ახალი ამბები

რას ჰპირდება “ლელო” ამომრჩეველს | არჩევნები 2020

27 ოქტომბერი, 2020 • 1460
რას ჰპირდება “ლელო” ამომრჩეველს | არჩევნები 2020

საბანკო სისტემის რეფორმა და სესხების გაიაფება, დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, 3000-ლარიანი ხელფასი, ანაკლიის პორტისა და სხვა მეგაპროექტების დასრულება, 6-მილიარდიანი ფონდები ბიზნესისთვის და არცერთი სოციალურად დაუცველი – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დაპირებისა, რომელიც “ლელომ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გასცა.

“ლელომ” საარჩევნო პროგრამის სახით შეიმუშავა “მარშალის გეგმა” – საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის დასახელება იდენტურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილი “მარშალის გეგმისა”.

ამ გეგმის მიზანი 1940-იანი წლების მიწურულს, მეორე მსოფლიო ომისგან დაზარალებული ევროპის სწრაფი რეკონსტრუქცია იყო, რასაც მაშინ ევროპაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოჰყვა.

მოკლედ „ლელოს“ შესახებ

“ლელო” მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა, რომელიც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის სექტემბერში შექმნეს. მას შემდეგ „ლელოს“ პერიოდულად მართავდა 12-12 ახალი წევრის წარდგენას. მაშინ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ “ლელოს” ექნება ჰორიზონტალური სტრუქტურა” და ყველა სფეროში მოძებნის 12 ლიდერს, 12 რეფორმატორს.

“ლელოს” თავმჯდომარე და პრემიერობის კანდიდატი თავად მამუკა ხაზარაძეა, პოლიტიკური საბჭოს თავმდჯომარე- დავით უსუფაშვილი, რომელიც 2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა როგორც კოალიცია “ქართული ოცნება”, ისე “რესპუბლიკური პარტია. “ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეა.

ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილ მრჩევლებს, მათ შორის, ანა ნაცვლიშვილს, კახა კოჯორიძესა და ფიქრია ჩიხრაძეს. სამივე მათგანი “ლელოს” ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებად დაასახელეს, ამ კაბინეტის სია კი შეგიძლიათ სრულად ნახოთ აქ.

“ლელოს” დაფუძნებას წინ უძღოდა 2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, ასევე, პრობლემები ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რომელიც სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფუძნებულ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უნდა აეშენებინა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებოდათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული საქმე ეხება 2007 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი.

ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მათი აზრით, ხელისუფლების მიზანი იყო, ამ გზით ხელი შეეშალათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, რომელსაც ხაზარაძის დაფუძნებული “ანაკლიის განვთარების კონსორციუმი” აშენებდა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ კონსორციუმს პორტის მშენებლობის ხელშეკრულება გაუუქმა და მშენებლობაც შეჩერდა. ამის საფუძვლად ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის პირობების დარღვევა დაასახელა, რასაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” არ ეთანხმება.

ხაზარიძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა სასამართლოში ამ დროისათვის შეჩერებულია. დაყადაღებული რჩება ორივე პოლიტიკოსის პირადი ქონება და ანგარიშები.

რაც შეეხება “ლელოს” დაფინანსებას, 2020 წლის 13 ოქტომბრამდე პარტია 4.8 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. პარტიის ძირითადი შემომწირველები ფიზიკური პირები არიან.

200 ათასი სამუშაო ადგილი და ხელფასი 3 ათასი ლარი

“ლელო” მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მათი არჩევის შემთხვევაში, 600 ათასს გადააჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ხელფასი, მინიმუმ, 3 ათასი ლარი იქნება.

ნეტგაზეთმა “ლელოს” სპიკერსა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ანა ნაცვლიშვილს ჰკითხა, რატომ მაინცდამაინც 3-ათასლარიანი ხელფასი და რა რეალურ მაჩვენებლებს ეფუძნება ეს განაცხადი.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, დღეს საქართველოში დასაქმებულთა მხოლოდ 3% აქვს 3 ათასი ლარი, ან ამაზე მეტი ხელფასი, „ლელო“ კი გეგმავს, რომ ადამიანთა ეს რაოდენობა გაათმაგოს.

“ჩვენ ვთქვით, რომ ამას გავაათმაგებთ. ეს არის ის რიცხვები, რომელიც ჩვენ პოლიტიკურად დავისახეთ“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

რეალურად, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს ხელფასი 3 ათასი ლარის ოდენობით. დასაქმებულთა სტატისტიკას შემოსავლების მიხედვით სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აწარმოებს. აღნიშნული უწყება ითვლის საშუალო ხელფასს, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 1 150 ლარია. საქსტატი აღნიშნულის გამოსათვლელად იყენებს საშუალო არითმეტიკულ მეთოდს, რომელიც ხშირად გამხდარა კრიტიკის სამიზნე, რადგან, პროფესიონალთა აზრით, ის ვერ უზრუნველყოფს რეალური სურათის ჩვენებას.

საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის არც შემოსავლების სამსახურის სრული სტატისტიკა. BM.GE-ის მიერ აღნიშნილი უწყებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წელს დეკლარირებული შემოსავალი ჰქონდა 1 130 000 ადამიანს. 5 000 ლარზე მეტი შემოსავალი ამ ადამიანთა მხოლოდ 0.57%-ს აქვს, 2 500 – 3 333 ლარს კი იღებს 28 428 მოქალაქე, რაც დეკლარირებული შემოსავლის მქონეთა მხოლოდ 2.5%-ს შეადგენს. უხეში დათვლით, ეს მოსახლეობის 0.8%-ია.

საქართველოს 574 000-ზე მეტ მოქალაქეს (მოსახლეობის საერთო რაოდენობის 15.5% და დეკლარირებული შემოსავლის მქონეთა 51%) კი ამ წელს 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი დაუფიქსირდა. ამ სტატისტიკაში მნიშვნელოვანია ის ნაწილიც, რომ შემოსავლები აუცილებლად ხელფასს არ ნიშნავს (ნეტგაზეთმა ვრცელი, უახლესი მონაცემების გამოთხოვნით ოფიციალური თხოვნით უკვე მიმართა უწყებას).

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4% იყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, რომელსაც NDI რეგულარულად აქვეყნებს, უკვე წლებია, აღნიშნული საკითხი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

უმუშევრობის დაძლევის გეგმა აქვს “ლელოს” – წელიწადში 50 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც 4 წლის განმავლობაში 200 ათასს ახალ დასაქმებულს უტოლდება. უმუშევრობის დაძლევის “ლელოსეული” ხედვა სხვა პარტიებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება:

“უმუშევრობის დაძლევაში ლომის წვლილი კერძო სექტორმა უნდა იკისროს, მას კი, თავის მხრივ, სახელმწიფო დაეხმარება”, – უთხრა “ლელოს” პრესსპიკერმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა ნეტგაზეთს. მისივე აზრით, უმუშევრობის დაძლევასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა, რადგან, როგორც ის ამბობს:

“დღეს ადამიანების უმრავლესობა საქართველოში იღებს არა ხელფასს, როგორც შრომის ანაზღაურებას, არამედ თანხას, რომელიც უფრო ჰგავს დანახარჯის ანაზღაურებას – იმ თანხას, რომელიც ტრანსპორტსა და დღიურ კვებაში იხდის. ქართული ხელფასების დიდი ნაწილი სწორედ ასეთია”.

რაც შეეხება უმუშევრობის დაძლევას, “ლელოს” აზრით, ეს ეკონომიკისა და კონკრეტული ბიზნესის სტიმულირებით უნდა მოხდეს.

“აქცენტს ბიზნესზე ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი კონცეფცია არის სამუშაო ადგილების შექმნა არა საბიუჯეტო შტატების გაბერვით, არამედ, კერძო სექტორში დასაქმებით. სწორედ ამიტომ, კერძო სექტორს სჭირდება განჭვრეტადი გარემო”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

განჭვრეტად გარემოს კი ბიზნესისთვის, “ლელოს” ხედვით, სხვადასხვა ფონდები უზრუნველყოფენ, რომლის დაფუძნებასაც პარტია გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

როგორც “ლელოს” წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, არსებობს სამი ძირითადი პრობლემა, რაც ბიზნესს — მათ შორის განსაკუთრებით მცირესა და საშუალოს — აწუხებს:

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა:

  • “ლელოს” ხედვით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა, შეიქმნას ძლიერი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომელიც ჯანსაღი ბიზნესების შემთხვევაში, — „და იმას, ჯანსაღია თუ არა ბიზნესი, გადაწყვეტს ბანკი და არა სახელმწიფო ჩინოვნიკი“, — გარანტიების გარკვეულ ნაწილს აიღებს საკუთარ თავზე. ამავე დროს, ბანკების პორტფელში ძალიან შეზღუდული უნდა იყოს „გაფუჭებული სესხების“ წილი, ვინაიდან არ გასცენ ზედმეტად რისკიანი სესხები. ამ ფონდში 3 მილიარდი ლარი იქნება მობილიზებული;
  • ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) უნდა შეიქმნას საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესებში და ეს იქნება საბანკო სესხის ალტერნატივა;
  • უნდა შეიქმნას ₾1-მილიარდიანი ფონდი, რომელიც მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებში განახორციელებს ინვესტიციას;
  • მიქაუტაძის თანახმად, პარტიის დაპირებით, ყველა ეს ფონდი მართული იქნება „საერთაშორისო მენეჯმენტის მიერ, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკი“ და ყველა ამ ფონდში ფინანსური რესურსი მოზიდული იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან — გრანტების, სესხების და ა.შ. სახით; “ლელო” ამ ფონდებისთვის, ჯამში, 6 მილიარდი ლარის მობილიზების დაპირებას იძლევა. დაფინანსების ერთ-ერთი წყარო კი, შესაძლოა, საპენსიო ფონდიც იყოს, სადაც, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 1 მილიარდ ლარზე მეტია მობილიზებული.

მუშახელის კვალიფიკაცია:

  • მიქაუტაძის თქმით, ინვესტორები ხშირად ასახელებენ ამ პრობლემას — რომ ჩამოდიან საქართველოში და მუშახელს ვერ შოულობენ. ამიტომ , მისი თქმით, დაბალი საშემოსავლო გადასახადი საკმარისი პირობა არ იქნება, თუკი მას „მოუწია უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა და ორჯერ მეტის გადახდა“;
  • “ამიტომ ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ ბაზარი, ვნახოთ, თუ რა პროფესიებზეა დეფიციტი. განსაკუთრებით გავაძლიეროთ პროფესიული განათლება იმ ნაწილში, რაც ბიზნესს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება, ან ხვალ შეიძლება დასჭირდეს”;
  • საამისოდ პარტია გეგმავს სამი მსხვილი პროფესიული განათლების ცენტრის შექმნას, რომელიც „ორიენტირებული იქნება თანამედროვე კვალიფიკაციის მუშახელის მიწოდებაზე ბაზარზე“;

ინფრასტრუქტურა:

  • როგორც “ლელო” აცხადებს, ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევიდან 4 წლისთავზე პარტია შეასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს: ყველა საკვანძო წერტილს ავტობანით დააკავშირებს, ააშენებს ანაკლიის პორტს, მოხდება ქვეყნის სრული მაღალი ხარისხის ინტერნეტიზაცია და ყველა ქალაქში მოწესრიგდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემების პრობლემა.

“ლელოს” პროგრამაში ასევე არის დაპირება საფონდო ბირჟის შექმნის შესახებ. პარტიის ხედვით, საპენსიო ფონდის თანხების ნაწილის რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება იგეგმება და ამ გზით, საქართველოს მოქალაქეები “გახდებიან კომპანიის თანამესაკუთრეები”. გარდა ამისა, “ლელო” გეგმავს სახელმწიფო კომპანიების პრივატიზებას სწორედ საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების გზით. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან, ბირჟაზე განათავსონ თავიანთი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი.

ჩვენ ანა ნაცვლიშვილს ვკითხეთ, სამუშაო ადგილების შექმნის დაპირების პარალელურად, როგორ წარმოუდგენია პარტიას დასაქმებულთა უფლებების დაცვა. მისი განმარტებით, დასაქმებულთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იქნება “დასავლური შრომის კულტურის დანერგვა, სადაც დასაქმებული მთავარი ღირებულებაა”. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სწორედ დასავლური კომპანიების შემოსვლა შეუწყობს ხელს მსგასვი შრომის კულტურის დანერგვას.

თუმცა, აღნიშნული რომ დასაქმებულთა უფლებების ცალსახად დაცვას არ გულისხმობს, ამას საქართველოში არსებული პრაქტიკაც მოწმობს. მაგალითად, ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია “სპარი” არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, მათ შორის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან შრომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო. დასაქმებულთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის გამო კი შრომის ინსპექციას პროფკავშირებმაც მოუწოდა აღნიშული კომპანიის შემოწმებისკენ.

სწორედ ამ მაკონტროლებელი ორგანოს ეფექტიანი მექანიზმის აუცილებლობაზეც საუბრობს ანა ნაცვლიშვილი.

“სახელმწიფო და კერძო სექტორის ინტერესშიც არის, რომ თქვენი მუშა რაც უფრო კარგად არის აღჭურვილი, კარგად იკვებება და ნორმალური სამუშაო პირობები აქვს, ისევ მის შრომის პროდუქტიულობაზე, ანუ ბიზნესის წარმატებულობაზე აისახება პირდაპირ”, – მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამსახურს თანხმდებიან, სამუშაო ადგილების არარსებობაა.

საყოველთაო ჯანდაცვა, კერძო სადაზღვეოების ჩართულობით – „ლელოს“ ხედვა

“მარშალის გეგმის” მიხედვით, ჯანდაცვის მიმართულებით “ლელოს” რამდენიმე მიზანი აქვს დასახული, მაგრამ ანა ნაცვლიშვილი მათგან გამოყოფს ორ ძირეულ დაპირებას, რაც, მისივე აზრით, “ლელოს” სხვა პარტიების განასხვავებთ.
ეს არის:

  • წამლების გაიაფება და მონოპოლიზაციასთან ბრძოლა

ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტში შესვლისთანავე ყველაზე სწრაფი და მოკლევადიანი გეგმა მათი მხრიდან იქნება ფარმაცევტულ ბაზარზე რეფორმის დაწყება. კერძოდ:

“არაჯანსაღ სისტემას, რომლის გამოც წამლის ფასი ასეთი გაბუქებულია (მეზობელ ქვეყანაში კი იგივე მედიკამენტები გაცილებით იაფია), სჭირდება საკანონმდებლო ბერკეტი, რომ დაიშალოს. დაუშვებელია, როდესაც ერთი პირის ხელშია სააფთიაქო ქსელი, საავადმყოფო, სადაზღვევო კომპანია და დამკრძალავი ბიურო.

ეს მონოპოლია და რესურსების მსგავსი კონცენტრაცია უნდა იყოს შეუძლებელი, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ხდება წამლებზე ასეთი მანიპულაციური ფასების დაწესება“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

ბოლო წლებში საქართველოში არსებობს რესურსების ერთ კომპანიაში კონცენტრირებისა და მონოპოლიის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გამოცდილება, მაგრამ კერძო ბიზნესმა გამოსავალი აქაც იპოვა.

მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა და დაევალათ, რომ შემოიფარგლონ მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. ამის მიუხედავად, საქართველოს ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ბანკებთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც ფორმალურად არ შედიან ბანკის მფლობელობაში, თუმცა ერთიანდებიან კონკრეტული კომერციული ბანკის ჯგუფში, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა.

ამის ერთ-ერთი მაგალითია “ლელოს” ლიდერების მიერ დაფუძნებული “თიბისი ბანკი”, რომლის ჯგუფშიც არაერთი არაპროფილური კომპანია შედის, მათ შორის, სადაზღვევო კომპანია “თიბისის დაზღვევა”.

  • სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში კერძო კომპანიების ჩართვა

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სწორედ ეს არის მეორე ძირეული მიზანი, რომელსაც პარტია ისახავს. ამ იდეის თანახმად, მოქალაქეებს საავადმყოფოებთან კომუნიკაცია კერძო პროგრამების მეშვეობით ექნებათ — სახელმწიფო იძლევა ვაუჩერს, მოქალაქე კი შემდგომ ირჩევს სადაზღვეო კომპანიას, სადაც მიიღებს შესაბამის მომსახურებას. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, ფარავს მედიკამენტების ღირებულების ნაწილსაც.

“ეს ნიშნავს, რომ მონოპოლიზებული არ არის სფერო, კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის ჩნდება კონკურენცია. რა თქმა უნდა, თქვენ გაგიუმჯობესდებათ მომსახურების ხარისხი. სახელმწიფო რა თანხებსაც ხარჯავდა, შესაძლოა, იმაზე ნაკლებიც კი დახაჯროს, მაგრამ შედეგი ადამიანისთვის და ასევე კლინიკისთვის უკეთესია. ამ გარდაქმნაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერი კლინიკა აირჩიოთ“, – განმარტავს ნაცვლიშვილი.

ამ სისტემაში “ლელოს” სპიკერი ჯანდაცვის სამინისტროს როლს ამგვარად ხედავს: მისი ფუნქციები იქნება კანონებისა და რეგულაციების აღსრულების სათანადოდ უზრუნველყოფა, მოქალაქეების, სამედიცინო ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის რეგულირება, პროფესიულ ასოციაციებთან ერთად ახალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.

ნაცვლიშვილის აზრით, ჯანდაცვის სისტემაში ფინანსური რესურსები არსებობს, მაგრამ ის არასწორად ნაწილდება და არასწორი სქემის გამო შედეგი არ არის ეფექტიანი. საყოველთაო დაზღვევაში კერძო კომპანიების ჩართვა კი, “ლელოს” ხედვით, კონკურენციას გააღვივებს და მოქალაქეთა სასარგებლოდ იმოქმედებს როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე – ფასზე. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევაზე წვდომა ჩვეულებრივ ექნებათ როგორც უმუშევრებს, ისე – სოციალურად დაუცველებს.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, “ლელოს” სხვა პარტიებისგან გამოარჩევს ის, თუ როგორ ხედავს პარტია სოციალურად დაუცველთა საკითხის მოგვარებას. მისი თქმით, პარტიას აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე – გრძელვადიანი გეგმა ამის გადასაწყვეტად:

  • “მოკლევადიან პერსპექტივაში, 2 წლის განმავლობაში ვეხმარებით მათ უფასო ტრენინგებითა და გადამზადების პროგრამებით, შემდგომ კიდევ 2 წელი არ ვუხსნით სოციალურად დაუცველის დახმარებას, მიუხედავად იმისა, აიღებს ხელფასს თუ არა.
  • “ლელოს” გრძელვადიანი გეგმაა “არცერთი სოციალურად დაუცველი ადამიანი საქართველოში”.

“200 ათასი სამუშაო ადგილი და 3000-ლარიანი ხელფასი, რა თქმა უნდა, მოიცავს სოციალურად დაუცველებსაც, თანდათან მათ გამოყვანას სოციალურად დაუცველის სტატუსიდან საშუალო ფენისკენ”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია ამჟამად არსებული სოციალური სამსახურის რეფორმა, მათ შორის, იქ დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესება და, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემის ცვლილება.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაზღვევა

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, მათ შორის კერძო სადაზღვევო პაკეტები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს არ ფარავენ.

“ეს ჩემთვის, როგორც ქალი კანონმდებლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სერვისები, მათ შორის, უშვილობასთან დაკავშირებითაც. ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკას, რომელსაც გავატარებთ, მინდა ვხედავდე, რომ ეს პოლიტიკა გენდერულად სენსიტიურია, მათ შორის, ჯანმრთელობის პაკეტის გაფართოება, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველებისთვის.

კარგად გვესმის, რომ ქალი, დედა ისედაც ძალიან იშვიათად მიდის ექიმთან, თუ ძალიან ცუდად არის. თავის ჯანმრთელობას ყოველთვის უკან ხევს და ის, რომ პაკეტი გაფართოვდება, მოიცავს ამ საკითხებს და იქნება უფასო – ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დიდი საინფორმაციო კამპანიაც“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დეცენტრალიზებული სკოლა – „ლელოს“ ხედვა განათლებაზე

ენის საკითხი

“ლელოს” განათლების ხედვა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთია ენის საკთხი. კერძოდ, “ლელო” მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის შესწავლაზე.

ზოგადი განათლება

გარდა ამისა, როგორც განათლების პროგრამის პრეზენტაციაზე “ლელოს” წარმომადგენელმა ისაუბრა, ასევე პრობლემურია საქართველოში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებული აფხაზური ენის საკითხი, რასაც მეტი ყურადღება სჭირდება. “ლელო” მიიჩნევს, რომ მსგავსი ყურადღება სჭირდება ქართველურ ენებს, განსაკუთრებით კი, სვანურს.

“ლელოს” ხედვით, საჭიროა სკოლებში მართვის საბჭოური სტილის დეცენტრალიზება და ახალი სისტემის შექმნა, რადგან სისტემაში ყველა სტრქუტურა არის სკოლის ერთგვარი ზედამხედველი და სკოლებს არ აქვთ დამოუკიდებლობა. “ლელოს” აზრით, ეს არის დრომოჭმული სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

“ლელოში” განათლების სამინისტროს როლს ზოგად განათლებაში ასე ხედავენ:

განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების, ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისა და ხარისხის შეფასების ფუნქციები. “ლელო” ამბობს, რომ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო მასალების შექმნის პრეროგატივა გამომცემლობებზე გადადის. ისინი ამ მასალას სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პროგრამის თანახმად შექმნიან. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი გარემო გამომცემლობებს შორის ჯანსაღ კონკურენციას შექმნის, რაც, თავის მხრივ, სახელმძღვანელოების ხარისხს გაზრდის.

ამის ფონზე, სკოლას, რომელიც “ლელოს” გეგმით, მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდება, ექნება თავისუფლება, თავად შეარჩიოს ამა თუ იმ გამომცემლობის წიგნი, დაატრენინგოს პერსონალი და აირჩიოს ის გზა, რომლითაც ეროვნულ გეგმას შეასრულებს.

ამასთანავე, პარტიაში განმარტავენ, რომ სკოლის დირექტორის შერჩევის პროცესი სამეურვეო საბჭოს დაეკისრება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

ანა ნაცვლიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამგვარი დეცენტრალიზებისა და დეპოლიტიზების პროცესის წყალობით სკოლას ვეღარ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

“ლელოს” მოსაზრებით, რეგიონებში უნდა შეიქმნას პანსიონატის ტიპის სკოლები, სადაც მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეები შეძლებენ სწავლა-ცხოვრებას და მაღალი ხარისხის მიღების განათლების მიღებას. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისთვის თანაბარხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და განსაკუთრებით იჩაგრებიან სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

უალტერნატივო პროდასავლური ვექტორი და რუსეთთან ერთ-ერთზე ფორმატის შეწყვეტა

“ლელოსთვის” საგარეო პოლიტიკური კურსი არის “უალტერნატივოდ დასავლური”.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პროდასავლურ კურსზე სწორება, პირველ რიგში, შიდა პოლიტიკით იწყება. კერძოდ,
“შეუძლებელია დასავლეთზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს ქვეყანას მაშინ, თუ მისი შიდა ინსტიტუციები დასავლურ ღირებულებებს არ იზიარებენ”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე მოსაზრებით, საგარეო კურსი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც უნდა იყოს პროდასავლური. ის პრობლემად მიიჩნევს ყოველწლიურად რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას.

“ეს არის პრობლემა. საერთოდ შეიძლება არ დასჭირდეს ოკუპანტს ძალის გამოყენება, თუ ბოლომდე მიგიბამს ეკონომიკურად. და ეს საფრთხე საქართველოში ამ ხელისუფლების პირობებში ადეკვატურად არ არის შეფასებული“, – მიიჩნევს “ლელოს” სპიკერი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა ფორმატში აპირებს „ლელო“ რუსეთთან საუბრის გაგრძელებას, პარტიაში გვპასუხობენ, რომ ერთი-ერთზე საუბარი მათთვის მიუღებელია, შესაბამისად, ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი გასაუქმებელია.

„ლელოს“ ხედვის თანახმად, ჟენევის ფორმატთან ერთად უნდა არსებობდეს სხვა, უფრო მაღალი დონის სივრცეც, რომელიც წამყვანი სახელმწიფოების პირველი პირებით დაკომპლექტდება და – „რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ველაპარაკოთ [რუსეთს], მაგრამ ველაპარაკოთ, როგორც თანასწორმა და არა – როგორც უმცროსმა“.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნის პოზიცია ისმოდეს ხმამაღლა საერთაშორისო ასპარეზზე და, ამავდროულად, იყოს გამჭვირვალე მოქალაქეებისთვისაც. ნაცვლიშვილის თქმით, გაუმჭვირვალობის მაგალითია ჰააგაში 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე საქმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომელიც არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოში.

“საჭიროა სასამართლო სისტემის ქირურგიული ოპერაცია”

“ლელოს” წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი სასამართლო სისტემის სრული რეფორმირებაა. პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის დღევანდელი სახით შენარჩუნება ქვეყანას “არაფრისკენ მიიყვანს” და, შესაბამისად, აუცილებელია „ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რომლის შედეგიც უნდა იყოს სასამართლო სისტემა, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან“.

“ქირურგიულ ოპერაციას” პარტია მოსამართლეთა კორპუსის განახლებასა და სისტემაში 400 ახალი, ანგარიშვალდებული მოსამართლის შეყვანას გულისხმობს. ჩვენს კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ეს პარტიას და ამ რეფორმის ფარგლებში რა როლი დაეკისრება იუსტიციის საბჭოს, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს:

“იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით ამ გეგმას ვერ განახორციელებს და, შესაბამისად, ის უნდა ჩანაცვლდეს. ჩვენ გვაქვს მოაზრებული დროებითი საბჭოს მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებულ დროებით საბჭოს.

მან უნდა უზრუნველყოს განახლება სასმართლო კორპუსის და ამ გარდამავალ პერიოდში გაიყვანოს ქართული მართლმსაჯულება სწორ რელსებზე. პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები ამ პროცესიდან უნდა გავიდნენ”, – ამბობს ის.

თუმცა, „ლელო“ ამბობს, რომ მხოლოდ დროებითი საბჭოთი და ახალი მოსამართლეებით სისტემის რეფორმირება ვერ მოხდება – “თავიდან რომ არ მივიღოთ კლანი, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს კომპეტენციის შეზღუდვაც”.

აქედან ერთ-ერთ გამოსავლად კი იუსტიციის საბჭოს კომპეტენციის შეზღუდვას მიიჩნევენ. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სფერო მოიცავს საქმიანობის არაერთ სფეროს, მათ შორის, მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდებს, დისციპლინურ სამართალწარმოებას, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნას და გათავისუფლებას და სხვა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “საბჭოს დღეს არალოგიკურად ფართო კომპეტენცია აქვს” და, შესაბამისად, მას სასამართლო სისტემის მართვა მარტივად შეუძლია. ეს კი “ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლისას შეიცვლება.

“ლელოსთვის” ასევე პრობლემურია მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების საკითხი, თუნდაც ის, რომ მოსამართლეს დღეს აბსოლუტური იმუნიტეტი აქვს.

“დღეს მოსამართლეების დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა არ გამოიყენება, როგორც მოსამართლის ანგარიშვალდებულების მექანიზმი. ის გამოიყენება, ერთი მხრივ, მოსამართლის გასაკონტროლებლად და დასამორჩილებლად და, მეორე მხრივ, თუ ვინმე გაბედავს პრინციპული გადაწყვეტილების გამოტანას – მის დასასჯელად.

ეს მექანიზმიც უნდა გაიმართოს, რომ მოსამართლე იყოს დაცული. მაგრამ ასევე მოქალაქე უნდა იყოს დაცული, რომ თუ მოსამართლემ გადაცდომა ჩაიდინა, ის დაუსჯელი არ იქნება, აქ არ ვგულისხმობთ აუცილებლად დაკავებას. იქნება ეს ეთიკური თუ დისციპლინური შენიშვნა თუ სხვა“, – ამბობს ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ სასამართლოს რეფორმირებას თან აუცილებლად უნდა სდევდეს საგამოძიებო სისტემის გაუმჯობესება, ვინაიდან “სასამართლომდე მთელი რიგი საქმეები შესაძლოა ვერც კი მივიდეს, ცუდი გამოძიების შემთხვევაში”.

რაც შეეხება კომერციულ დავებს, ეს ნაწილი სასამართლოს ჩამოეხნება და გეგმის მიხედვით, მას არბიტრაჟი განიხილავს.

