ახალი ამბებისამართალი

დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

14 სექტემბერი, 2020 • 3632
დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის უკვე არსებობს ზეპირი შეთანხმება, როგორ უნდა გატარდეს მართლმსაჯულების რეფორმა 2020 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში. სხვა პუნქტებთან ერთად, რეფორმა მოიცავს შსს-სა და პროკურატურის გარდაქმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილს კი, შეთანხმების მონაწილენი, ამ ფორმითა და ფუნქციებით, საერთოდ ვერ ხედავენ სისტემაში.

პროექტის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩნდებიან არჩევითი შერიფები, არჩევითი ბრალმდებლის ინსტიტუტი და რამდენიმე ახალი უწყება. პარტიებმა აღნიშნული ინიციატივები არასამთავრობო სექტორთან ერთადაც განიხილეს, რა დროსაც, იდეების ნაწილის თანხვედრასთან ერთად, აზრთა სხვადასხვაობაც გამოიკვეთა.

ზემოაღნიშნული რეფორმის შინაარსზე ოპოზიცია ბორჯომში გამართულ კონსულტაციებზე შეთანხმდა. ამ ეტაპზე, შეთანხმების შინაარსს იზიარებენ “გირჩი”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დემოკრატიული საქართველო”.

შერიფები, რომელთაც თვითმმართველობების დონეზე აირჩევენ – რას გულისხმობს შსს-ს რეფორმა

ოპოზიცია ბორჯომში გამართულ კონსულტაციებზე შეთანხმდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისთვის, პირველ რიგში, მისი დეცენტრალიზაციაა საჭირო.

ამისთვის, შეთანხმების მონაწილე პარტიები ერთ-ერთ პირველ პირობად შინაგან საქმეთა მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილებას განიხილავენ. მარტივად რომ ვთქვათ, მათი პროექტის აღსრულების შემთხვევაში, მინისტრი აღარ იქნება პირველი პოლიციელი.

“ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიცია, რომელიც ერთი კაცის ჭკუაზე დადის და რასაც უნდა, იმას აკეთებს. მაგალითად, მე ცრუ მოწმე პოლიციელებმა გამასამართლეს და 10 დღით ციხეში ვიჯექი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე.

ჩვენ ვიცით პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების უამრავი ფაქტი. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ პოლიცია მკაცრად ცენტრალიზებული უწყებაა. ჩვენ გვინდა ამ საბჭოთა სისტემის დაშლა და ადამიანების შემოყვანა გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – აღნიშნავს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სისტემაში ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად პარტიები შეთანხმდნენ ბიუროს შექმნაზე, რომელიც მხოლოდ ამ საკითხზე იმუშავებს. ხოლო იმისათვის, რომ უწყება მეტად დეცენტრალიზდეს, შედგა შეთანხმება, შეიქმნას შერიფის ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

მაგალითად: ამჟამად, ჩხოროწყუში, ისევე როგორც, საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, პოლიციის უფროსს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს. ოპოზიციის ინიციატივის აღსრულების შემთხვევაში, პოლიციის უფროსის უფლებამოვალეობებს შეითავსებს შერიფი, რომელსაც მოქალაქეები ისევე აირჩევენ, როგორც, მაგალითად, ქალაქის მერს.

გასულ კვირას, როდესაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით იდეებს ცვლიდნენ, აზრთა სხვადასხვაობა, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ  შერიფის ნაწილზე გამოიკვეთა.

აღნიშნული თანამდებობა საუკუნეების მანძილზე არსებობდა და არსებობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. მისი ქართულ მართლმსაჯულებაში შემოტანის იდეა “გირჩს” ეკუთვნის, შემდგომ კი ინიციატივას სხვა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი.

“ახლა გვყავს ერთი პოლიციის უფროსი, რომელიც მარტვილშიც, ჩხოროწყუშიც, კახეთშიც და სამცხე-ჯავახეთშიც ნიშნავს ერთნაირ პოლიციის უფროსს, სისტემისგან დანიშნულ პოლიციელს, რომელიც ერთნაირი მორალით მოძრაობს ყველგან, არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას და ერთადერთი კრიტერიუმი [მისთვის] არის ერთგულების ნიშანი”, – ამბობს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ამის საპირისპიროდ, პარტიებს სურთ, ხალხმა თავად აირჩიოს ნდობით აღჭურვილი პირები – შერიფები – ადგილობრივ დონეზე. ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამ გზით “ძალაუფლების ცენტრი დაიშლება” და სისტემას ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვეღარ გააკონტროლებს.

“შეცდომები იქნება, ცხადია, თუმცა ყველაგან არა. და ზოგიერთი ადგილის მეშვეობით, რომელიც წარმატებული იქნება და სადაც სათანადო ადამიანებს აირჩევენ, გვექნება დაკვირვების საშუალება.

მაგალითად, თუ ჩხოროწყუმ აირჩია პოლიციის კარგი უფროსი და მარტვილმა – არა, გვექნება დრო, რომ 2 ან 3 წლის შემდეგ, როცა შემდეგი არჩევნები იქნება, მარტვილელებმაც მიბაძონ ჩხოროწყუელებს და იმავე პრინციპით აირჩიონ თავიანთი პოლიციის უფროსი”, – ეუბნება “გირჩის” ლიდერი “ნეტგაზეთს”.

ოპოზიციის იდეა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-სთვის მიუღებელი არ არის, თუმცა იურისტ გურო იმნაძეს მიაჩნია, რომ შერიფების ინსტიტუტის შექმნამდე, შემდეგ კი, მის ჩატანამდე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ზოგადი კონტექსტის გააზრება და სისტემის სპეციფიკის შესწავლაა საჭირო. მისი თქმით, მსგავსი პროექტის უპირველესი წინაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაა.

“თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა არ გატარდება ამ ქვეყანაში ფუნდამენტურად და ძლიერი თვითმმართველობები არ გვეყოლება, მხოლოდ და მხოლოდ შერიფის ინსტიტუტის ადგილობრივ დონეზე გადატანა და მისი არჩევითობა პირიქით შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს და მივიღოთ ადგილობრივ დონეზე მაღალი ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომელთა მიმართაც არ არსებობს ანგარიშვალდებულების საკმარისი მექანიზმები”, – ამბობს ის.

სხვა მხრივ, იმნაძე იზიარებს ოპოზიციის იდეებს სისტემის დეცენტრალიზაციისა და მინისტრის უფლებამოსილების შეკვეცის კუთხით.

NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიების დისკუსიას იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი სანდრო ბარამიძეც ესწრებოდა. ის თანამშრომლობს “ევროპულ საქართველოსთან”, რომელიც შეთანხმების ყველა პუნქტს მხარს უჭერს. თუმცა, თავად ბარამიძეს შერიფების ნაწილზე განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ ინსტიტუტის ადგილს ქართულ რეალობაში ვერ ხედავს, რასაც ქართული დემოკრატიის მცირე ტრადიციითა და  “ადგილობრივი გავლენებით” ხსნის.

“მაჟორიტარული სისტემის მოშლაც იმიტომ გვინდოდა, რომ ამ ხალხის ერთადერთი მიზანი თავიანთი ბიზნეს ინტერესების ლობირება და თავიანთი კანონიერი თუ უკანონო საქმიანობისთვის რაღაც საფარველის შექმნა იყო. მაჟორიტარული კანდიდატების არჩევნები რომ ბოლომდე არჩევნები  არ იყო და ყოველთვის იყო დამოკიდებული ვიღაც ადგილობრივ ფეოდალებზე, ესეც ცხადია. ამ ადგილობრივ ფეოდალებს ისღა აკლიათ, პოლიციური უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების არჩევნებიც თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ”, – ამბობს ის.

აღნიშნულს იდეის ავტორები არ ეთანხმებიან. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს მოდელი გარანტირებულად ჩამოშლის ერთპარტიულ სისტემას, რაც, მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების უმთავრესი გამოწვევაა.

პროკურატურის უფლებამოსილების შეკვეცა და არჩევითი ბრალმდებელი

პროკურატურის რეფორმის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ უწყებას უნდა ჩამოსცილდეს გამოძიებისა და მასზე ზედამხედველობის ნაწილი. ამ გეგმით, პროკურატურას მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება რჩება.

დღეს ვითარება სხვაგვარია: მაგალითად, პროკურატურას შეუძლია, კონკრეტული პირის მკვლელობის საქმეზე დაიწყოს გამოძიება, ამავე  უწყებაში შემავალი დეპარტამენტი უფლებამოსილია, საქმის გამოძიებას ზედამხედველობა გაუწიოს, ბოლოს კი, პროკურატურასვე მიაქვს აღნიშნული საქმე სასამართლოში განსახილველად.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” პროკურატურისთვის გამოძიების ნაწილის ჩამოცილებას მხარს უჭერენ, ვინაიდან შეუსაბამოდ მიაჩნიათ გამოძიების უფლებამოსილების მინიჭება იმ ორგანოსთვის, რომელსაც მასზე ზედამხედველობის უფლებაც აქვს.

“გამოძიების უფლებამოსილება ჩვენთვისაც ცალსახად პრობლემურია. დღეს პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, კონკრეტული ტიპის დანაშაულებზე აწარმოოს მთლიანად გამოძიება. ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ერთი მხრივ, გამოძების და მეორე მხრივ, ამ გამოძიებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილებების ერთ ორგანოში თავმოყრა არაბუნებრივი და ურთიერთშეუთავსებელია,” – აღნიშნავს იურისტი გურამ იმნაძე.

მისი თქმით, პროკურატურას უნდა შეეკვეცოს საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილებაც და რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, თუ გამოძიების პროცესში მოქალაქის ინტერესი შეიზღუდება ან რაიმე საგამოძიებო ღონისძიება უკანონოდ განხორციელდება. როგორც ის აღნიშნავს, სხვა სურათია დღეს, როცა პროკურატურა მჭიდროდ არის ჩართული გამოძიების პროცესის დაგეგმვასა და მიმდინარეობაში.

ოპოზიციის ამავე შეთანხმებით, იქმნება “ანტიკორუფციული პროკურატურა”, რომელიც ფუნქციურად გამოეყოფა მთავარ პროკურატურას და სასამართლოში წაიღებს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს.

ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად ასევე გადაწყდა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს უფლება აქვს აირჩიოს, რომ მისი ინტერესები სასამართლოში სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად დაიცვას ადვოკატმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ასრულებს ბრალმდებლის ფუნქციასაც.

როგორც “გირჩის” წარმომადგენელი ლევან ჯგერენაია აღნიშნავს, პარტიას მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა სხვა სახის დანაშაულებზეც უნდა ვრცელდებოდეს, თუმცა ზემოთ მოცემული მოდელი კომპრომისული ვარიანტია ოპოზიციურ პარტიებს შორის.

“პროკურორის ფუნქცია ხომ ის არის, რომ როცა შსს გამოიძიებს დანაშაულს პირობითად… პროკურორმა, თუ ის ჩათვლის, რომ საქმე საკმარისად და სწორად არის გამოძიებული, უნდა წაიღოს ეს საქმე სასამართლოში და წაუყენოს ბრალი. ეს ფუნქცია აქვს მას.

ასეთ შემთხვევაში, მე რატომ  არ შეიძლება მქონდეს იმის საშუალება, რომ როგორც ადვოკატი მიმყავს ჩემს დასაცავად სასამართლოში, ისე წავიყვანო პროკურორი, მე თვითონ შევარჩიო ის და მან დაიცვას ჩემი ინტერესები, თუ დაზარალებული ვარ. მე თვითონ ხომ შემიძლია, გადავწყვიტო, ვის ვენდობი ყველაზე მეტად?

პროკურორის და ადვოკატის ფუნქციები არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთმა[ადვოკატმა] უნდა დაიცვას [ბრალდებული], მეორემ – ბრალი უნდა წაუყენოს და დაზარალებული დაიცვას”, – აღნიშნა მან არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

ბრალმდებლის არჩევითობის იდეას EMC-ში არ ეთანხმებიან, რისკისშემცველად მიიჩნევენ მას და წარსულის გამოცდილებასაც იხსენებენ:

“ჩვენ გვქონდა თავის დროზე კერძო ბრალმდებლის გამოცდილება. ის, რასაც ეს კომპრომისული ვერსია[ოპოზიციურინ შეთანხმება] გვთავაზობს, სწორედ კერძო ბრალმდებლის ინსტიტუტის სახეცვლილი ვერსიაა, როცა მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს ადვოკატი, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებს დევნას. თუმცა, სახელმწიფოს მოწყობა ემყარება იდეას, რომ დანაშაული, პირველ რიგში, მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. მხოლოდ შემდეგ შემოდის იქ დაზარალებულის ინტერესი. ჩვენ ზუსტად იმიტომ ვთქვით კერძო ბრალმდებლის ინსტიტუტზე უარი, რომ შემდგომ დამნაშავეები ცდილობდნენ დაზარალებლთან კონტაქტზე გასვლას, მათთან ურთიერთობის დალაგებას კანონგარეშე, იძულებას, რომ თავისი უფლებები არ გამოეყენებინა და ა.შ. ეს რისკები არ მოხსნილა, დღესაც არსებობს”, – ამბობს გურამ იმნაძე.

“სუს-ი უნდა დაიშალოს”

“ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური პოლიცია” – ვკითხულობთ ოპოზიციის შეთანხმების იმ ქვეთავის დასაწყისში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეხება. შეთანხმების მონაწილე სუბიექტები ამჟამინდელი სუს-ის ადგილს მართლმსაჯულების სისტემაში ვერ ხედავენ. მათი აზრით, უწყება უნდა დაიშალოს და მისი ფუნქციები რამდენიმე ორგანოზე გადანაწილდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, 2015 წლის პირველ აგვისტოს შეიქმნა. ის დღეს 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს. მათ შორისაა ანტიკორუფციული სააგენტო და გენერალური ინსპექცია, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტები, ასევე, ეკონომიკური  და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები.

სუს-ი დაფუძნებისას ამბობდა, რომ ის იქნებოდა “დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე” ორგანო.

თუმცა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სამსახურის როგორც დეკლარირებული, ისე არაფორმალური უფლებამოსილება ფართო და უკონტროლოა. უსაფრთხოების ექსპერტი და პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელი” წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სუს-ის გავლენის შეკვეცას დაშლა დაერქმევა თუ დაყოფა: მთავარია, ის მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ნაწილზე კონცენტრირდეს.

“ტერმინოლოგიური სხვაობაა. დაშლა, გამოყოფა, გადატანა… აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქციაა ქვეყნის შიგნით კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოება და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფის თუ ინდივიდების გამოვლენა თუ პრევენცია.

სუს-ში [დღეს] არის საკმაოდ ბევრი ფუნქცია, გარდა კონტრდაზვერვითი საქმიანობისა, აღრეულია საგამოძიებო ფუნქციები სხვა უწყებებთან მიმართებით… ამიტომ, ტერმინოლოგიური თემაა, იქნება ეს დაშლა თუ გამოყოფა. თუმცა, სუს-ის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ერთადერთი, რომელიც იქნება ამ სამსახურის მანდატში”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაში ნათლად არ არის გაწერილი, რომელი ფუნქცია რომელ ორგანოებზე გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ ფორმით, არსებობას დაასრულებს. ნათელია უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის, ანტიკორუფციული სააგენტოს ბედი: ის სუს-ს გამოეყოფა და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება, ანტიკორუფიცული ბიუროს სახით. ბიურო მხოლოდ აღნიშნული ტიპის დანაშაულებზე იმუშავებს, შემდგომ კი საქმეებს ზემოხსენებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას გადასცემს სასამართლოში მათ წარსადგენად.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არაადეკვატურად ფართო მანდატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზება მოიტანა. პოლიტიკოსების თქმით, საერთო თანხმობის საგანი სუს-სთვის სწორედ “პოლიტიკური პოლიციის” ფუნქციის ჩამოცილებაა.

” ეს[პოლიტიცაზია] არის მთავრი პრობლემა, რომელიც თავის დროზე ჰქონდა კუდ-ს, მერე გადაეცა სუს-ს და სახელების შეცვლა რას შველის?პოლიტიკური პოლიციის გაუქმების გარეშე ეს სულ ასე იქნება”, – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია სუს-ის დაშლის იდეას იზიარებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ სისტემის გასაჯანსაღებლად ცალკეული უწყების დანაწევრება საკმარისი არ არის.

“…აქ არ არის ლაპარაკი მარტო სუს-ის გაუქმებაზე. აქ არის ლაპარაკი, ამის პარალელურად, პროკურატურის რეფორმირებაზე, შსს-ს ასევე დანაწევრებაზე და სისტემურ ცვლილებებზე ყველა მიმართულებით.

თორემ მარტო სუს-ის გაუქმება ჩვენ არაფერს მოგვცემს. ვნახეთ, რომ კუდ-ის გაუქმებამ მოიტანა სუს-ი. მხოლოდ სუს-ს თუ გავაუქმებთ, შეიძლება, რაღაც სხვა აბრევიატურა მივიღოთ. ამიტომ, თუ ეს არ იქნება კომპლექსური, რაზეც არასამთავრობოებიც საუბრობენ, მხოლოდ ერთი უწყების გაუქმება ჩვენ ვერ მოგვიტანს შედეგს”, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სუს-ის ფუნქცია მხოლოდ ანალიტიკური საქმიანობით უნდა შემოიფარგლოს: ასეთია EMC-ის პოზიცია. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ძლიერი უსაფრთხოების სამსახური საჭიროა, თუმცა არა იმ უფლებამოსილებებით, რომლებიც მას დღეს გააჩნია.

“დაშლაში ბევრი რამ შეიძლება, იგულისხმებოდეს. მთავარია ის, რომ უსაფრთხოების სამსახურის დღეს არსებული ძალაუფლება შემცირდეს და რაღაც ლიმიტები მოექცეს. ჩვენი შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურს  არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო კომპეტენცია და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების განხორციელების უფლება.

მისი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ანალიტიკური საქმიანობა, ღია თუ ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების გზით და შემდგომ საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება  სახელმწიფო უწყებებისთვის.

ცხადია, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით უსაფრთხოების სამსახურზე უარს ვერ ვიტყვით და  გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების სამსახური, თუმცა ეს უნდა იყოს ანალიტიკური უწყება და არა ის, რაც დღეს გვაქვს, როცა ყველა რეგიონულ დონეზე ამ სამსახურს აქვს არსებითი გავლენები”, – აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი გურამ იმნაძე.

ჯერ დაუზუსტებელია, როდის მოეწერება ხელი ოპოზიციის შეთანხმებას მართლმსაჯულებაზე. იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ეს მომდევნო კვირის დასაწყისში მოხდება. მისივე განცხადებით, სათუოა, არსებულ ვერსიაში რაიმე შეიცვალოს.

მსგავსებები და განსხვავებები – ეკა ბესელიასა და მისი პარტიის ხედვა

ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის ყოფილი წევრი,  პარტიის “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი და იურისტი ეკა ბესელიაც ესწრებოდა. მას ბორჯომის კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

ბესელიამ  “ნეტგაზეთს” საკუთარი პარტიის ხედვები გაუზიარა ზემოხსენებული 3 უწყების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც ოპოზიციური თანხმობის იდეებს ემთხვევა.

ბესელიას პარტიას მიაჩნია, რომ სუს-ი მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებად უნდა დარჩეს, ჩამოსცილდეს ანტიკორუფციული სამსახური და ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ორგანოდ. ასევე ფიქრობენ, რომ სუს-ს უნდა ჩამოსცილდეს დროებითი იზოლატორები, უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობისთვის კი პარლამენტში სპეციალური კომიტეტი უნდა შეიქმნას.

შსს-ს რეფორმისთვის პარტიას აუცილებლად მიაჩნია გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციების გამიჯვნა, ასევე, ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის სავალდებულო უმაღლესი იურიდიული განათლება. ეკა ბესელიას თქმით, შსს-ს გამოძიება, შესაძლოა, ნაწილობრივ დაეყრდნოს უწყებრივი ექსპერტიზის შედეგებს, თუმცა ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი.

“ამასთან, უნდა შეიქმნას სპეციალური სისტემა, რომელიც გადაამზადებს და მუდმივად დაატრენინგებს პოლიციელებს, რომელთაც ექნებათ მოქალაქეებთან შეხება, მათი კომუნიკაცია მოქალაქეებთან კი უნდა აისახოს კამერაზე, რათა გამოირიცხოს ძალის გადამეტების ფაქტები”, – აცხადებს ბესელია.

პროკურატურის ნაწილთან დაკავშირებით ბესელია აღნიშნავს, რომ მისი რეფორმა ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობისას დაიწყო, მისი თქმით, რეფორმის შედეგად შეიცვალა პროკურორის არჩევის წესი და დაექვემდებარა პარლამენტს, ასევე გაიზარდა პარლამენტის კონტროლი პროკურატურაზე და გადაიდგა ნაბიჯები მისი დეპოლიტიზაციისკენ. თუმცა, როგორც აღნიშნავს, რეფორმას ბოლომდე მიყვანა სჭირდება.

ამავე თემაზე გირჩევთ

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

მასალების გადაბეჭდვის წესი