ახალი ამბებიეკონომიკა

ნაკლები გადასახადი, პრივატიზაცია, მცირე მთავრობა – რას გპირდებათ ოპოზიცია

18 ოქტომბერი, 2020 • 2196
ნაკლები გადასახადი, პრივატიზაცია, მცირე მთავრობა – რას გპირდებათ ოპოზიცია

წამყვანი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კორუფციის აღმოფხვრასთან და სიღარიბის დაძლევასთან ერთად, ამომრჩეველს მთავრობის ზომის/ბიუროკრატიის და გადასახადების შემცირებას ჰპირდება, ამის პარალელურად კი ზოგიერთი მათგანი პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლების მომატების პირობას დებს.

ყველა პარტია თანხმდება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზე, რის მიღწევის გზადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პრივატიზაციას ასახელებს, ხოლო საამისოდ აუცილებელ წინაპირობად სასამართლოს დამოუკიდებლობას, მასთან ერთად კი — „ინვესტორებისთვის კომფორტული“ გარემოს შექმნას.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში განიხილავს 5 ოპოზიციური პარტიის შეთანხმებას ეკონომიკურ საკითხებში და სხვა თემებს, რაზეც არ შეთანხმებულან და პარტიებს ინდივიდუალურად აქვთ პროგრამებში და არკვევს, რამდენად დეტალიზებული და რეალისტურია ისინი ან რა შედეგი შეიძლება მოიტანოს.

„ექსტრაორდინალური რეფორმები“ — 5 პარტიის დაპირება

არაერთი ოპოზიციური პარტია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საბოლოოდ შეთანხმდა სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემებში საერთო რეფორმებზე. ბოლოს ასეთივე შეთანხმება 28 სექტემბერს დაიდო 5 პარტიას შორის ეკონომიკურ პოლიტიკაზეც. ამ უკანასკენლი მემორანდუმის ხელმომწერი პარტიები არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე).

ხელმომწერი პარტიები ამომრჩეველს ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით „ექსტრაორდინალურ რეფორმებს“ ჰპირდებიან. პარტიები დებენ პირობას, რომ „ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები“. ამასთან, მემორანდუმის თანახმად, მათი გეგმაა „მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება“. კერძოდ:

  1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
  2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც, ფაქტობრივად, სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
    [ამ ამბავზე გირჩევთ, წაიკითხოთ: თვითმმართველობა: რა ხედვები აქვთ პარტიებს? | არჩევნები 2020]
  3. სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება;

პრივატიზაცია

შეთანხმების მესამე პუნქტი, — სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, — არ არის ახალი ინიციატივა საქართველოს რეალობაში. ეს პრაქტიკა ქვეყანაში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას მმართველობის შემდეგ პერიოდში იღებს სათავეს. სახელმწიფო ქონების გასხვისების იმდროინდელ პრაქტიკას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „პრიხვატიზაციას“ [прихватизация – „პრივატიზაციისა“ და რუსული სიტყვის, прихватить (მითვისება, ხელში ჩაგდება), გადათამაშება], რაშიც გულისხმობენ სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისებას.

მოგვიანებით, 2003 წლის შემდეგ, „ვარდების რევოლუციის“ დერეგულაციის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი სწორედ პრივატიზაციის პრაქტიკა გახდა, რომლის მიზანიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იყო. ამ პერიოდს აღწერს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ 2010 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც პრივატიზების პროცესის მარეგულირებელმა კანონმდებლობამ, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, არ უზრუნველყო პრივატიზების პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა“.

ამავე კვლევის თანახმად, „ცვლილებათა უმრავლესობა მიმართული იყო პრივატიზებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობის გაზრდაზე, თუმცა, ანგარიშის თანახმადვე, „არ გამოირიცხება ასევე, კონკრეტული გავლენიანი წრეების ინტერესებიც, ხელში ჩაიგდონ ესა თუ ის მნიშვნელოვანი ობიექტი“. რა გარანტია აქვს ამომრჩეველს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მსგავს პრაქტიკას არ ექნება ადგილი? „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „ნეტგაზეთს“ ამ კითხვაზე ასე პასუხობს:

„დღეს ეს ხდება სწორედ. უამრავი სკანდალი გვაქვს ამ ტიპის, როდესაც კონკურენციის შეზღუდვას აქვს ადგილი: ან პირდაპირი მიყიდვის წესით, ან ფორმალურად აუქციონით, თუმცა ისეთი აუქციონით, სადაც ან ინფორმირება არ ხდება, ან წინასწარ ისეთი პირობების დაწესება ხდება, რომელიც რომელიმე მოთამაშეს a priori უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ან დაშინების გზით სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხდება გამოთიშვა სხვა მოთამაშეების“, – ამბობს გიგა ბოკერია და დასძენს, რომ ამ პრაქტიკის ცვლილებას პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც მის გუნდს აქვს.

„პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი დამყარებული იყოს თანასწორ კონკურენციაზე და აუქციონზე. ასევე, შეიძლება იყოს მიღებული რევოლუციური გადაწყვეტილება, როდესაც ბევრ შემთხვევაში, ამ ქონებების შემთხვევაში, პირდაპირ ჩვენ მოქალაქეებს თანასწორად მიეცეთ აქციები ამ ქონების თუ საწარმოების. და თვითონ გადაწყვიტონ, ვის მიჰყიდიან და ვის არა. კერძო საკუთრება გახდეს და მთავრობის ჩარევა საერთოდ აღარ არსებობდეს“, – ამბობს იგი.

რამდენიმე თვის წინ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც გამოაცხადა 100 საპრივატიზაციო ობიექტის აუქციონზე გატანის შესახებ გადაწყვეტილება, რომელთა საწყისი ღირებულება ჯამურად 150 მლნ ლარი იყო, თუმცა ამ პროცესს, სხვა მიზეზებთან ერთად, ნელი ტემპის გამოც აკრიტიკებენ. ახლა კი ოპოზიციის დაპირებაა, პრივატიზაციის ტალღა აქტიურად გაგრძელდეს. რა გარანტია აქვს ამომრჩეველს, რომ მათი არჩევის შემთხვევაში აქტიურად გაგრძელდება პროცესი? ბოკერიას თქმით, „ფასს გააჩნია“ და „ნებისმიერი ქონების შემთხვევაში მთავრობის ხელში ქონას, რაც უპატრონოს ყოფნას ნიშნავს როგორც წესი, ჯობია, რომ ჰყავდეს კერძო მესაკუთრე“. შეიძლება თუ არა, რომ ქონება 1 ლარადაც მიჰყიდონ ინვესტორს? გიგა ბოკერია გვპასუხობს:

„გააჩნია. თუ არ არის მასზე არანაირი მოთხოვნა, ჩვენი მიდგომაა, — რაც შემდგომში უფრო დეტალურად უნდა დავამუშავოთ, – რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ თანამფლობელობა, როგორც კერძო მესაკუთრეებს. თანამფლობელები იყვნენ ამ წამგებიანი საწარმოებისა, რომლებიც დღეს მათ ხარჯზე არსებობს“.

ემხრობიან თუ არა ისინი ისეთი ობიექტის პრივატიზაციას, როგორიც არის, მაგალითად, რკინიგზა? გიგა ბოკერიას თქმით, ის რკინიგზის აუქციონზე გატანის მომხრეა, რადგან ეს ინვესტიციებს მოიტანს. თუმცა „ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ „თუ შეიქმნა ვითარება, როდესაც მტრულ სახელმწიფოს შეიძლება კონტროლის დაწესების შესაძლებლობა მიეცეს იმ ტიპის ინფრასტრუქტურაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენს ეროვნულ უსაფრთხოებას სწრაფად, მაგ შემთხვევაში, კერძო საკუთრება აბსოლუტური უფლება არ არის და Eminent Domain-ის [ექსპროპრიაციის, ქონების ჩამორთმევის] პრინციპი არსებობს, რომელიც არ გამქრალა, და ლეგიტიმურ მთავრობას ლეგიტიმური პროცედურებით აქვს ამაში ჩარევის უფლებაც და ვალდებულებაც“.

საქართველოს რკინიგზა. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

რა არის ის გამონაკლისები, რაც მემორანდუმშია გაკვრით ნახსენები? „ევროპული საქართველოს“ სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, „ის ვითარებები, სადაც საბაზრო ურთიერთობები არ მუშაობს“. მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: 

„მაგალითად, გაზპრომი, რომელსაც სურდა ჩვენი ნავთობსადენის შეძენა. აქ ლეგიტიმურია, რომ მთავრობის ჩარევას ჰქონდეს ადგილი, რომ არ მოხდეს ამ ტიპის მოთამაშის შემთხვევაში, — რომელიც კერძო მოთამაშე არც არის, — ამ ტიპის ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდება. იმიტომ, რომ იქ საბაზრო ურთიერთობები კი არ მუშაობს, არამედ არის მონოპოლია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური და მათ შორის სამხედრო აგრესიით დამყარებული“.

[ენმ-ის მმართველობის პერიოდში პრივატიზაციის თანმხლები მოვლენებისთვის გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება]

როგორ და რატომ გეგმავს ოპოზიცია მთავრობის ზომის შემცირებას? 

5 ოპოზიციური პარტიის მემორანდუმი, პარლამენტში საკმარისი ძალით მოსვლის შემთხვევაში, ითვალისწინებს მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირებასაც. კერძოდ, დაპირების თანახმად, „არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე, მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე“ [მთავრობის ზომა ნიშნავს იმას, თუ რამდენად მონაწილეობს სახელმწიფო ქვეყნის ეკონომიკაში].

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, მთავრობის რეალური ზომა 2020 წელს მშპ-ის 28.8% გამოდის, პარტიები კი 2024 წლისთვის 20%-ს უმიზნებენ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) 2018 წლის მონაცემების თანახმად კი, OECD-ის ქვეყნებში მთავრობის ზომის მშპ-სთან შეფარდება საშუალოდ 41%-ია (ყველაზე მაღალი საფრანგეთში – 55%, ყველაზე დაბალი — 25% ირლანდიაში).

„ნეტგაზეთს“ ჰქონდა შესაძლებლობა, ამ პარტიების წარმომადგენლებისთვის „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (OEBGC) პანელურ დისკუსიაზე [24 სექტემბერს] დაესვა კითხვა მცირე მთავრობისკენ სწრაფვის ლოგიკაზე, — იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებშიც, საშუალოდ, OECD-ის მსგავსად, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია; ასევე, ეკითხა, ბიუროკრატიის არაეფექტურობა, რაზეც პარტიები მიანიშნებენ, რამდენად ნიშნავს მისი ზომის შემცირების აუცილებლობას.

ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩიდან“, — რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო ამ შეთანხმების, — „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ის, რომ ევროპაში საშუალოდ მაღალია მთავრობის ზომა, არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ევროპის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 1-1.5%. ამიტომ ეგ ჩვენთვის კარგი მაგალითი არ იქნება“.

„თუ თქვენ გინდათ, ევროპისგან რამე გადმოიღოთ, გადმოიღეთ ევროპის ის რეგულაციური ჩარჩო, რაც ევროკავშირის ქვეყნებს ჰქონდათ მაშინ, როდესაც სწრაფად იზრდებოდნენ, ანუ წახვიდეთ ათწლეულებით უკან და ვნახოთ რეგულაციები და მთავრობის ზომა… ჩვენ ეგრე ვერ გავიზრდებით, ჩაგვყლაპავს ჩრდილოეთიდან მეზობელი. მე მინდა სწრაფად განვვითარდე, რაც შეიძლება ცოტა ფული წაიღოს მთავრობამ და ნაკლები დახარჯოს“, – ამბობს ჯაფარიძე. ამ მოსაზრებას, შეთანხმების ხელმომწერი პარტიების გარდა, „ლელოს“ სპიკერი გიგლა მიქაუტაძეც დაეთანხმა პარტიის სახელით.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, (ასევე, სსრკ-ში, აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიაში) ათწლეულების წინ, მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ პერიოდში, მართლაც იდგა ეკონომიკური ზრდის „ოქროს ხანა“ [რასაც 1970-იანი წლების რეცესია მოჰყვა]. თუმცა სხვადასხვა თეორია ამ ეკონომიკური ზრდის მიზეზებს განსხვავებულად ხსნის, მათ შორის ომის შემდეგ შექმნილი მაკროეკონომიკური სტაბილურობით, ომის შედეგად დეპოპულაციით, ავტომატიზაციის მოტანილი მაღალი პროდუქტიულობით, ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაჩენით, ნავთობზე დაბალი ფასებით, სიმდიდრის გადანაწილებითა და ა.შ.. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 1973 წლიდან დაიწყეს ქვეყნებმა სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირება, რამაც ბავშვთა ექსპლუატაცია საბოლოოდ აკრძალა.

100 000 ადამიანი – „არასაჭირო ბიუროკრატია“?

მემორანდუმის  ხელმომწერ გიორგი ვაშაძესაც („სტრატეგია აღმაშენებელი“) მიაჩნია, რომ „რაც მეტი ბიუროკრატი გყავს, მეტი წნეხია ბიზნესზე“:

„კატასტროფაში ვართ, როცა საჯარო სექტორში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე კერძოში. როგორ უნდა შეინახოს ამ კერძო სექტორმა საჯარო სექტორი? რათ გვინდა ისეთი ექსკლუზიური დეპარტამენტები, რომლებიც ამბობენ, რომ მარტო მათ იციან, სოფლის მეურნეობა როგორ უნდა განვითარდეს, რაში გვჭირდება, მაგალითდ, ირიგაციის დეპარტამენტი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მაგან იცის ეს საქმე, რეალურად კი სარწყავი სისტემა არა გვაქვს“?..

[საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით 2019 წელს ასეთი იყო: სახელმწიფოში — 299.7 ათასი, არასახელმწიფოში — 1.3 მლნ, თუმცა აღსანიშნავია, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 50.2%-ია, ხოლო თვითდასაქმებული — 49.7%. თვითდასაქებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კი საოჯახო მეურნეობაშია ჩართული, საიდან წარმოებულ პროდუქციასაც კვლავ თვითონ მოიხმარენ.]

ვაშაძის არგუმენტის თანახმად, ამჟამინდელი ბიუროკრატია არაეფექტურია. რამდენად ნიშნავს ეს იმას, რომ ბიუროკრატია აუცილებლად შესამცირებელია, თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ თუ სხვა სფეროებში არსებული საჭიროების გათვალისწინებით, — თუნდაც იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში გაცილებით დიდი ზომის ბიუროკრატიები ეფექტურად მუშაობს?

ზურა ჯაფარიძის თქმით, „300 000 ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიაშია დასაქმებული, — როგორც საჯარო მოხელეები, ისე სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულები, — არაფერში გვჭირდება“ და ბიუროკრატია აუცილებლად არის შესამცირებელი.

ამ ადამიანების რა ნაწილის გათავისუფლებას ემხრობიან პარტიები? რა სფეროებიდან? მას შემდეგ, რაც ისინი სამსახურს დაკარგავენ და უმუშევართა სტატისტიკას [ოფიციალურად 11.6%, თუმცა დასაქმებულებში თვითდასაქმებულებიც ითვლიან] შეუერთდებიან, როგორ და რამდენ ხანში მოახერხებენ ხელახლა დასაქმებას? რამდენ ხანში მიიღწევა ის ეკონომიკური ზრდა, რამაც შესაძლოა მათ ხელახალი დასაქმების საშუალება მისცეს, ან როგორ? პროგრამებში ამ კითხვებზე პასუხი არ ჩანს.

„ნეტგაზეთმა“ ამ კითხვების ნაწილი გიგა ბოკერიას დაუსვა. მან დაგვიდასტურა, რომ მთავრობის ზომის თითქმის მესამედით (28.8%-დან 20%-მდე) შემცირების ფონზე, უხეში გათვლებით გამოდის, რომ მთავრობა 4 წლის თავზე 100 000 სამუშაო ადგილით ნაკლებს შეინახავს. მისი თქმით, შემცირებაში არ მოჰყვებიან მასწავლებლები, პოლიცია და ჯარი. „და დანარჩენში მოხდება დრამატული შემცირება“.

რაც შეეხება გათავისუფლებულს, გიგა ბოკერიას თანახმად, მათ ექნებათ ზუსტად ის პირობები, რაც დასაქმების სხვა მსურველებს. როგორ შეუწყობენ ხელს მათ? „იმ პირობების შექმნით, რომელშიც შესაძლებელია, რომ მათ თავისი შრომით მოიპოვონ კეთილდღეობა ეკონომიკური ზრდის პირობებში“. რაც შეეხება პიროვნულ დონეზე უნარების განვითარებას, ბოკერიას თანახმად, „რაღაც სპეციფიკურ სფეროებში ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს ვერ იქნება გამოსავალი. გამოსავალი არის ზოგადად ეკონომიკა მუშაობს თუ არა“.

პარალელურად, ოპოზიციის მემორანდუმში ახალი სამუშაო ადგილების დაპირება არ ჩანს. „ევროპული საქართველო“ საკუთარ, დამოუკიდებელ პარტიულ პროგრამაში კი უწერია, რომ კერძო სექტორში 100 000 სამუშაო ადგილის გაჩენის დაპირება აქვთ. გამოდის, რომ პარტიის ხედვით სამუშაო ადგილებმა საჯაროდან კერძო სექტორში უნდა გადმოინაცვლოს. თუმცა როგორ აპირებს ამ ახალი 100 000 სამუშაო ადგილის გაჩენას? გიგა ბოკერიას თანახმად, ეკონომიკის გაზრდით და გადასახადების შემცირებით. „თავისით შეიქმნება? ბაზარი შექმნის“? – ჰკითხა მას „ნეტგაზეთმა“, რაზეც გიგა ბოკერიამ გვიპასუხა: „რა თქმა უნდა“.

როგორც სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი ანა დიაკონიძე წერს EMC-სთის მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში — „დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში“, უმუშევრობის აღმოსაფხვრელად, გარდა იმ მიდგომისა, რომლის თანახმადაც ეკონომიკური ზრდა ავტომატურად მოიტანს უმუშევრობის შემცირებას, არსებობს მეორე მიდგომაც:

„მეორე მიდგომის მიხედვით, მართალია, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია ეფექტიანი დასაქმების პოლიტიკა. ამ უკანასკნელს ზურგს უმაგრებს ორი არგუმენტი: პირველი ის, რომ ეკონომიკურ ზრდას აუცილებლად არ მოჰყვება სამუშაო ადგილების ზრდა – ბოლო ათწლეულების განმავლობაში „ეკონომიკური ზრდა დასაქმების გარეშე“ (ე.წ. jobless growth) მთელი მსოფლიოსთვის უმწვავესი პრობლემა იყო. მეორე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკონომიკურ ზრდას დასაქმების მაჩვენებლის ზრდა მოჰყვება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შექმნილი სამუშაო ადგილები ადამიანების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ“, – წერს მკვლევარი.

გიგა ბოკერია დასაქმების გარეშე ეკონომიკური ზრდის ფენომენს „მემარცხენე მითს“ უწოდებს, რომელიც „არსად არ შეინიშნება“, მეორე არგუმენტის პასუხად კი ამბობს, რომ „ალტერნატივად უნდა ავიღოთ რეალობა, როცა ამ ადამიანს დასაქმება და შემოსავალი საერთოდ არ აქვს“.

„ევროპული საქართველოს“ გეგმა

ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პროგრამა „ევროპულ საქართველოს“ აქვს, რომელიც, „გირჩის“ მსავსად, ლიბერტარიანულ ხედვაზეა დაფუძნებული.

ამ პარტიამ, რომელიც თავს „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგიური ღირებულებების მემკვიდრედ მიიჩნევს, რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ვრცელი პროგრამა, რომლის პირველი საკითხი სწორედ ეკონომიკაა და, ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გარდა, ითვალისწინებს:

[checklist]

  • ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას (მსგავსი დაპირება „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა და 2017 წლიდან 100 000 ლარამდე ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზებულია, [მანამდე ზღვარი 50 ათასი იყო]);
  • ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირებას 25%-ით, რაც, პარტიის თანახმად, შეაფერხებს ფასების ზრდას [რაც სხვა პროდუქტებზეც აისახება];
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) 18%-დან 16%-მდე შემცირებას;
  • დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარის 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზრდას;
  • განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის შემცირებას 10%-მდე;
  • აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვას [ეს დაპირებაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაკეთებული, თუმცა ოპონენტების თანახმად, საამისოდ საკმარისად არ ირჯება];
  • სესხებთან, მშენებლობასთან და სხვა დაკავშირებული რეგულაციების შემცირებას, — თუმცა პროგრამაში არ აზუსტებს, რომელ კონკრეტულ რეგულაციებს გააუქმებს მშენებლობის სექტორში და შესაძლოა თუ არა, რომ ასეთმა დერეგულაციამ ქაოტური განაშენიანება გამოიწვიოს, რაც არაერთი წელია, თბილისის და ბათუმის მწვავე პრობლემაა;
  • საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 10%-მდე — და „ევსაქებს“ ამ საკითხზე სხვა პარტიებიც ეთანხმებიან.

[/checklist]

პარტიის დაპირებით, ეს ნაბიჯები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს „ჩატოვებს ეკონომიკაში“, შექმნის დამატებით 100 000 სამუშაო ადგილს (კერძო სექტორში), ხოლო თითოეულ ოჯახს პირველ წელს დარჩება დამატებით 2000 ლარზე მეტი.

პარტია აცხადებს, რომ გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში დარჩება საკმარისი რესურსი, რათა 2021 წლიდან შესაძლებელი იყოს პენსიის (ახლა 250 ლარი), სოც.დაუცველების (ქულების მიხედვით 30-დან 60 ლარამდე), დევნილებისა (45 ლარი) და შშმ პირების დახმარების გაორმაგება. თუმცა პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული, ეს ყველაფერი რა დაჯდება და მთავრობის დანახარჯების რა ნაწილს შეიძლება დააკლდეს აღნიშნული რესურსები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის ბიუჯეტში, რომელიც ჯამში 16 მლრდ ლარი იყო, მხოლოდ სოციალური პროგრამების წილი იყო დაახლოებით 23% – 3,74 მლრდ. გაორმაგებული თანხა კი 7.5 მლრდ-ს აღწევს. გადასახადების შემცირების ფონზე, საიდან ჩნდება ეს თანხა?

