ახალი ამბებისამართალი

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

21 სექტემბერი, 2020 • 3764
როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ქართული დემოკრატიიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელზეც მიუთითებს საქართველოს შესახებ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში.

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, IPSOS France-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა (54%) მიიჩნევს, რომ სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად არ ეპყრობა. უთანასწორო მოპყრობის ძირითადი მიზეზებად მოქალაქეები ასახელებენ პოლიტიკურ კავშირებს, სოციალურ მდგომარეობას ან ქრთამის აღებას.

მართლმსაჯულების საკითხებზე მუმუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ კლანურ მმართველობაზე სასამართლო სისტემაში; მიუთითებენ, რომ “მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანად” წოდებული, გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც სისტემას ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს აკონტროლებდა, გარიგებაში შევიდა “ოცნების” ხელისუფლებასთანაც და გააგრძელა სასამართლო სისტემის გადაწყობა მისდამი ერთგულების ნიშნით.

თავად “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმის 4 ტალღა გაატარა.

“მიუხედავად მართლმსაჯულების სისტემის მიმდინარე რეფორმისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, ისევე როგორც კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა, არსებით პრობლემად რჩება”, – წერია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.

არჩეული და უცხოელი მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულები, საკადრო ცვლილებები და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტად აღიარება, – ამას ითვალისწინებს ოპოზიციისეული 5-პუნქტიანი გეგმა სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათი კოალიციურ მმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში “გირჩის” მედიაციით გამართულ კონსულტაციებზე შეთანხმდა სასამართლოს მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. ოპოზიციის ხედვას “მაქსიმალისტურად” მიიჩნევენ და ნაწილს არ იზიარებენ მართლმსაჯულების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ოპოზიციურ მემორანდუმს ხელს არაერთი ოპოზიციური პარტია აწერს, მათ შორის, ენმ და გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი ძალები,  “ევროპული საქართველო”, გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ახალი საქართველო”, “გირჩი”, კანონი და სამართალი, რესპუბლიკელები, გამარჯვებული საქართველო, “სამოქალაქო მოძრაობა” (ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები), “ლეიბორისტული პარტია” და ა.შ.

ნაფიცი მსაჯულები

“ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს- მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ ოპოზიციური შეთანხმების პირველ პუნქტში.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. განსხვავებით პროფესიონალი მოსამართლეებისგან, ნაფიცი მსაჯულები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან დამკვიდრდა. ოპოზიცია მიჩნევს, რომ საჭიროა ამ ინსტიტუტის გაფართოება.

“თუ ადამიანი თვლის, რომ უდანაშაულოა, მაგრამ არ ენდობა მოსამართლეს, მას შეუძლია მოითხოვოს, რომ მის საქმეში მტყუან-მართალი უბრალო ადამიანების მიერ შემდგარმა სასამართლომ გაარჩიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სისტემას მოუნდება, უდანაშაულო ადამიანი ჩასვას ციხეში, მას საკუთარი დანიშნული მოსამართლის ნაცვლად ზეწოლის მოხდენა შემთხვევითი წესით არჩეულ ნაფიც მსაჯულებზე მოუწევს – ერთ სისტემაზე დამოკიდებული ადამიანის ნაცვლად, 12 (პირობითად) დამოუკიდებელ ადამიანზე, რაც სასამართლოს ობიექტურობის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის”, – ამბობს იაგო ხვიჩია, “გირჩის” თავმჯდომარე.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დისკუსია წლებია გრძელდება. ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ საჯარო დისკუსიას გეგმავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მანამდე კი, ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ არის გამოსავალი” და მხარეთა უთანასწორობის პრობლემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოებით არ აღმოიფხვრება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეს, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს როლის გაზრდას განსაკუთრებით იმ დანაშაულებზე, რომლებიც სასჯელად პატიმრობას ითვალისწინებს.

“შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა როლის გაზრდა, ასევე, ადმინისტრაციული სამართლის და იმ საქმეებზე, სადაც მოპასუხეს სახელმწიფო წარმოადგენს, რათა სასამართლო თავად კონკურენციაში იმყოფებოდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან და თუკი ოდესმე სასამართლოს ხარისხი გაიზრდება, მოქალაქეებს უბრალოდ თავად აღარ ექნებათ სურვილი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიონ”, – ამბობს მშვენიერაძე.

მოსამართლეთა არჩევითობა

“2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში – ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე, იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე”.

მოსამართლეების პირდაპირი წესით არჩევის იდეა ოპოზიციამ შეერთებული შტატების პრაქტიკისგან ისესხა.

“როცა არავის ვენდობით, ლეგიტიმაცია მოდის ხალხისგან. 30 წელია- დამოუკიდებელ საქართველოში, მანამდე კიდევ ათწლეულების განმავლობაში, დამოუკიდებელ სასამართლოს ვაშენებდით, მაგრამ ჩვენი სასამართლო არასოდეს გამოდიოდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ არასდროს ჰქონდა ლეგიტიმაციის სწორი წყარო – სასამართლოს ყოველთვის აკომპლექტებდა გაბატონებული ჯგუფი. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ ლაპარაკის გამო პოლიტიკური ნიშნით ჩასვა ადამიანები ციხეში. ჩვენ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დავამთავროთ. სასამართლო სისტემა არ უნდა ემორჩილებოდეს ვერტიკალურ კონტროლს, როგორც ეს იყო კომუნისტების დროს. ამ სისტემის მოშლის ყველაზე ეფექტურ გზად მიმაჩნია, რომ მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციის შერიფებს არა ზემოდან ნიშნავდნენ, არამედ ადამიანები ირჩევდნენ”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ელექტორალურ მხარდაჭერაზე სასამართლო სისტემის აგება საკმაოდ პრობლემურია და კონტრპროდუქტიულ შედეგებს გამოიღებს.

მოსამართლეთა არჩევითობის იდეას ორი მიზეზის გამო არ იზიარებს გიორგი მშვენიერაძე:

“პირველ რიგში, უნდა შევხედოთ კონტექსტს და იმ გამოცდილებას, სადაც ასეთი მოდელი მოქმედებს, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში და იქაც ძალიან სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს, რადგანაც მოსამართლეები თავად უნდა იყვნენ დაცლილი პოლიტიკურ პროცესში, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისგან. ასეთ პროცესში მონაწილეობა მათ ანგარიშვალდებულებას სძენს პოლიტიკური მხარდამჭერებისადმი. მეორე – უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში რიგითი საკრებულოს წევრის არჩევნებიც კი ვერ ტარდება სამართლდამცავი ორგანოების პირდაპირი ჩარევის გარეშე და პოლიტიკოსებსაც უჭირთ თავის დაცვა. წარმოიდგინეთ მოსამართლეობის კანდიდატი, რომელსაც ამ პროცესში შესვლა უწევს, რამდენად რთული იქნება ასეთი კანდიდატის  სახელისუფლებო სურვილებს მიღმა წარდგენა, ან ვინ უნდა იყოს მისი კამპანიის დამფინანსებელი?”, – კითხულობს მშვენიერაძე.

მისი აზრით, მოსამართლეების პირდაპირის წესით არჩევის მოდელის შემოღება არც კვალიფიციურ მოსამართლეს მოგვცემს და არც იმაზე ნიჭიერს და დამოუკდეიბელს, ვიდრე დღეს გვყავს.

საკადრო რეფორმა

“საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით – 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება”.

ოპოზიციის გეგმის მესამე პუნქტი იმ ოპტიმისტურ გათვლას ემყარება, რომ მათ ერთობლივად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ე.ი. 113 მანდატი ექნებათ.

გიორგი მშვენიერაძე ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევს, უახლოეს მომავალში რომელიმე პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს.

“თუ ჩემი პროგნოზი არ გაამართლებს, მხოლოდ მივესალმები და მაშინ, ბუნებრივია, სასამართლოში გაცილებით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. სხვა შემთხვევაში კი გვრჩება გზა, რომ უზენაესი სასამართლოში დასანიშნი 14 მოსამართლე შეირჩეს ახალი და ბევრად უფრო სამართლიანი პროცედურებით. ასევე, თუ საჭიროება იქნება, შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა – კონსტიტუცია მხოლოდ მინიმალურ ზღვარს აწესებს 28 მოსამართლის სახით. უკვე დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კონსტიტუცია ცალსახად გვეუბნება, რომ მათი იმპიჩმენტი შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუკი დაარღვევენ კონსტიტუციას ან ჩაიდენენ დანაშაულს. არ ვარ მომხრე, რომელიმე რეფორმა ისე ჩატარდეს, რომ მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს”, – ამბობს მშვენიერაძე.

ვახუშტი მენაბდე კი მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში უკვე განწესებული მოსამართლეების დანიშვნის ლეგიტიმაცია უნდა იქნას შესწავლილი და ამის შედეგად განხილული, შესაძლებელია თუ არა მათი  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით კი, მისი აზრით, პრობლემა არ არის, რადგან საბჭოს წევრების უმრავლესობას 2021 წლის დასაწყისიდან უფლებამოსილების ვადა ეწურება.

უცხოელი მოსამართლეები და პრეცედენტული სამართალი

“უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგრძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ”.

“სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება”.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეცედენტული სამართლის ელემენტის შემოტანა მოსამართლეს მხოლოდ კანონზე დამოკიდებულს არ ხდის, მეტ თავისუფლებას აძლევს და სასამართლოს “უფრო ადამიანურად” აქცევს.

გიორგი მშვენიერაძეს, ასევე, არარეალისტურად ესახება უცხოელი მოსამართლეების დანიშვნა, ისევე, როგორც ოპოზიციის შეთანხმების მეხუთე პუნქტი აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტად აღიარების შესახებ.

“ჩვენი სამართლებრივი სისტემა პირდაპირ არ ჰგავს რომელიმე ქვეყნის სამართლებრივ სისტემას. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ენობრივი ბარიერი. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში ათი ათასობით გვერდის თარგმანი კეთდება და ამ საქმეებს შემდეგ უცხოელი მოსამართლეები განიხილავენ. თავად უცხოელობაც არ არის ავტომატურად რამის დამზღვევი. მაგალითად, გვაქვს გენერალურ პროკურატურასთან არსებული უცხოელ ექსპერტთა საბჭო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამან პროკურატურა ავტომატურად მიუკერძოებელი გახადა”, – ამბობს იგი.

“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ეროვნული სისტემის შექმნა და არა ავტორიტეტების გარეთ ძიება”, – მიიჩნევს ვახუშტი მენაბდე.

მისი აზრით, ოპოზიციის ხედვა სასამართლოსთან დაკავშირებით რეალობას აცდენილია და ვერ მოიტანს იმ შედეგებს, რასაც სამართლიანი სასამართლოს სისტემის დამკვირდება ჰქვია.

“ცხადია, ყველაზე გავლენიანი სასამართლოების პრაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენი სასამართლოსთვის, თუმცა მათი ცალსახა აღიარება, როგორც პრეცედენტისა, მთელი რიგ პრობლემებს ქმნის. მთელი რიგი სამართლის ნორმები განსხვავებულია და ადგილი ექნება პრაქტიკის და კანონმდებლობის აცდენას. ჩვენ სხვა კანონმდებლობა და იურიდიული ჩარჩო გვაქვს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კი სხვა საკანონმდებლო საფუძველზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება. უცხოელ მოსამართლეებთან დაკავშირებით ენობრივ ბარიერს და ტექნიკურ პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, ფუნდამენტური საკითხია, ქვეყანამ თავად შეძლოს და საკუთარი რესურსებით მოახერხოს თავის მართვა. სასამართლო არის ხელისუფლება. ხელისუფლების ამ შტოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა დაახლოებით იგივეა, რომ დეპუტატები მოვიყვანოთ ავსტრალიიდან, ან მთავრობა დავაკომპლექტოთ ფრანგებისგან. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ არ შეგვძლია მართვა. პოლიტიკოსებს, ვისაც ასეთი იდეები აქვთ, შევთავაზებდი, რომ მათ ნაცვლად ფრანგები ავირჩიოთ პარლამენტში, – შეიძლება უფრო მეტად წაადგნენ ამ ქვეყანას”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

თავად ოპოზიცია უცხოელი მოსამართლეების მოწვევის მთავარ არგუმენტად სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას ასახელებს.

“ტექნიკურად შეიძლება ცოტა რთული წარმოსადგენია და საქმის წარმოების მხრივ სირთულეები იქნება, მაგრამ შეუძლებელი არ არის. შეიძლება, იდეალური მაგალითი არ არის, მაგრამ უკრაინაში, ანტიკორუფციულ სასამართლოში ძალიან ბევრი უცხოელი ზედამხედველი მოსამართლეა და მოსამართლეებს უცხოელებისგან შემდგარი ბორდი არჩევს. ასეთი მიდგომა იყო ნაწილობრივ ბალკანეთშიც. პირველ ეტაპზე მთავარია, რომ უზენაეს ინსტანციაში იყვნენ უცხოელი – ამერიკელი, ბრიტანელი- მოსამართლეები, რომელთაც, მათი საქმეებიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვთ. ერთეულების გარდა, საქართველოში მე არ მეგულება მოსამართლე, ვისაც უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე უცხოელს ექნება”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

[red_box]NGO-ების ხედვები[/red_box]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთ ასოციაცია მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა დღესდღეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, ხუთს – საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს პრეზიდენტი ნიშნავს. საბჭოს უფლებამოსილებებს შორისაა: პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ჩატარება, სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური საქმიანობა, დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში, საერთო სასამართლოების ბიუჯეტის, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯების განსაზღვრა, სასამართლო ხელისუფლების ინტერესების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვახუშტი მენამდე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც უზენაესი სასამართლო, კონსენსუსის წესით უნდა დაკომპლექტდეს, რაც მათ დამოუკიდებლობას განამტკიცებს და კარგი საფუძველი იქნება სასამართლო სისტემაში არსებული სხვა პრობლემების მოგვარების დასაწყებად.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა სასამართლოს კლანის მარწუხებისგან გათავისუფლება, რომლის გარეშეც ყველა ნაბიჯი განწირულია”, – ამბობს მენაბდე.

იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ სასამართლო რეფორმის საკითხებზე არასამთავრობოებთან კონსულტაციები ჰქონდათ, თუმცა გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობები პოზიციებს შორის:

“სასამართლო რეფორმის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შევხვდით, მაგრამ, ფაქტობრივად, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით – მათ არსებული სისტემის შენარჩუნება უნდათ, უბრალოდ, მურუსიძე არ მოსწონთ, მე კიდევ ძირეული რეფორმის გარეშე დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ წარმომიდგენია”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

GDI მიესალმება, რომ ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით თანხმდება მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე და ფიქრობს, რომ ოპოზიციის პროექტი მოიცავს საინტერესო დებულებებს, რომელიც შესაძლებელია, მნიშვნელოვნად დაეხმაროს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციის გაფართოებას. ამავდროულად თვლის, რომ უნდა არსებობდეს უფრო რეალისტური და ცხადი გეგმა ბ, რომელშიც იდენტიფიცირებული იქნება მიმდინარე პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდას და მიმართულია კლანური მმართველობის დასრულებისკენ. გიორგი მშვენიერაძის თქმით, სამართლის სპეციალისტების შეხედულებები სწორედ კვლევებს და შეფასებებს ეფუძნება და არა – უბრალოდ მოსაზრებებს.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” აზრით:

  • დასახვეწია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი, რადგან პარლამენტში ამ დროისთვის ინიცირებული კანონპროექტი ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს;
  • შესაცვლელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების არსებული მოდელი, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს აკომპლექტებს კონფერენციის მონაწილეთა ნახევარს+1 ხმით. ახალი წესით, თითო მოსამართლეს მხოლოდ თითო კანდიდატის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს მოსამართლეთა მცირე ჯგუფებსაც, ჰყავდეს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში;
  • სასამართლოს თავმჯდომარეები ადგილობრივ დონეზე უნდა აირჩეს სასამართლოების და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ;
  • მოსამართლის მონაწილეობით უნდა მოხდეს თანაშემწის და სხდომის მდივნის დანიშვნა-გათავისუფლება;
  • გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი, რადგან დღეს ის წარმოადგენს არა კვალიფიციური კადრების მომზადების მექანიზმს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოს სისტემაში გარე ნაკადის შედინების ბარიერს;
  • რეალური დამოუკიდებლობა შეიძინოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, რომელიც მოსამართლეების საქმეებს სწავლობს.

“მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდეს იმდაგვარად, რომ არაორაზროვანი გზავნილი იყოს თავად სასამართლოს სისტემისადმი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. ეს უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, რადგან ამოგლეჯილად რომელიმე ცალკე ცვლილება ხელშესახებ შედეგს ვერ მოიტანს”, – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ პრობლემებს არ აღიარებს, ოპოზიციას კი “თავისი, მაქსიმალისტური და სარისკო შეხედულება” აქვს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, გიორგი მშვენიერაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარლამენტს, მიუხედვად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ჩამოთვლილი საკითხების განხილვა მოუწევს.

ამავე თემაზე – ნახეთ ოპოზიციის ნაწილის ხედვა მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ნაწილზე, რომელიც საგამოძიებო უწყებების საკითხებს ეხება:

დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი