ახალი ამბები

რას ჰპირდება ბურჯანაძე ამომრჩეველს | არჩევნები 2020

27 ოქტომბერი, 2020 • 1568
რას ჰპირდება ბურჯანაძე ამომრჩეველს | არჩევნები 2020
  • ნატოსთან თანამშრომლობა, მაგრამ არა გაწევრიანება;
  • პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა;
  • პედაგოგების ხელფასების მინიმუმ 1 600 ლარამდე გაზრდა;
  • ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია

ეს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” საპროგრამო დებულებების მცირე ჩამონათვალია. 35-გვერდიან საარჩევნო პროგრამაში პარტიის უმთავრეს მიზნებად დასახელებულია: ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ აპირებს ნინო ბურჯანაძის პარტია ჩამოთვლილი ამოცანების შესრულებას.

“ერთიანი საქართველოს” შესახებ

პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “ვარდების რევოლუციის” ტრიუმვირატის წევრმა ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის 23 ნოემბერს დააფუძნა – რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც მისი და მიხეილ სააკაშვილის გზები “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაზე შეუთანხმებლობის გამო გაიყარა. 2009 და 2011 წლებში ბურჯანაძე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 2011 წლის 26 მაისის აქცია რუსთაველის გამზირზე დარბევით დასრულდა.

2019 წლის ივნისის რებრენდინგის შემდეგ პარტიის სახელწოდებაა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“. პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა, ახალგაზრდულ ფრთას კი მისი შვილი – ანზორ ბიწაძე ხელმძღვანელობს.

ანზორ ბიწაძე იმ აუდიჩანაწერის ფიგურანტია, რომელიც ხელისუფლებამ 2011 მაისის აქციების დროს გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში რევოლუციას რუსეთის დახმარებით გეგმავდა. ჩანაწერში ისმის ფრაზები: “თუ პასუხისმგებლობას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე წასვლაც ღირს”; “კოჯრის ბატალიონი თუ მესვრის, პირველ იერიშს ავიცილებ და დადგეს და გრუ-ს სპეცნაზთან გაარკვიოს ურთიერთობა”.

https://www.youtube.com/watch?v=yIHuDFyOrNQ

ანზორ ბიწაძე აღნიშნულ ჩანაწერს – “გაყალბებულს და მანიპულირებულს”, ნინო ბურჯანაძე კი “დამონტაჟებულსა და ფალსიფიცირებულს” უწოდებს და ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტურობის გამოძიება არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა.

“დემოკრატიული მოძრაობისა” და მისი ლიდერის მხარდაჭერა, არჩევნებში ნაჩვენები შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, კლებადია: 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა თუ 10%-ს აღემატებოდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “დემოკრატიულმა მოძრაობამ” 3.54% მიიღო და ბარიერი ვერ გადალახა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი 2.59%-იანი შედეგი აჩვენა.

საგარეო პოლიტიკა და დეოკუპაცია

ნინო ბურჯანაძის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, ისევე, როგორც “ქართული ოცნებისა” 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ეფუძნება პრინციპს, “საქართველო არ გახდეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონი”.

“ერთიანი საქართველო” მხარს უჭერს რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, ევროკავშირში ინტეგრაციას და ნატოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გზით, თუმცა არა – ალიანსის წევრობას.

“2020 წლის მოწვევის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არარეალისტურია და ამის შესახებ პარტიების უმეტესობა ელექტორატის მოზიდვის მიზნით, პოპულისტურად საუბრობს”, – ვკითხულობთ პარტიის პროგრამაში და ბურჯანაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკას არ გაატარებს.

“ნატოში გაწევრიანება, როცა რუსული ბაზები არის საქართველოს ტერიტორიაზე, არარეალისტურიც არის და დიდი საფრთხის მატარებელიც. საქართველოს ინტერესში ის კი არ არის, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გავწევრიანდეთ, საქართველოს ინტერესშია, მოვაგვაროთ ტერიტორიული პრობლემები, დავაბრუნოთ დევნილები, ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა. ნატო-ში, ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაში, გაწევრიანება, არის ერთ-ერთი საშუალება, რომ საქართველომ თავის მიზანს მიაღწიოს. ალიანსში გაწევრიანება ასეთი საშუალება ნამდვილად იყო 2008 წლამდე.

ახლა ნატოში გაწევრიანება არათუ ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტების მოგვარებას, არამედ ხელს შეუშლის”, – ამბობს ბურჯანაძე, წარმოუდგენლად მიიჩნევს რა, რომ “გორის მაგისტრალის ერთ მხარეს – რუსული, მეორე მხარეს კი ნატოს ან ამერიკული ბაზები იდგენენ”, რადგან, მისი აზრით, რომელიმე მხარეს ერთმა ჯარისკაცმაც რომ გაისროლოს, ადვილი წარმოსადგენია, “საქართველოს ტერიტორიიდან რა დარჩება”.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მიიჩნევს, რომ სამხედრო ბლოკის წევრობაზე უარის თქმამ შეიძლება, კონფლიქტების მოგვარებას ხელი შეუწყოს: “დიახ, მე ვთვლი, ხმამაღლა გაცხადება, რომ ახლა საქართველო ნატო-ში ვერ და არ გაწევრიანდება, გარკვეულ როლს ითამაშებს მოლაპარაკებებში”.

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის კონფლიქტებში რუსეთი ჩართული იყო ჯერ კიდევ 1991-92 წლებში, როდესაც ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი თბილისს გაცხადებულიც არ ჰქონია, მოგვიანებით კი საქართველო, პირიქით, დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეუერთდა.

მოლდოვა უბლოკო სტატუსის მქონე ნეიტრალური სახელმწიფოა 1994 წლიდან, თუმცა ეს არ გამხდარა რუსული სამხედრო ბაზების დნესტრისპირეთიდან გაყვანისა და კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა. ისევე როგორც, 2010 წელს უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ უკრაინას ვერ აარიდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.

ნინო ბურჯანაძეს ვკითხეთ, რა აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ საქართველოს შემთხვევაში მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებული ვითარება შეიქმნება: “იცით რა, მე არავის ვუშლი ხელს ნატოში გაწევრიანებაში. ჩემი პარტია გაატარებს პოლიტიკას, რომ პირველ რიგში, სანამ ნატოში გაწევრიანებაზე ვილაპარაკებ, მეორე ქვეყნის ჯარს გავიყვან საქართველოს ტერიტორიიდან… ვეცდები, ეს გავაკეთო, თუ ხელს არ შემიშლიან”, – გვპასუხობს იგი.

“ხელის შემშლელი”, ბურჯანაძის აზრით, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ძალა, რომელსაც არ აწყობს ამ ტიპის მოლაპარაკებები. თავად კი რუსეთთან დიალოგის საწარმოებლად საკუთარი გამოცდილების იმედი აქვს და როგორც დღეს არსებული ფორმატების (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგი) შენარჩუნებას, ისე რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგს გეგმავს.

ნინო ბურჯანაძე და ვლადიმერ პუტინი, მოსკოვი, 2010 წლის 8 მაისი; ფოტო: EPA

საზოგადოებრივი აზრის კვლევები სტაბილურად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) ფიქრობს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს. ალიანსში გაწევრიანების მომხრეა ყველა პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც ნინო ბურჯანაძე “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე ოპოზიციურ დიალოგში მონაწილეობდა. ბურჯანაძემ იცის, რომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგად ვერცერთი ოპოზიციური ძალა ერთპიროვნულად ხელისუფლებაში ვერ მოვა და საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუმცა იმედოვნებს, რომ საგარეო პოლიტიკაზე ხედვები ასეთ კოალიციაზე შეთანხმებას ხელს არ შეუშლის.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საშინაო პრობლემების მოგვარების პრიორიტეტების თვალსაზრისით და არა – საგარეო პოლიტიკური მიმართულების. საგარეო პოლიტიკის მხრივაც, თუ ხელოვნურად არ შევქმნით ბარიერებს, მე ვერ ვხედავ რადიკალურ განსხვავებას ჩვენსა და სხვა პარტიებს შორის. ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ – ვისაც მიაჩნია, რომ ნატო უშველის ქვეყანას, იმუშაოს ნატოს მიმართულებით, ვისაც სხვაგვარად მიაჩნია, იმუშაოს სხვა მიმართულებით”, – ამბობს იგი.

ნინო ბურჯანაძე აუცილებელად მიიჩნევს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოებას როგორც სახალხო დიპლომატიის გზით, ასევე, დე ფაქტო ხელისუფლებებთან მოლაპარაკებების დონეზე, და ამბობს, რომ ეს ამ ხელისუფლებების ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის აზრით, არ უნდა დავსვათ კითხვები იმის შესახებ, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს დე ფაქტო ხელისუფლებებთან საუბარი, თუ ისინი რუსეთისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ამბობს, რომ “გარკვეული დამოკიდებულება არსებობს”, როგორც ყველგან, მაგრამ ასევე არსებობს არაერთი მაგალითი, რომ “გარკვეულ შემთხვევებში დე ფაქტო ხელისუფლება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ გადაწყევტილებასაც იღებს”.

“თუ ადამიანებს დაუძახებ მარიონეტებს, დაუძახებ, რომ მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არა აქვთ, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არ გამოავლენენ შენთან საუბრის სურვილს და მართლებიც იქნებიან”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი აზრით, “რუსეთთან საუბარი იმისთვისაც გვჭირდება, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის პროცესში მოსკოვმა მინიმუმ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს, ან საუკეთესო შემთხვევაში პოზიტიური როლი ითამაშოს”. კითხვაზე, აქვს კი მოლოდინი, რომ რუსეთი პოზიტიური როლს ითამაშებს, ნინო ბურჯანაძე პასუხობს: “არ ვიცი, ყველანაირად შევეცდები, პროცესი პოზიტივისკენ შემოვაბრუნო”.

სასამართლო სისტემა

ნინო ბურჯანაძის პარტია უერთდება მომავალი სასამართლო სისტემის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებას, რომელიც ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაფართოებას, მოსამართლეთა არჩევითობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანებას, 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმებას, უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში უცხოელი მოსამართლეების დანიშვნას და რიგ დავებზე აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარებას ითვალისწინებს.

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

თუმცა პარტიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა სასამართლოს ნაწილში არათუ სრულ თანხვედრაშია, არამედ გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის საერთო ოპოზიციურ ხედვასთან. მაგალითად, თუ ოპოზიციის შეთანხება ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია.

“გარკვეული ნიუანსები ნამდვილად არის განსხავებული [პარტიის პროგრამასა და საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას შორის], თუმცა მთავარია, ძირითად პრინციპებზე ვთანხმდებით – როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კლანურობის გამორიცხვა, – რასაც სჭირდება პოლიტიკური ნება და არა კოსმოსური გამოგონებები, – პოლიტიკური მოტივაციის მოხსნა სასამართლო ხელისუფლებიდან, მოსამართლეების არჩევითობის გამჭვირვალობა და ა.შ. დანარჩენი უფრო კონკრეტული სქემები, რა თქმა უნდა, შემდეგ იქნება შესათანხმებელი”, – ამბობს ბურჯანაძე.

“ერთიანი საქართველო” ეწინააღმდეგება მოსამართლეთა, მით უფრო მოქმედ მოსამართლეთა, უვადოდ დანიშვნას მაშინ, როდესაც ვენეციის კომისია, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს. ბურჯანაძე ამბობს, რომ უვადო მოსამართლეების გათავისუფლება არ უნდა იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, თუმცა უკვე დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმი შეიძლება იყოს სადავო საქმეების გადახედვა და ე.წ. ამპაროს პროცედურა – სამართალწარმოების კონსტიტუციური ზედამხედველობის ფორმა, რომელიც განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობას კონკრეტული მოქალაქის დარღვეული უფლებების მიმართ. ამპაროს პროცედურა მხოლოდ ერთ ინსტანციას მოიცავს, არ ექვემდებარება აპელაცია-კასაციას და შეეხება იმ საქმეებსაც, რომლებზეც ხანდაზმულობის ვადა გასულია.

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნინო ბურჯანაძის პარტია საქართველოს მოსახლეობას არ ჰპირდება სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და პირველი ორი წლის განმავლობაში ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს.

“ერთიანი საქართველოს” მიზნები ფისკალურ-ეკონომიკური მიმართულებით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2021 წელს – ეკონომიკური ვარდნა არაუმეტეს 5%-ისა;
  • 2022 წელს – ეკონომიკური ვარდნა არაუმეტეს 1.5%-ისა;
  • 2023 წელს – 2.5-3%-იანი ზრდა;
  • 2024 წელს – 3%-მდე ზრდა.

ეს პროგნოზი გაცილებით პესიმისტურია, ვიდრე – საერთაშორისო სავალუტო ფონდის, რომლის თანახმადაც, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება, 2022 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდა 6% იქნება. საქართველოს მთავრობის მოლოდინი 2021 წლისთვის თანხვედრაშია IMF-ის პროგნოზთან და მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით გაიზრდება.

დამატებითი კაპიტალის და სამუშაო ადგილების შექმნას, “დემოკრატიული მოძრაობის” გათვლით, ხელი უნდა შეუწყოს კორპორატიული საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ.

რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკას, “ერთიანი საქართველო” პროგრესული დაბეგვრის რეჟიმის მომხრეა და მოქმედი საშემოსავლო გადასახადის, ნაცვლად პროპორციული 20%-ისა, 7-17%-ის ფარგლებში განსაზღვრას გეგმავს. ასევე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აუქმებს პირველად პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების გადასახადსა და ქონების გადასახადს იმ შინამეურნეობებისთვის, რომელთა წლიური დაუბეგრავი შემოსავალი 175 000 ლარზე ნაკლები იქნება.

“ერთიანი საქართველოს” პროგრამით, სტარტაპის მდგომარეობაში მყოფი მცირე ბიზნესი პირველი სამი წლის განმავლობაში გათავისუფლდება გადასახადებისგან; მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის სფეროში. ცნობისთვის, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი ახლაც არ იხდის მოგების გადასახადს. თავად მოგების გადასახადი, “ერთიანი საქართველოს” აზრით, უნდა შემცირდეს 15%-დან 10%-მდე, ხოლო გადასახადი დივიდენდზე – 2%-მდე. ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის ნინო ბურჯანაძე გეგმავს სატრანზიტო ტარიფების შემცირება-ოპტიმიზაციასაც.

“დემოკრატიული მოძრაობის” აზრით, უნდა აიკრძალოს მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლება მანამ, სანამ არ მოიძებნება ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო დაზარალებულთა ადეკვატური წარმომადგენლობით უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის ბანკის მოვალეთა საქმეებს. ბურჯანაძე ბანკების მიერ “ხელოვნურად გაზრდილი” საპროცენტო განაკვეთების შესწავლის პირობასაც დებს. ასევე, მიიჩნევს, სახელმწიფომ უნდა დაფაროს მოქალაქეების იპოთეკური სასესხო საპროცენტო ხარჯების ნახევარი, მინიმუმ, 2023 წლამდე.

“ერთიანი საქართველოს” პროგრამით, ასევე, გათვალისწინებულია:

  • სახელმწიფო მოხელეთა შემოსავლები, ისევე როგორც პენსია, მიებას საარსებო მინიმუმს, რომელიც, თავის მხრივ, გადასახედია;
  • ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია მოხდეს ინფლაციის გათვალისწინებით (პენსიის ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” ეს უკვე გააკეთა);
  • პენსია განისაზღვროს შრომითი სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით და 50%-ით აღემატებოდეს რეალურ საარსებო მინიმუმს, პენსიონერებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა გახდეს უფასო;
  • დედებს შვილის აღზრდის პერიოდი ჩაეთვლოთ შრომით სტაჟში – დაწესდეს „დედის ხელფასი“;
  • განისაზღვროს მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსი და შემოღებული იქნას მათთვის შემწეობა;
  • მოხდეს საცხოვრებელდაკარგულთა აღწერა და მათთვის ეფექტიანი დახმარების გაწევის მიზნით სოციალური დაცვის საგანგებო პროგრამის შემუშავება;
  • ბავშვებზე ძალადობის და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნას ბავშვთა დახმარების 350- მილიონლარიანი სახელმწიფო ფონდი;
  • ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის „ქართული კერა“ დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ოჯახები წელიწადში მინიმუმ 100 ათასი კვ. მ ფართით დაკმაყოფილდება. ამისთვის “დემოკრატიული მოძრაობა” არამომგებიანი სახელმწიფო ფონდის შექმნას გეგმავს, რომელსაც საბრუნავი სახსრები 150 მილიონი ლარის უპროცენტო სახელმწიფო სესხის სახით და მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცემა. ამრიგად, ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებელი ფართის მხოლოდ თვითღირებულებას, ანუ დღევანდელი საბაზრო ფასის მესამედს გადაიხდის.

როგორ აპირებს ბურჯანაძე ჩამოთვლილი სოციალური პროგრამების განხორციელებას და ბიუჯეტში თანხების მობილიზებას იმ ფონზე, როდესაც მისივე პროგნოზით, უახლოეს წლებში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდას არ უნდა ველოდოთ?

“აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაპირებებისა პირველ ეტაპზე შესაძლებელია, შესრულდეს ბიუჯეტის ოპტიმიზაციით. ბიუჯეტში არის 700 მილიონი, რომელიც შეიძლება მოაკლო წარმომადგენლობით ხარჯებს, ავტმობილებით მომსახურებას და ა.შ.”, – ამბობს ბურჯანაძე.

“ერთიანი საქართველოს” შეფასებით, დღეს საქართველოს მისი მდგომარეობისთვის შეუფერებლად „ძვირი ხელისუფლება“ ჰყავს და სამინისტროების, მუნიციპალური და თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია და ასეთი ოპტიმიზაციის ხარჯზე სოციალური დახმარებების სულ ცოტა 20%-ით ზრდა უნდა მოხდეს, ამავდროულად, ისე, რომ “თვითმიზანი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოხელეთა რაოდენობის შემცირება ან გაზრდა”.

“არავითარი სურვილი არა მაქვს, დამატებითი უმუშევრები გავაჩინო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სსიპების და აიპების ფუნქციები უნდა შეიცვალოს და ეს ორგანიზიაციები არ უნდა იყოს მმართველი პარტიის დანამატი, არამედ კონკრეტულ ფუნქციას უნდა ასრულდებდნენ და ბიუჯეტში თანხა უნდა შემოჰქონდეთ. რამდენი ადამიანიც საჭიროა კონკრეტული სამინისტროს, გამგეობის, საკრებულოს სამუშაოდ, იმდენი უნდა მუშაობდეს, – არც მეტი და არც ნაკლები”, – აცხადებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერი.

განათლება

განათლების მიმართულებით “დემოკრატიული მოძრაობა” გეგმავს ეროვნული გამოცდების გაუქმებას და აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით.

პარტია პედაგოგთა ანაზღაურების რეფორმის და პედაგოგების მინიმალური ხელფასის 1600 ლარამდე გაზრდის პირობას დებს. ასევე, აპირებს, პედაგოგის სტატუსი მიანიჭოს ბაგა-ბაღების აღმზრდელებს.

“ერთიანი საქართველოს” თქმით, ყველაფერს იღონებს, რათა:
  • პოსტპანდემიურ პერიოდში, სახელმწიფო დაეხმაროს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში;
  • მუნიციპალური ტრანსპორტი გახდეს სტუდენტებისთვის უფასო;
  • სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მიეცეთ გამოცდების ჩაბარების უფლება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეექმნათ სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  • შეიქმნას სპეციალური ფონდი უცხოეთში სტუდენტების სასწავლებლად გაგზავნის მიზნით. საგანმანათლებლო კრედიტს, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მთლიანად დაფარავს ფონდი.

“შემუშავებული გვაქვს სახელმწიფო ენის შესწავლის ეროვნული პროგრამა, რომ არაქართველმა მოსახლეობამ სრულყოფილად ისწავლოს სახელმწიფო ენა. პედაგოგებს, რომლებიც მაღალმთიან ან მრავალეთნიკურ რაიონებში იქნებიან მივლინებით, 5 წლის შემდეგ, წარმატებით სერტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფო აჩუქებს მიწას, რომელიც შეუძლიათ როგორც ტურისტული, ისე სასოფლო-სამეურნეო კუთხით გამოიყენონ”, – ამბობს გიგლა ბარამიძე, “ერთიანი საქართველოს” გენერალური მდივანი და საარჩევნო სიის მეორე ნომერი.

ბარამიძის თქმით, ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელება დამატებითი სახსრების მოზიდვას არ საჭიროებს და ეს ადამიანები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწებით დაკმაყოფილდებიან, ასევე, ამისთვის, “საჭირო იქნება, გადამთიელებზე არ გაყიდოს მიწები”. “ნეტგაზეთის” რეპლიკის საპასუხოდ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისება ისედაც აკრძალულია, ბარამიძე ამბობს, რომ “აკრძალულია, მაგრამ შემოვლითი გზებით ხდება”.

ჯანდაცვა

“ერთიანი საქართველოს” პროგრამით, სახელმწიფო თავისი მატერიალური შესაძლებლობისა და სამედიცინო ქსელის პოტენციალის ფარგლებში სრულად დაეხმარება მათ, ვისაც თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ჯანმრთელობა და სოციალურად მგრძნობიარე ფენები – ბავშვები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველი პირები – უზრუნველყოფილი იქნებიან სრული სამედიცინო მომსახურებით, აუცილებელი მედიკამენტების ჩათვლით.

“ერთიანი საქართველო” მედიკამენტების სფეროში მონოპოლიებზე საუბრობს და ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ფასების დადგენა-რეგულირება უნდა მოხდეს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებით.

“მედიკამენტების შემომტანი სულ 3-4 კომპანიაა და დაწესებულია მაღალი ფასები. დიახ, 3-4 კომპანია მაინც მონოპოლიაა, რატომ მეტი არ უნდა იყოს? ძალიან ბევრი ვიცი, აფთიაქები აქვთ, მაგრამ მედიკამენტები ვერ შემოაქვთ იმიტომ, რომ პრობლემები ექმნებათ საბაჟოზე. ეს სქემები ყველა სექტორშია და უნდა მოიშალოს, მათ შორის, საგამოძიებო უფლებები მქონე ანტიკორუფცული სააგენტოს შექმნით. შედეგად, ვფიქრობ, აუცილებელი წამლების ფასი 45-50%-ით გაიაფდება”, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

გიგლა ბარამიძის თქმით, კონკრეტულად შეიძლება ვერ განსაზღვროს, რა თანხა დაიხარჯება ჯანდაცვის პროგრამებზე, თუმცა, როგორც ჯანდაცვის, ისე განათლების და სხვა მიმართულებებზე ფინანსების მიმართვას “დემოკრატიული მოძრაობა” სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯების შემცირების, ბიუჯეტის “სწორად განაწილების”, დონორებიდან მოზიდული თანხებისა და ინვესტიციების იმედად გეგმავს.

“იცით, რიცხვებს თუ გავაანალიზებთ, ჩვენს პარტიას სხვებთან შედარებით მოკრძალებული რიცხვები გვაქვს იმიტომ, რომ რეალურს ვწერთ, თორემ ვიტყვი, რომ გექნებათ 500-ლარიანი პენსია და 3-4 ათასლარიანი ხელფასები პედაგოგებს… ვერ გვექნება, იმიტომ, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენი პროგრამა არის ერთი შეხედვით მოკრძალებული, მაგრამ რეალისტური”, – გვითხრა გიგლა ბარამიძემ. 

სხვა ინიციატივები

“ერთიანი საქართველოს” აზრით, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი და მისაღებია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში შევა არა იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადაში, რომელიც მას მიიღებს, არამედ მხოლოდ ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.

მათ შორის, ნინო ბურჯანაძე ემხრობა საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პრეზიდენტის ხალხის მიერ, პირდაპირი წესით არჩევას.

კიდევ ერთი დაპირება ქართული ჯარის წვევამდელთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადაყვანაა.

“დემოკრატიული მოძრაობა” გეგმავს ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და წამალდამოკიდებულთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალიზებული ცენტრების ქსელის შექმნას.

“ჩვენს პარტიას ბევრი კოზირი აქვს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კოზირი არის პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აქვს გამოცდილება და ძალა, რომ ყველაფერი, რაზეც გელაპარაკეთ, კომპეტენტურად შეასრულოს, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გვერდით დაიყენოს ნებისმიერი შეხედულების მქონე პროფესიონალი და არ შეეშინდეს საქმის მცოდნე ადამიანებთან ურთიერთობის”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე იმ კითხვის პასუხად, თუ რა გამოარჩევს მის პარტიას სხვებისგან და რატომ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა 2020 წლის 31 ოქტომბერს.

ბურჯანაძე, ბიწაძე და სხვები – “ერთიანი საქართველოს” 20-ეული

მასალების გადაბეჭდვის წესი