ახალი ამბები

ინაშვილის მოწოდება – საფრთხე საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის

13 აპრილი, 2020 •
ინაშვილის მოწოდება – საფრთხე საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის

Covid-19-ის გავრცელების საფრთხის და არსებული გამოცდილების მიუხედავად, ჯანდაცვის საერთაშორისო თუ ადგილობრივი სპეციალისტების რეკომენდაციების საპირისპიროდ, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა:

მეტი მოწოდება უნდა იყოს მთავრობისგან, რომ [ეკლესიაში] წავალთ და ვეზიარებით… ახლა უნდა ვეზიაროთ. ნუთუ ამას ვერ ვხვდებით?“

ინაშვილის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გავრცელებულმა განცხადებამ შესაძლოა საზოგადოებრივ ჯანდაცვას საფრთხე შეუქმნას.

რა თქვა ინაშვილმა?

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირმა ინაშვილმა ეკლესიაზე საუბრისსა დააკნინა შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხეები და თქვა: „აქ [ბიუროს სხდომაზე] იყო ირიბად ლაპარაკი ბზობის დღესასწაულზე, მოახლოებულ კვირაზე, რომელიც არის თითქოსდა რთული“.

„დიახ, რთული კვირაა, ვნების კვირაა, კარგად გვესმის, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც, ვინც დგას ზიარების რიგში და მაზიარებელი და აღმსარებელია“…

ირმა ინაშვილმა შეაქო ეკლესიის დამოკიდებულება და თქვა: „მე მგონი, ეკლესიამ და მრევლმა აჩვენა ძალიან მაღალი კულტურა, დისტანცირებაც დაცულია, გახმოვანებაც დაცულია, ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, სამედიცინო პერსონალთან“.

ირმა ინაშვილმა თქვა: „ზოგ-ზოგიერთები ისე ნუ იზამთ, რომ ძალიან გააბრაზოთ მრევლი. არ არის ამისი დრო“… ბოლოს კი შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ნუთუ ამას ვერ ვხვდებით?.. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე და არ წავალ წირვაზე, მეტი მოწოდება უნდა იყოს მთავრობისგან, რომ წავალთ და ვეზიარებით“, – განაცხადა მან.

რისკები

Covid-19-ის პანდემიის პირობებში არაერთი შემთხვევა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ რელიგიურ დაწესებულებებში შეკრება საფრთხის შემცველია.

არსებობს სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ ვირუსის გავრცელების მაგალითი — პირველ ეტაპზე ვირუსის მაღალი ინტენსივობით გავრცელებას ერთ-ერთ რელიგიურ ჯგუფს, „იესოს შინჩონჯის ეკლესიას“ უკავშირებენ.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, კიევ-პეჩერის ლავრა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 90-ზე მეტი შემთხვევა დადასუტრდა, საკარანტინოდ დაიკეტა. კიევ-პეჩერის ლავრაში არსებულ სიტუაციაზე „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა — 6 აპრილს ლავრაში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა, 9 აპრილს უკვე 26 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელშიც მსახურებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაქვემდებარული ეკლესია მართავს, მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ხელისუფლების რეკომენდაციებისთვის ყურადღება არ მიექციათ — „ნუ შეხედავთ უფროს ან უმცროს თაობას, ყველა მოდით ეკლესიაში, ჩაეხუტეთ ერთმანეთს“, — მოჰყავს „უნიანს“ ლავრის წარმომადგენლის სიტყვები.

უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს: „უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობას ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. …ჩვენ სინდისის თავისუფლება გვაქვს… მაგრამ იქონიეთ სინდისი“!

არა მხოლოდ აღდგომა

არაერთი რელიგიური კონფესიის, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიების, წარმომადგენლებმა ტრადიციული რელიგიული პრაქტიკები დროებით შეწყვიტეს. კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოს გამკაცრებული ზომების ფონზე, ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 21 მარტს მორწმუნეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ტაძრებში სიარულს და სახლებში ილოცონ. რამდენიმე დღით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც.

როგორც თეოლოგი, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი და ინსტიტუციის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ბასილ კობახიძე ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებს, — არასწორია მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე სწორება, რადგან ხალხის დიდი რაოდენობით ნებისმიერი შეკრების დროს არსებობს პანდემიის გავრცელების რისკი; ამასთან, მისი თქმით, პრაქტიკა უჩვენებს, რომ ეკლესიებში რეალურად ვერ იცავენ დისტაციას.

გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, პრაქტიკულად, უცვლელად აგრძელებს საერთო კოვზით ზიარების სარისკო პრაქტიკას, რა პირობებშიც სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა ეფექტურობას კარგავს.

მოწოდება ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს

ირმა ინაშვილის მოწოდება წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებთან.

მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 6 აპრილს მრევლს მოუწოდა, არ მივიდნენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ სახლში ილოცოს, რათა დაიცვას როგორც ეკლესია, ასევე, მთლიანად ქვეყანა.

სოციალური იზოლაცია ის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოსცემს.

როგორც 13 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა კორონავირუსის შემთხვევები ნახტომისებურად არ გაიზარდოს, რადგან მძიმე სცენარის განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევა და რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდეს პანდემიასთან გასამკლავებლად.

ნახეთ ასევე:

მსოფლიო პატრიარქის მიმართვა მორწმუნეებს | COVID-19-ზე

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი