ახალი ამბები | , , , , ,

საბოლოო დასკვნისთვის ISFED-ს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მოწოდება ვთხოვეთ — მდინარაძე

10 ნოემბერი, 2020 | | 922
საბოლოო დასკვნისთვის ISFED-ს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მოწოდება ვთხოვეთ — მდინარაძე

“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, პარტიამ პარალელური დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით “სამართლიან არჩევნებს” (ISFED) მიმართა.

მისი თქმით, ცესკოს და პარალელურად დათვლის შედეგებში “მცირე ცდომილება” მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობისა” და “ქართულ ოცნების” შედეგებში იყო. როგორც მდინარაძე ამბობს, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის ISFED-ისგან უბნების ჩამონათვალი სჭირდებათ, რომ კიდევ ერთხელ “გაიარონ”. მისი თქმით, ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არგუმენტი აღარ დარჩა.

“ჩვენ მივმართეთ “სამართლიან არჩევნებს”, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ გადათვლილ 1500 უბანზე მოეწოდებინათ ინფორმაცია, რომელთან დადარების შედეგადაც კიდევ უფრო დეტალურად გავერკვეოდით, რაშია საქმე, რამ გამოიწვია ის მცირე სხვაობა. თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენები, გამოდის, რომ არცერთ პარტიას არცერთი პროცენტი და არცერთი ხმა არ დაკლებია და ეს მოხდა “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, იმ პარტიების ხარჯზე, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი”, — განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადების შემდეგ ნეტგაზეთი დაუკავშირდა ISFED-ს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ გვითხრა, “ქართულ ოცნებას” ჯერ მათთვის არ მიუმართავს. თუმცა ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკვირდებოდა ორგანიზაცია, ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული, სხვა დეტალები კი, მაგალითად, ბათილი ბიულეტენების შესახებ, ორგანიზიციის განცხადებაშია მოცემული.

“ჩვენ რასაც დავაკვირდით, ყველა ეს ინფორმაცია არის ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ძალიან დიდი ხანია და მთელმა საქართველომ ნახა და ბატონ მამუკას თუ აინტერესებს, შეუძლია ეს ოქმები გადაამოწმოს. აქ განსხვავება ის იყო, რომ ISFED-მა მეთოდოლოგიიდან გამომდინარე პირველმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება. თორემ ახლა მთელმა საქართველომ იცის იმ პრობლემის შესახებ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დისპროპორციაა ოქმებში და მაგის გარდა კიდევ ბევრი სხვა პრობლემაც არის.

ეს ოქმები არის ოფიციალური ოქმები, ჩვენ არაფერი ოქმები არ გვაქვს. შეიძლება პარალელურ დათვლაში ვიღაცას ჰგონია, რომ ჩვენ ცალკე რაღაცას ვითვლით და ვაკეთებთ, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ოფიციალურად უბნებზე შედგენილ ოქმებს ეყრდნობოდა და ამის საფუძველზე გვაქვს გაანალიზებული. ამიტომ ეს ოქმები, ერთი მხრივ, ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული და თუ მათ ოქმების მიღება უნდათ, შეუძლიათ ცესკოს მიმართონ და ოფიციალურად გამოითხოვონ ეს ოქმები”, — განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

პირველ ნოემბერს ISFED-მა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პროპორციული წესით პარლამენტში, შესაძლოა, ათი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდეს. ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებს 95%-იანი სანდოობის ინტერვალი და 0.1-დან 0.7 პროცენტამდე ცდომილების ხარისხი აქვს.

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმათა 45.8% მოაგროვა, რაც 120 მანდატიდან დაახლოებით 54-ის (54.96) მოპოვებას ნიშნავს. პოლიტიკური ბლოკი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია, პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ხმათა 26.4%-ს აგროვებს, რაც 120 მანდატიდან დაახლოებით 31 (31.68) ადგილს ნიშნავს.

ცესკოს პირველადი მონაცემებით კი “ქართულმა ოცნებამ” 48.22%  მიიღო, ენმ – ძალა ერთობაშიამ — 27.18%.

მასალების გადაბეჭდვის წესი