“ძალადობასთან უკომპრომისო ბრძოლა”

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე “ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და დავით უსუფაშვილი კრიტიკის სამიზნენი გახდნენ. საქმე დაიწყო იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

„ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაცა… ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსიტიტუციაში ეს კარგად წერია და ამას უნდა გავყვეთ. [ქორწინების] წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, რომ შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს,”

ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი და თქვა, რომ პარტია გმობს ყველანაირ ძალადობასა და დისკრიმინაციას, თუმცა:
“ერთთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებას “ლელო” მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი “ფობიობანას” გარეშე“.

“ლელოს” “მარშალის გეგმის” ელექტრონულ ვერსიაში ლგბტ პირთა უფლებებზე საუბარი არ არის. თუმცა ნათქვამია, რომ – „კანონის წინაშე ყველა ადამიანი, ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის მიუხედავად, იქნება თანასწორი – კონსტიტუციური თანასწორობა გახდება რეალური“.

ნეტგაზეთმა ანა ნაცვლიშვილს ჰკითხა, რატომ არ შევიდა მარშალის გეგმაში ლგბტ უფლებები და რა ხედვები აქვს პარტიას ამ საკითხის მიმართ. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არსებობს პარტიის უფრო ვრცელი ხედვა და პროგრამა, ამ კონკრეტულ დოკუმენტს კი თავისი ლიმიტი აქვს – „მეც მქონდა უკმაყოფილება იმიტომ, რომ თუნდაც სასამართლოს ნაწილზე მხოლოდ სამი პუნქტი წერია, ხედვა კი უფრო დიდია“.

“თანასწორობის, უსაფრთხოების და ღირსების საკითხები არის გამჭოლი ხაზი “ლელოს” პროგრამაში და იქნება “ლელოს” პოლიტიკაშიც. მთავარი აქტუალობა, რაც დღეს თემს აქვს, ეს არის ის, რომ მათი უსაფრთხოება არ არის დაცული და მთელი რიგი მიმართულებით ხდება მათი დისკრიმინირება იდენტობის გამო. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში იმდენად არ არის პორბლემები, რამდენადაც აღსრულებაში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამიტომაცვე ვაძლიერებთ მათ შორის სასამართლოს, საგამოძიებო უწყებების ეფექტურობასა და ა.შ., რომ როდესაც მოხდება უფლებადარღვევა, ეფექტური მექანიზმი იყოს, მიკერძოებისა და სტიგმის გარეშე“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოძიების თვალსაზრისით არის ის, რომ ხშირად სიძულვილის მოტივი საერთოდ არ ჩანს.

“ჩვენ ვერ მივაღწევთ თემის ეფექტიან დაცვას, თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ გავათავისუფლებთ წნეხისგან და სტიგმებისგან“, – ამატებს ის.

პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასევე გააძლიერებენ იმ მექანიზმებსაც, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სათანადოდ დაიცავს და გააძლიერებს.

მისივე განმარტებით, პრობლემას კომპლექსური ხედვა სჭირდება, მათ შორის, მოძალადეებისთვისაც. „ლელოს“ პროგრამა ოჯახში ძალადობის საკითხზე ასევე მოიცავს უშუალოდ მოძალადეებს, კერძოდ კი, მათ ჩართვას ქცევის კორექციის პროგრამებში.

ქცევის კორექციის პროგრამა რამდენიმე სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში მანამდეც ფუნქციონირებდა. ეს პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებში სასარგებლო უნარების განვითარებას, ძალადობრივი ქცევის მართვის სპეციალურ ქვეპროგრამას და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა კურსებს.

“ძალადობა ეს არის დასწავლილი ქცევა და ჩვენი მიზანი არაა საზოგადოებისგან ვინმეს გარიყვა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება და ოჯახი უფრო მოგებულია, თუ ხდება ქცევის კორექცია და არამხოლოდ სასჯელზე ორიენტირებული მიდგომა”, – მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ ოჯახში ძალადობის დროს ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული ბავშვია და მათზე ზრუნვაც სახელმწიფომ გაძლიერებულად უნდა უზრუნველყოს.

სრულად „ლელოს“ გეგემების და მთავარი ხედვების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი