ახალი ამბები

პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა | ISFED

9 ნოემბერი, 2020 • 1664
პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა | ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ცესკოს შენობის წინ პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ სახელწმიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

“სამართლიანი არჩევნები გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, აქციის წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება.

დღეს პოლიციამ ცესკოს შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამდნენ ცესკოს წინ აღმართულ რკინის ჯებირს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს-ში გაკეთებულ ბრიფინგზე გაზის გამოყენების ფაქტი უარყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი