობს, რომ ჯანდაცვა მკაცრი რეგულირების სფეროა და თუ სახელმწიფოს ამგვარი ხარჯების გაწევა მოუწევს, მათი ოდენობა არც კერძო კლინიკების შემთხვევაში გაიზრდება, რადგან სახელმწიფოს აქვს მექანიზმი, განსაზღვროს კლინიკებისაგან მისაღები მომსახურების ფასები.
“მოქალაქეებისთვის” მისაღებია საყოველთაო ჯანდაცვის არსებული მოდელი. რომლითაც მიზნობრივი ჯგუფები სარგებლობენ. როგორც ცნობილია, 2017 წლის პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს, რომელსაც წელიწადში 40 000 ლარის და მეტის შემოსავალი არ აქვს, სხვადასხვა დაზღვევის სხვადასხვა პაკეტი ეკუთვნის. პაკეტი დიფერენცირებულია შემოსავლის მიხედვით.
“მოქალაქეებს” არსებული წესისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ სოციალური პროგრამების მიამრთულებით. ისინი ფიქრობენ, რომ ოჯახს, რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე სოციალურად დაუცველთა ბაზაში იქნება რეგისტრირებული, სოციალური შემწეობა 4-5 წლის ვადით უნდა ენიშნებოდეს, რაც ერთი საარჩევნო ვადაა და ამ ხნის განმავლობაში თუ მისი მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუმჯობესდა, გადახედვას არ უნდა ექვემდებარებოდეს, რათა ეს საკითხი საარჩევნო მანიპულირების სფეროდ არ გადაიქცეს.
იოსელიანის განმარტებით, ამ ხნის განამვლობაში სოციალური დახმარების გადახედვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიძლებოდეს, თუ პირს შემოსავალი დაუფიქსირდება და საშეომსავლო გადასახადს დაექვემდებარება.
თავდაცვა/უსაფრთხოება
პარტია “მოქალაქეები“ მიიჩნევენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევაზე დროებით მორატორიუმი უნდა გამოხადდეს, ცვლილებები განხორციელდეს და ამის შემდეგ ახალი მოდელით გაგრძელდეს.
კერძოდ, ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი ხედვით, ექვსთვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ყველა ახალგაზრდისთვის სავალდებულო უნდა იყოს, მათ შორის, ქალებისთვისაც.
მორატორიუმის პერიოდში კი უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა, შემუშავდეს სასწავლო გეგმა, შეირჩნენ ოფიცრები, ვინც წვევამდელებს მოამზადებს. ამასთან, ელისაშვილის აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახური საბრძოლო მომზადებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ახალგაზრდების სხვადასხვა უწყებებში დარაჯად გამოყენებაზე.
აღნიშნულის არგუმენტად ელისაშვილი ოკუპაციას და მოცემულობას ასახელებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მისი თქმით, ქართლის სოფლებში ყოველდღიური საფრთხეა და ამგვარი მოდელი რესურსების გამოყენების ოპტიმალური ვარიანტია.
“ნეტგაზეთმა” ელისაშვილს ჰკითხა, რაიმე გარანტიებს თუ შეუქმნიდა ახალგაზრდებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდოდნენ, მაგალითად, სამსახურის შენარჩუნებისთვის, რაზეც “მოქალაქეების” ლიდერი აცხადებს, რომ სამშობლოს დაცვის ინტერესი უპირატესია:
“მე მიმაჩნია, რომ სამშობლო, მით უმეტეს, როგორიც ჩვენ გვაქვს, რომელიც რეალურ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, უბრალოდ, ვიღაცას ამჟამად ტანკი აქვს გამორთული, ასეთ ქვეყანაში საკუთარი სამშობლოსთვის ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიღოს თავისი ცხოვრების 6 თვე და ჰქონდეს ის საბრძოლო უნარები, რომელიც საჭიროა, პირველადი დახმარებიდან დაწყებული, ჩასაფრებით და იარაღის გამოყენების ცოდნით დამთავრებული”, – აცხადებს ელისაშვილი.
ამასთან, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შერეული სისტემის ჯარი სჭირდება, სადაც მოხალისეობრივი კომპონენტი იქნება გაძლიერებული და საჭიროების შემთხვევაში, ისინი საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით, იმ პერიმეტრებს დაიცავენ წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, რომელიც მათთვის კარგადაა ცნობილი.
კიდე ვერთი საკითხი, რომელზეც ალეკო ელისაშვილი ყურადღებას ამახვილებს, ქვეყანაში მსროლელთა კლუბების შექმნაა. მისი თქმით, დღესდღეობით ადამიანები ისე ყიდულობენ იარაღს, მათი უსაფრთხო შენახვა და მოხმარება არ იციან. ამასთან, საქართველოში არ არის არცერთი სამოქალაქო სასროლელთი, სადაც შეძენილი იარაღის გამოყენებაა შესაძლებელი.
“ნეტგაზეთმა” პარტიის ლიდერს ჰკითხა, რა საჭიროა ეს ყველაფერი და ხომ არ გაზრდიდა აღნიშნული ინიციატივა იარაღთან დაკავშირებულ საფრთხეებს ქვეყანაში, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არა და გეგმის ეს კომპონენტი შეამცირებს კიდეც რიკებს, რადგანაც გაიზრდება ცოდნა მის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც ლეგალურად ფლობენ იარაღს, ხშირ შემთხვევაში არ იციან მისი უსაფრთხოდ მოხმარება, რადგან სამოქალაქო სასროლეთები არ არსებობს.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ზოგდად იზრდება თუ არა თავდაცვის ბიუჯეტი მათ ხედვების განხორციელების შემთხვევაში, რამდენით და როგორ მოხდება ამ თანხის მოძიება, ელისაშილი ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც წლებია ნატოს სტანდარტებიდან გამომდინარე მთლიანი მშპ-ის დაახლოებით 2%-ის ფარგლებში მერყეობს ხოლმე, მისი აზრით, ზოგადად, უნდა გაიზარდოს, თუმცა არსებული დაფინანსების სწორად გამოყენების ფარგლებშიც შესაძლებელია ამ ცვლილებების განხორციელება.

კერძოდ, ელისაშვილი ამბობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯები ამ სფეროშიც დიდია. მაგალითად, ის ვერ ხედავს სამივე სტრუქტურის: გენერალური შტაბის, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის არსებობის საჭიროებას. მისი თქმით, თავდაცვის უწყებაში შტატები გაბერილია და პირველი რიგის ამოცანა მათი შემცირება უნდა იყოს.
რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას,უსაფრთხოების საკითხებში, ელისაშვილი საქართველოს პარტნიორებად ნატოს და აშშ-ს მოიაზრებს და მიიჩნევს, რომ საქართვლომ უნდა იმუშაოს საკუთარ ტერიტორიაზე მათი ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის, საკუთარი სტრატეგიული მოკავშირეების ტერიტორიაზე. მაგალითად, ნატოს წევრ სახელმწიფოებში. როგორც წესი, სამხედრო ბაზის გახსნა ორმხრივი შეთანხმების შედეგია, რასაც წინ უსწრებს ორმხრივი მოლაპარაკებები, რა დროსაც დგინდება სამხედრო ბაზის ტიპის, ბაზის კონტიგენტის რიცხვის და ბაზის მუშაობის ვადის დეტალები, თუმცა აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შესაძლოა გავიდეს მთელი რიგი რეგიონებიდან, მათ შორის სირიიდან და ნატოს წევრი გერმანიიდან.
“ნეტგაზეთმა” ელისაშვილს ჰკითხა, რამდენად რეალისტურია საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნა იმ ფონზე, როცა აშშ-ს არასოდეს გამოუთქვამს ინტერესი კავკასიაში ბაზების განთავსებაზე, რაზეც “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ თუ საქართველომ თავისი პოზიცია არ დააფიქსირა, მეორე მხარე აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაზე არ იფიქრებს.
მართლმსაჯულება
პარტია “მოქალაქეები” უერთდება ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად იზრდება ნაფიცი მსაჯულების როლი, რომლებიც რეფორმის ბოლო ეტაპზე განიხილავენ ყველა საქმეს, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობასა და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას.
“ნეტგაზეთმა” მოქალაქეების ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს ჰკითხა მოსამართლეთა პირდაპირი წესით არჩევის თანმხლებ რისკებზე, რომლებსაც ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ასახელებენ, მაგალითად, საიდან უნდა დაფინანსდეს ამა თუ იმ მოსამართლეობის კანდიდატის საარჩევნო კამპანია ისე, რომ დამფინანსებლის მიმართ ანგარიშვალდებული არ იყოს მოსამართლე, რაზეც იოსელიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეებს კამპანიისთვის ბილბორდები და მსგავსი სარეკლამო კამპანია არ დასჭირდებათ, ვინაიდან, მისი აზრით, საკუთარ რეგიონში ვინ არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იურისტი, საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. რაც შეეხება აღნიშნული პორცესისთვის საჭირო დანარჩენ თანხებს, მისი თქმით, ეს კომპონენტი სასამართლოებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაში უნდა იქნეს გათვალისიწნებული.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით წინა ხელისუფლებების რეფორმების კრახის გამო, მოქალაქეებს სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ და ამ ნდობას ვეღარ გამოიწვევს სხვაგვარად შერჩეული კადრი.
რაც შეეხება ადმინისტრაიცული რესურსის გამოყენების რისკებს, რომელიც ყველა არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოსამართლეების არჩევის პროცესში, რათა ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა საკუთარი ინტერესების გამტარებელი მოსამართლეები არ გაიყვანოს, იოსელიანი ამბობს, რომ ახლა გაცილებით უარესი სიტუაციაა, პირდაპირ ნიშნავენ სასურველ კადრებს და პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში კეთილსინდისიერ კადრს მეტი შესაძლებლობა ექნება, მის უნარებში დაარწმუნოს ამომრჩეველი.

ამასთან, იოსელიანს ვკითხეთ, რატომ მიიჩნევს, რომ ეფექტური იქნება უცხოელი მოსამართლეების საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში განწესება, როცა პროკურატურაში არის უცხოელი ექსპერტთა ჯგუფი, თუმცა, NGO-ების შეფასებით, მას პროკურატურის გამჭვირვალობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რაზეც “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ ვინაიდან ის საკონსულტაციო ჯგუფია, მოსამართლე კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, სასამართლოს შემთხვევაში ეს მოდელი ეფექტიანი იქნება.
რაც შეეხება თავად პროკურატურას, იოსელიანი მიიჩნევს, რომ საპროკურორო საბჭო, რომელიც გენერალური პროკურორობის კანდიდატს არჩევს და პარლამენტს წარუდგენს, ფიქციაა:
საპროკურორო საბჭო არის ფიქცია, იქ ხმების უმრავლესობა არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული და ორჯერ აირჩიეს შოთაძე. ამიტომ, მე ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა არსებობდეს საპროკურორო საბჭო”, – ამბობს იოსელიანი.
მისი თქმით, თუ ხელსუფლებაში მოსული პარტია პასიხისმგებლობას იღებს მართლმსაჯულებაზე, მას უნდა შეეძლოს მთავარი პროკურორის დანიშვნა, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტში ძალთა ბალანსია განაწილებული, სასამართლო კი, დამოუკიდებელი. შესაბამისად, იოსელიანი აკონკრეტებს, რომ გენერალური პროკურორის ამგვარი წესით დანიშვნას მხოლოდ კოალიციური მთავრობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პირობებში უჭერს მხარს.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის პირობებში ის არ აძლევს პროკურატურას საშუალებას, საქმე მიკერძოებულად აწარმოოს, გამოძიებას კი არ აძლევს საშუალებას, მტკიცებულებების გარეშე გადასცეს საქმე სასამართლოს. “მოქალაქეების” აზრით, სწორედ სასამართლო უწესებს სტანდარტს შსს-ს და პროკრუატურას, ამას კი ემატება ძალთა ბალანსი პარლამენტში, რაც მათი აზრით, არის საფუძველი, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო და პროკურატურა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი.
ამავე თემაზე