დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა (და სიძემ) ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაღწია რუსეთის მზაობას, განიხილოს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ნატოს მე-5 მუხლის მოდელზე შექმნილ მექანიზმს დაეყრდნობა.
“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, კუშნერმა ეს განცხადება ბერლინში გააკეთა ჟურნალისტებთან.
ამასთან კუშნერმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია: „რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს“.
„ვფიქრობ, რუსები შევაგუეთ იმ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის განკუთვნილი ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია მე-5 მუხლს დაეფუძნება“.
„ამერიკის გადმოსახედიდან, მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა მართლაც ძალიან, ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, — განაცხადა მან.
მე-5 მუხლი ნატოს შეთანხმების მთავარი პუნქტია, რომლის მიხედვითაც ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.
15 ნოემბერს კუშნერმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის მზადების პროცესში გაჩნდა რამდენიმე ახალი იდეა, რომლებმაც შესაძლოა გარღვევამდე მიგვიყვანოს ან ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, იყო თუ არა მზად, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან ჯარები გაეყვანა.