გიგა ბოკერიამ ამას არასწორად დათვლა უწოდა, თქვა, რომ ეს ხარჯი, უხეში კალკულაციით „6 მლრდ ლარამდე არ ადის“ და გვითხრა, რომ პარტიის გეგმის ორივე კომპონენტის — გადასახადების დაწევის და გასაცემლების გაორმაგების, — დასაფარად, ორი წყარო სჭირდებათ და ყოფნით: 1) 2 მლრდ ლარზე მეტით დღეს არსებული ბიუჯეტის შემცირება და 1 მლრდ დოლარიანი „გარე დახმარების მოძიება“.

„ევროპული საქართველო“, რომელიც შეთავაზების დღიდან აკრიტიკებს დაგროვებით საპენსიო სისტემას, ალტერნატიული საპენსიო სისტემას ჰპირდება ამომრჩეველს. ეს სისტემა, რომელიც მთლიანად ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საპენსიო დანაზოგების გაზრდას „საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე“ ითვალისწინებს. და, სისტემის ფარგლებში, პარტიის დაპირებით, „მოქალაქე მაშინ დაიბრუნებს ფულს, როცა დასჭირდება“.

პარტია აცხადებს, რომ ამ სქემით, დღეს 40 წლის 500-ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 1 026 ლარს. თუმცა საინტერესოა, რომ პარტიის გეგმით, სისტემის მონაწილე თავად აირჩევს შენატანის ოდენობას: რამდენს შეიტანს ხელზე ასაღები დაბეგრილი ხელფასიდან და რამდენი დაემატება თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან. ამ პრინციპით, დამსაქმებელი სქემაში აღარ თანამონაწილეობს 2%-იანი დაფინანსებით და მას ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს.

[გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: სავალდებულოობის კომპონენტი დაგროვებით საპენსიო რეფორმაში]

„ერთი გადასახადის ქვეყანა“ – ენმ

გადასახადების შემცირებაზე „ევროპული საქართველოს“ და „გირჩის“ გარდა, სხვა პარტიებიც აქტიურად საუბრობენ. მაგალითად, „ლელოს“ წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძის თქმით, „ქვეყანა განვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდება, რისთვისაც დაბალი გადასახადები ძირითადი წინაპირობაა, — აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი“.

„ნაციონალური მოძრაობა“ უფრო შორსაც მიდის: როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, პარტიის ამბიციაა, „ეს ქვეყანა ვაქციოთ ერთი გადასახადის [დღგ] ქვეყნად“.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული გაიხსენა, როდესაც, კახა ბენდუქიძის რეფორმების შედეგად, 21 გადასახადიდან მხოლოდ 6 დატოვეს. „ამით საერთო ტვირთი შემცირდა 50-60%-ით“, – ამბობს ბარამიძე და დასძენს, რომ მანამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა 70% იყო და კორუფციის დაძლევის გამო ქვეყნის ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა, რამაც პენსიების 11-12-ჯერ გაზრდის შანსი მისცა მაშინდელ ხელისუფლებას… ამას ვაპირებთ ახლაც“, – თქვა მან.

გიორგი ბარამიძე. ფოტო: ნაციონალური მოძრაობის ვიდეოდან

რეალურად, საქსტატის მონაცემებით, არაფორმალური ეკონომიკის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1990-იან წლებში დაფიქსირდა და მშპ-ის 40%-ის ფარგლებში განისაზღვრა, დღეს კი ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა, საქსტატის ოფიციალურ რიცხვებში, მთელი ეკონომიკის 10.3%-ს შეადგენს. რამდენად რეალურია ასეთი დაპირება? „ცხადია, იმ თამასას არ ვწევთ, რომ 11-ჯერ ავწიოთ პენსია“, — ამბობს ბარამიძე და დასძენს: „დღეს არის 250 ლარი და ვფიქრობთ, პენსია გავზარდოთ 400 ლარამდე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა გადასახადებზე ასეთია: ყოველწლიურად 5%-ით შემცირდება საშემოსავლო გადასახადი და საბოლოოდ 2024 წელს განულდება, ასევე, 2024 წლისთვის განულდება დივიდენდისა (5%) და მოგების (15%) გადასახადებიც.

„ამ ნაბიჯებით 2024 წლისთვის ნელ-ნელა ეკონომიკის 12%-ით ზრდაზე გავდივართ, ანუ ბიუჯეტის პლიუსშიც გავდივართ და ვახერხებთ პენსიის გაზრდასაც და სოციალური ტვირთის გაზრდას“, – ასე ხსნის ბარამიძე იმას, თუ როგორ ახერხებენ მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირების ფონზე პენსიების მომატებას.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქისაგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა, — მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2017-18 წლების მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებდა და მასზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ლესოთოს, ბაჰრეინს, კუვეითს, ყატარსა და ბრუნეის ჰქონდა.

ამ მონაცემების მიუხედავად, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო დაწევაზე საუბრობს. როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, „იმიტომ კი არა, რომ არჩევნებია და პოპულარულია გადასახადების დაწევის თემა, — არა, გულწრფელები ვართ, როდესაც პრაქტიკულად ყველანი ვსაუბრობთ გადასახადების დაწევაზე“.

ეკონომიკური ზრდის ტემპები

ის ზოგადი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც ქვეყანაში კოვიდეპიდემიის ფონზე არსებობს, ასეთია: მსოფლიოს ბანკის/საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, 3.7 მლნ-იანი მოსახლეობის ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 17.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე კი 4,786 აშშ დოლარს. წლიური ინფლაცია 2019 წელს 7.0% იყო, უმუშევრობის დონე კი 11.6%-ია [თუმცა აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების სტატისტიკაში ითვლებიან თვითდასაქმებულები, — ძირითადად შინამეურნეობებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, საერთოდ არ არიან ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმულნი]; ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013-2019 წლებში (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – FDI) წლიურად საშუალოდ 7.4%-ით იზრდებოდა.

ეკონომიკური ზრდა 2005-19 წლებში. წყარო: ფინანსთა სამინისტრო

მსოფლიო ბანკის თანახმადვე, 2005-19 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.3% იყო [თუმცა აღსანიშნავია, რომ 2003-12 წლებში გაცილებით მაღალი, 2012-19 წლებში ნაკლებად. იხ. ჩარტი], აბსოლუტური სიღარიბე 2005 წლიდან 2019 წლამდე 30%-დან 14%-მდე შემცირდა [მსყიდველობითი უნარის პარიტეტით 3.20 აშშ დოლარზე], — და ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

ამასთან, მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს საფრთხეში აყენებს კოვიდპანდემია, რომლის პირობებშიც შესაძლოა ეკონომიკა 6%-იან რეცესიაში შევიდეს, 160 000 ადამიანი გაღარიბდეს (სიღარიბე 2.8%-ით გაზარდოს), შემოსავლები კი 400 000 ადამიანს შეუმცირდეს.

პარტიების დაპირებები ასევე ფოკუსირდება ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, როდესაც „მსოფლიო ბანკის“ 2020 წლის „დუინგ ბიზნეს“ რეიტინგში (ანუ ბიზნესის კეთების სიმარტივის) 190 ქვეყანას შორის ისედაც მე-7 ადგილზეა, — რაც ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო, ერთი შეხედვით, მიმზიდველია. ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაა და, როგორც Freedom House-ი წერს, კორუფციის რისკი და გამჭვირვალობის ნაკლებობა. ამაზე ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება — და მიუთითებენ, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელს, კორუფციასთან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა უშლის, რასაც გამოასწორებენ.

როგორც „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა, არაერთი პარტია, — მათ შორის, ძირითადად სწორედ ამ სტატიაში ჩამოთვლილები, — თანხმდება სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაციაზე. მათ შორის არის ენმ, რომლის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების „საფუძველი უნდა იყოს იმ პრობლემის მოგვარება, რაც თავის დროზე უამრავ წარმატებასთან ერთად, ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ, რაც ჩვენ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ და საზოგადოებას ბოდიშიც მოვუხადეთ — სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება“.

თუმცა ამ საქმეში ოპოზიციური ერთობის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ რეფორმებზე წლებია, მსჯელობენ, ოპოზიციის გეგმებშიც ხედავენ მნიშვნელოვან ხარვეზებს: უცხოელი მოსამართლეების დანიშვნაში, აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტად აღიარებასა თუ სხვა დაპირებებში.

[ვრცლად ოპოზიციური პარტიების ხედვების კრიტიკა ამ მიმართულებით: როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს]

უთანასწორობა ფოკუსს მიღმა

ჩამოთვლილი ხუთი ოპოზიციური პარტიის, — ასევე „ლელოს“, — დაპირებებში ვერაფერს მოისმენთ უთანასწრობის აღმოფხვრის შესახებ. უთანასწორობის მაჩვენებლით, — 2018 წლის ჯინის კოეფიციენტით, — საქართველოს მაჩვენებელია 36.4 [რიცხვი 0-თან ახლოს ნაკლებ უთანასწორობას უჩვენებს, 1-თან მიახლოებული – მეტ უთანასწორობას], რუსეთისა — 37.5, სომხეთის 34.4 და ა.შ..

არცერთი ჩამოთვლილი პარტია არც კი განიხილავს პროგრესული გადასახადის შემოღებას, — როგორც ზურა ჯაფარიძემ თქვა, „ბრტყელი გადასახადი არის არის ერთადერთი სამართლიანი გადასახადი“ და „პროგრესული გადასახადი კლავს მუშაობის და მეტი რაღაცის კეთების სტიმულს“. პროგრესული გადასახადები, რასაც „გირჩი“ უსამართლოდ მიიჩნევს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, შვედეთში და ა.შ.. ამასთან, საქართველოს გარდა არცერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ აწესებს ზღვარს საშემოსავლო გადასახადის გაზრდაზე.

„საერთოდ, ჯინის ინდექსი რატომ არის კარგი ორიენტირი, — რატომ არის ორიენტირი უთანასწორობის აღმოფხვრა, გაუგებარია“, – ამბობს ჯაფარიძე „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად. „ჯინის ინდექსით ბელარუსი უკეთესია, ვიდრე ბრიტანეთი და ამერიკა და ამიტომ უკეთესი ქვეყანაა? დღევანდელი მთავრობის ორიენტირია სხვათაშორის ჯინის ინდექსი და ამიტომაც არის ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში“. როგორც „ნეტგაზეთს“ პარტიების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, „გირჩის“ გარდა, ამ მოსაზრებას „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელოც“ იზიარებენ.

უთანასწორობას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ასახელებს მსოფლიოს გამოწვევად, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. „ოქსფამის“ (Oxfam) 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 2 153 ადამიანი — მილიარდერები, ძირითადად, კაცები — იმაზე მეტ დოვლათს ფლობს, ვიდრე ყველაზე ღარიბი 4.6 მილიარდი ადამიანი ერთად; ლოკალურ კონტექსტში კი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის თანახმად, „ადამიანის განვითარების ინდექსით“ საქართველო 189-დან 70-ე ადგილს იკავებს, ამ ადგილზე მის ყოფნის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი კი უთანასწორობის მაჩვენებელია.

[გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები]

„ლელოს“ ხედვები

„ლელომაც“, როგორც თავიდანვე გეგმავდა მამუკა ხაზარაძე, ეკონომიკურად მემარჯვენე პოზიცია დაიკავა. იმის მიუხედავად, რომ ეს პარტია არ არის არცერთი ოპოზიციური შეთანხმების ხელმომწერი, ეკონომიკურ ხედვებში იზიარებს ზემოთ განხილულ სულისკვეთებას. როგორც გიგლა მიქაუტაძე ამბობს, „მთავრობა, ბიუროკრატია, — იქნება ეს დიდი თუ პატარა, — უნდა ემსახურებოდეს ბიზნესს, ეკონომიკის განვითარებას, ის უნდა იყოს სერვისის მიმწოდებელი, მომსახურე ხალხის და ბიზნესის“.

პარტიის პროგრამა — „მარშალის გეგმა“ — ეკონომიკურ ნაწილში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ფოკუსირდება. როგორც გიგლა მიქაუტაძე ამბობს ISET-ის კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს სამი ძირითადი პრობლემა, რაც ბიზნესს — მათ შორის განსაკუთრებით მცირესა და საშუალოს — აწუხებს:

  1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; [checklist]
    • „ლელოს“ ხედვით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში საჭიროა, შეიქმნას ძლიერი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომელიც ჯანსაღი ბიზნესების შემთხვევაში, — „და იმას, ჯანსაღია თუ არა ბიზნესი, გადაწყვეტს ბანკი და არა სახელმწიფო ჩინოვნიკი“, — გარანტიების გარკვეულ ნაწილს აიღებს საკუთარ თავს. ამავე დროს, ბანკების პორტფელში ძალიან შეზღუდული უნდა იყოს „გაფუჭებული სესხების“ წილი, ვინაიდან არ გასცენ ზედმეტად რისკიანი სესხები. ამ ფონდში 3მლრდ ლარი იქნება მობილიზებული;
    • ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) უნდა შეიქმნას საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესებში და ეს იქნება საბანკო სესხის ალტერნატივა;
    • უნდა შეიქმნას ₾ 1 მლრდ-იანი ფონდი, რომელიც მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებში განახორციელებს ინვესტიციას;
    • მიქაუტაძის თანახმად, პარტიის დაპირებით, ყველა ეს ფონდი მართული იქნება „საერთაშორისო მენეჯმენტის მიერ, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკი“ და ყველა ამ ფონდში ფინანსური რესურსი მოზიდული იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან — გრანტების, სესხების და ა.შ. სახით;

    [/checklist]

  2. მუშახელის კვალიფიკაცია [checklist]
    • მიქაუტაძის თქმით, ინვესტორები ხშირად ასახელებენ ამ პრობლემას — რომ ჩამოდიან საქართველოში და მუშახელს ვერ შოულობენ. ამიტომ , მისი თქმით, დაბალი საშემოსავლო გადასახადი საკმარისი პირობა არ იქნება, თუკი მას „მოუწია უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა და ორჯერ მეტის გადახდა“;
    • „ამიტომ ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ ბაზარი, ვნახოთ თუ რა პროფესიებზეა დეფიციტი. განსაკუთრებით გავაძლიეროთ პროფესიული განათლება იმ ნაწილში, რაც ბიზნესს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება, ან ხვალ შეიძლება დასჭირდეს“;
    • საამისოდ პარტია გეგმავს სამი მსხვილი პროფესიული განათლების ცენტრის შექმნას, რომელიც „ორიენტირებული იქნება თანამედროვე კვალიფიკაციის მუშახელის მიწოდებაზე ბაზარზე“;

    [/checklist]

  3. ინფრასტრუქტურა:
    1. მისი თქმით, „ლელო“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 4 წლის თავზე პარტია შეასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს: ყველა საკვანძო წერტილს ავტობანით დააკავშირებს, ააშენებს ანაკლიის პორტს, მოხდება ქვეყნის სრული მაღალი ხარისხის ინტერნეტიზაცია და ყველა ქალაქში მოწესრიგდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემების პრობლემა. „4 წლის თავზე ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება და არ იქნება კორუფცია“, – ამბობს ის.

„ლელოს“ კიდევ უფრო ამბიციურ იდეას ავითარებს: „საქართველო უნდა გახდეს ფინანსური ცენტრი, რისთვისაც უნდა შევქმნათ რეგიონული მასშტაბის საფონდო ბირჟა  და ჩვენი პირველი ამოცანა ეს იქნება. ამ ბირჟაზე მოხდება ყველა სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სახელმიფომ ხელში დაიტოვოს საწარმოები, იმიტომ, რომ ეს არის კორუფციისა და ყველანაირი უბედურების წყარო. ასევე, არ ვაპირებთ, საკუთრებაში დაიტოვოს მიწები. ასევე, აუცილებელია საერთაშორისო დონის არბიტრაჟი არსებობდეს კომერციული დავებისთვის. ამაზე მოლაპარაკებები დაწყებულიც კი იყო, რომ არ შეჩერებულიყო ანაკლიის პორტი, ანაკლიაში ასეთი არბიტრაჟის გაკეთება იგეგმებოდა“.

პარტიის გეგმით, ყველა ის ბიზნესი, რომელიც ექვემდებარება ლიცენზიას, — მაგალითად, ოქროს მომპოვებელი კომპანია, — იქნება ვალდებული, გახდეს საჯარო — ანუ აქციების მინიმუმ 20% ბირჟაზე გაიტანოს და ეს აქციები ივაჭრებოდეს ქართულ ბირჟაზე. სხვა დამატებით გადასახადებზე გარემოზე უარყოფითი გავლენის გამო საუბარი არ არის.

ბოლოს, პარტია საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების აქტიურად გამოყენების პირობას დებს და ამბობს „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარი არის პატარა, ჩვენ ვერანაირი ეკონომიკური თავისუფლება, დაბალი გადასახადები არ გვიშველის, თუ ქართული კომპანიები არ გახდნენ გლობალურები. ამიტომ ყველა კომპანიას, რომელიც გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტს განახორციელებს (და არა პირველადი ნედლეულის), გავათავისუფლებთ მოგების გადასახადისგან. ოღონდ მათ გაფართოება შეძლონ და დაასაქმონ ადამიანები, მათი მოგების გადასახადი არავის არ სჭირდება“. ამ დაპირების პარალელურად, პროგრამიდან გაურკვეველია, შეცვლის თუ არა პარტია სავაჭრო პოლიტიკას, რომელიც ამჟამად მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშეა დარჩენილი და როგორ დაეხმარება სახელმწიფო ადგილობრივ კომპანიებსა და სექტორებს, რომელთა განვითარებაშიც ფულს დებს, ადგილობრივ ბაზარზე გარედან შემოსულ პროდუქციასთან კონკურენციაში.

დევალვაციის გამოსავალი – ვალუტის გაუქმება?

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლარის გაუფასურებაა. მხოლოდ ბოლო პერიოდი რომ ავიღოთ — თუ სექტემბრის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 7 თეთრი იყო, სექტემბრის ბოლოსკენ 3 ლარსა და 33 თეთრს მიაღწია, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი 22 თეთრია [უფრო შორ პერსპექტივაში, ლარი ბოლო 8 წელიწადში თითქმის ორჯერ გაუფასურდა დოლართან მიმართებაში].

ეკონომისტები ბოლო პერიოდის დევალვაციის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის უცხოური ვალუტის შემოდინებას, მთავრობის გაზრდილ ხარჯებსა თუ უარყოფით მოლოდინებს [ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას წინასაარჩევნო აჟიოტაჟსაც უკავშირებს].

ამ ვითარების გამოსასწორებლად, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე ამბობს, „დაგვჭირდება რისკიანი ნაბიჯები ბიზნესთან შეთანხმებით“, მაგალითად, მულტისავალუტო სისტემა.

„ამაზე [მულტისავალუტო სისტემაზე] სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. ლარს 1.64-ზე მამაზეციერი ვეღარ დააბრუნებს. ეს ხომ ვიცით. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – თქვა გიორგი ვაშაძემ. მას გადაჭრით არ უთქვამს, აპირებს თუ არა მისი გუნდი, წარმატების შემთხვევაში, ლარის პარალელურად, დოლარის შემოტანა სცადოს მიმოქცევაში, ან როგორ გააკეთებს ამას, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლების გასაგონად თქვა: „გვაწყობს თუ არა, ევრო და დოლარი იყოს მიმოქცევაში პარალელურად და ბიზნესმა აირჩიოს, რომელში უნდა მუშაობა? არ ვიცი, შეიძლება დავუჭირო მხარი, შეიძლება არა, მაგრამ თქვენ გარეშე ამის გადაწყვეტა არ შეიძლება“.

ამ იდეას „გირჩი“ კიდევ უფრო მეტად ავითარებს — ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით, „ამ ქვეყანაში მიმოქცევაში არის ფული, რომელსაც არავინ ენდობა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკა განავითარო, როცა ასეთი ვალუტა გაქვს“.

ამიტომ, პარტიის ინიციატივაა, რომ „ლარი, ან საერთოდ უნდა გავუშვათ მიმოქცევიდან, — ანუ უარი ვთქვათ ეროვნულ ბანკზე და ეროვნულ ვალუტაზე, — ან გავაჩინოთ სტიმულები, რათა ეროვნული ბანკი იქცეოდეს წესიერად და ამის საუკეთესო სტიმული არის ის, რომ ლარი გავუშვათ კონკურენციაში სხვა ვალუტებთან. ქვეყანაში იტრიალოს ნებისმიერმა ვალუტამ, რომლის გამოყენების სურვილიც მოქალაქეებს ექნებათ და ლარი იქნება კონკურენციაში სხვა ვალუტებთან“.

რამდენად გამართლებული იქნება მულტისავალუტო სისტემის შემოღება? თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-ის) კვლევის ინსტიტუტის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ასეთი სისტემით შეიქმნება ქაოსური სისტემა, რომლის მთავარი შედეგიც იქნება ეროვნული ბანკის ძალაუფლების შესუსტება: მნიშვნელოვნად შესუსტდება მისი ფუნქციები, გაატაროს მონეტარული პოლიტიკა და მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება; ამასთან, თეორიულად მისი ფუნქციონირებისთვის ვალუტის საკმარისი რესურსის შემოდინებაა საჭირო.

„საბოლოოდ ეს მაინც იდეოლოგიურ საკითხამდე დადის — ის ადამიანები, რომლებიც ემხრობიან მულტისავალუტო სისტემას, სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა საერთოდ საჭირო არ არის, ამიტომ ცენტრალური ბანკის გაუქმებასაც მიემხრობიან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი სისტემები არათუ ხშირი არ არის, არამედ პრაქტიკულად ვერ ნახავთ. ესაა სისტემა, სადაც მთლიანად კარგავ კონტროლს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე და მინდობილი ხარ ბაზარზე. ქვეყნების უდიდეს ნაწილში კი დიდად არ ენდობიან ბაზრებს, საბაზრო ჩავარდნების გამო, ამიტომ ასეთ სრულიად თავისუფალ სისტემას ვერ შეხვდებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი