ახალი ამბებისაზოგადოება

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

2 მარტი, 2020 • 7128
საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს, დროებით მაინც შეცვალოს ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა, რითაც ამ რისკს შეამცირებდა.

ეკლესიის სიჯიუტე — მის წარმომადგენელთა ანტიმეცნიერულ მოწოდებებთან ერთად, თითქოს „ღვინო, რომელიც ბარძიმში სისხლად გარდაიქმნება, ანტისეპტიკია“ და თითქოს ყოველ საღამოს ნაკურთხი წყლის პკურება ვირუსისგან დაცვის საკმარისი გარანტია იყოს, — საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის დამაზიანებელი შეიძლება გახდეს.

სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ ვირუსის გავრცელების საგანგაშო მაგალითის და ზოგიერთ ქვეყანაში კომპრომისეული ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ჩანან სახელმწიფო მოხელეები ან უწყებები, რომლებიც საპატრიარქოს სარისკო პრაქტიკის შეცვლის საჭიროებაზე ცხადად მიუთითებდნენ.

რა ხდება?

ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში საქართველოში ამ ვირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა დასტურდება (სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია). არსებული მონაცემებით, ვირუსი ჯერ ქვეყნის შიგნით არ გავრცელებულა.

მატარებლის დეზინფექცია. ფოტო: EPA-EFE/MATTEO BAZZI

თუმცა, გავრცელების რისკის ფონზე — როცა კარანტინებსა თუ თვითიზოლაციაში ათეულობით ადამიანი რჩება — ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, სახელმწიფომ სიფრთხილის ზომების მიღება დაიწყო:

[checklist]

  • ჩინეთთან და ირანთან — ყველაზე დიდი რისკის ქვეყნებთან — ფრენები გაუქმდა (და, კომპანიების გადაწყვეტილებით, იტალიასთან ფრენები შემცირდა);
  • აეროპორტებში ყველა ქვეყნიდან ჩამოფრენილებს უზომავენ სიცხეს და ამოწმებენ;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა გადაიდო; ზოგიერთმა კულტურულმა დაწესებულებამ ღონისძიებები გააუქმა;
  • დეზინფექცია უტარდება ავტობუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მიწისქვეშა გადასასვლელებს;
  • მოქალაქეებს ურჩევენ, ჩახუტებით, კოცნით და ხელის ჩამორთმევით ნუღარ მიესალმებიან ერთმანეთს; თავი შეიკავონ მგზავრობისგან და, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან;

[/checklist]

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების ფონზე, ოპოზიციონერმა პარლამენტარმა რომან გოცირიძემ კიდევ ერთხელ წამოსწია წინ თავისი ინიციატივა ეკლესიაში ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე [ინიციატივას საკანონმდებლო სახე არ ჰქონია].

„რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა „სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის“ მიღწევებმა?! რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?! ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე?..“ – დაწერა გოცირიძემ.

„ათასწლოვანი ისტორია“

ფეისბუკსა და მედიასაშუალებებში იდეის განხილვების შემდეგ, ამ საკითხზე ჟურნალისტების (მათ შორის „ნეტგაზეთის“ რეპორტიორის) მიერ არაერთგზის დასმულ კითხვას საპატრიარქომ 29 თებერვლის განცხადებით უპასუხა და ინიციატივა დაიწუნა.

საპატრიარქომ გაიხსენა, რომ ზიარებისთვის საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, რა დროის განმავლობაშიც არაერთხელ გავრცელებულა სიცოცხლისათვის საშიში სხვადასხვა სახის ინფექცია და განაცხადა:

„ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს“…

ღვინო არ არის „ანტისეპტიკი“!

ეკლესიის წარმომადგენლები არ დასჯერებიან შეთავაზებულ პრაქტიკაზე უარის თქმას და საფუძველს მოკლებული, არამეცნიერული რჩევები მისცეს საზოგადოებას. მაგალითად, ახალქალაქ-კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ღვინო კორონავირუსთან ბრძოლაში გამოსადეგ „ანტისეპტიკად“ მოიხსენია:

„ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. თვითონ ღვინოში რომ ჩააწო, როგორც სპირტში ჩააწო. ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი“, – თქვა მან ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.

სინამდვილეში, ვირუსის დეზინფექციისთვის აუცილებელია სამედიცინო სპირტი ან სხვა სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები, ღვინო კი ამ მიზნისთვის არ გამოიყენება და სრულიად გამოუსადეგარია.

განსხვავებული პოზიცია?

ეკლესიის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებში ერთ-ერთი გამონაკლისი ახალი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია იყო.

2 მარტს „ლაივპრესმა“, — მედიასაშუალებამ, რომელიც სამეგრელოს საკითხებს აშუქებს, — გამოაქვეყნა მისი ნათქვამი, სადაც ის არ გამორიცხავდა ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, თუმცა ამბობდა, რომ დღესდღეისობით ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა საპატრიარქოს პოზიცია არ შეუცვლია.

წესის არშეცვლის რისკები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსი COVID-19 ერთიდან მეორე ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა.

კერძოდ, ხველებისას ან ამოსუნთქვისას გამოიყოფა მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც დაინფიცირებული პირის გარშემო ობიექტებსა და ზედაპირებზე ხვდება. სხვა ადამიანს კორონავირუსი შეიძლება გადაედოს ჯერ ამ ობიექტებთან თუ ზედაპირებთან, შემდეგ კი საკუთარ თვალზე, ცხვირსა ან პირზე ხელის მოკიდებით; ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი დახველებისას ან ამოსუნთქვისას პირდაპირ ჩაისუნთქავენ ამ ნაწილაკებს.

ამიტომაც არის ჯანმოს რეკომენდაცია, რომ დაინფიცირებული ადამიანისგან 1 მეტრის მოშორებით მაინც უნდა ვიდგეთ (ჯანმო აგრძელებს გადადების გზების შესწავლას).

ექიმი არჩილ მარშანია, რომელიც „რადიო თავისუფლების“ გადაცემებში ჯანდაცვის მითებს ამსხვრევს, ფეისბუკზე აქტიურად წერს ხოლმე კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და არაზუსტ ინფორმაციაზე. ინფექციის გადადების რისკები ქართულ კონტექსტში რომ განვიხილოთო, — წერს მარშანია, — ეს „ეხება ყველა სივრცეს, სადაც ბევრი ხალხია, მათ შორის ეკლესიას და სუფრასაც“.

შესაბამისად, მისი თქმით, ინფექციის გადადების რისკი უკიდურესად დიდია ზიარების დროსაც. თუკი ქვეყნის შიგნით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება, ეს რისკი გაიზრდება.

„ვისაც … გადარდებთ საკუთარი შვილების ან საკუთარი ჯანმრთელობა, სანამ ასეთი სიტუაციაა, მოერიდეთ ხალხმრავლობას, [მარიხუანის] მოწევას ერთი ბოთლიდან და ერთი კოვზით ან ერთი ყანწით ნებისმიერი სითხის მიღებას“…

„პასუხისმგებლობა“

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებული რისკები იმდენად მაღალია, რომ საპატრიარქოს შეეძლო, ზიარების რიტუალის ტრადიციული ფორმით ჩატარებისგან დროებით თავი შეეკავებინა:

„ზოგადად, საჯარო დისკუსიები ნაკლებად იწყნარებს რელიგიური შინაარსის იდეებს და ამ დღეებში ზოგიერთ შემთხვევაში რჩებოდა განცდა, რომ ამ იდეების უგულებელყოფა ჭარბად და აგრესიულად ხდებოდა… გასაგებია, რომ ბევრი მორწმუნისთვის ეს მნიშვნელოვანი იდეაა, საკრალური სფეროა და მისი რაციონალური არგუმენტებით გადააზრება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში იმდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, იმდენად მაღალია დაავადების პრევენციის საჯარო ინტერესი, რომ საპატრიარქოს შეეძლო, უფრო მეტად სოციალურად პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება და თავის შეკავება მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეკრების მოწოდებისგან, ან ზიარების რიტუალის ამგვარად ჩატარებისგან“.

ამ არგუმენტის გასაძლიერებლად თამთა მიქელაძე რამდენიმე მაგალითს იხსენებს: „არსებობს სამხრეთ კორეის მაგალითი, სადაც რელიგიური სივრცეებიდან გავრცელდა ეს ვირუსი… ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რეკომენდაციები ირანში, ისლამურ სამყაროში, მიმართულია რელიგიური პრაქტიკებისგან თავის შეკავებისკენ; მექა და მედინაც [მუსლიმების წმინდა ქალაქები] პილიგრიმებისგან თითქმის დაცლილია ამ რისკების გამო“, – ამბობს იგი.

„რელიგიურ ლიდერებს შეეძლოთ სიცოცხლის გადარჩენა“

გაუფრთხილებელი რელიგიური პრაქტიკის დამაზიანებელი გავლენის მასშტაბები ნათლად გამოჩნდა სამხრეთ კორეაში, სადაც ვირუსის მაღალი ინტენსივობით გავრცელებას ერთ-ერთი რელიგიურ ჯგუფს, „იესოს შინჩონჯის ეკლესიას“ უკავშირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა კორონავირუსის ეპიდემიისთვის მომზადებული იყო, ის მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ, სადაც დაავადების ყველაზე მეტი შემთხვვა დაფიქსირდა.

4000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევის 60% ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრებზე მოდის. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა. ორგანიზაციას დაინფიცირებული ადამიანების ვინაობის დამალვაში ადანაშაულებენ.

დედაქალაქის, სეულის მერმა განაცხადა, რომ რელიგიურ ლიდერებს პრევენციული ღონისძიებები რომ მიეღოთ, უამრავი ადამიანი შეიძლებოდა დაინფიცირებას გადარჩენილიყო და რამდენიმე ფატალური შედეგი მაინც აერიდებინათ თავიდან. მერმა რელიგიური ლიდერების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

2 მარტს ლი მან-ჰიმ, რომელიც ამ ეკლესიის ლიდერია, პრესკონფერენციაზე, თეთრ პირბადეში გამოწყობილმა, დაიჩოქა და, მართალია, ბრალდებები უარყო, თუმცა ბოდიში მოიხადა შექმნილი ვითარების გამო…

პრაქტიკის შეცვლის მაგალითები

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არაერთი მაგალითი გვხვდება, როდესაც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები პრაქტიკას გარკვეულწილად მაინც ცვლიან.

იტალიაში, სიციალიაში, მესინას საეპისკოპოსომ გასცა რეკომენდაცია, სასულიერო პირებმა მლოცველებს, პირდაპირ ენებზე დადების ნაცვლად, ხელში მიაწოდონ სებისკვერები; მლოცველებს ურჩევენ ხელის ჩამორთმევისგან თავშეკავებასაც; გაიცა რეკომენდაცია, რომ ჭურჭელი, რომელშიც წმინდა წყალია ხოლმე მოთავსებული, დროებით დაიცალოს (მსგავსი რეკომენდაციები გასცა ბოსტონში, აშშ-ში მდებარე რომის კათოლიკურმა საეპისკოპოსომ); ამასთან, იტალიის ჩრდილოეთში წირვები და რელიგიური დღესასწაულების მასობრივი აღნიშვნა დროებით შეწყვიტეს;

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, ნუ აკოცებენ ხატებს ეკლესიებში, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირება; გარდა ამისა, ეკლესიამ მორწმუნეებს ურჩია, გამონაკლისის სახით მღვდლებს სთხოვონ, ზიარებისას საკუთარი კოვზების გამოყენების ნება დართონ; ამასთან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველას, ვისაც დააავდების სიმპტომები აქვს, ურჩევს, წირვებს ნუ დაესწრებიან

როგორ იქცევიან სხვები საქართველოში?

საქართველოში, სულ მცირე ორი სხვა კონფესიის წარმომადგენლებმა გარკვეული ზომები მიიღეს კორონავირუსთან დაკავშირებით. მაგალითად:

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მათ გაითვალისწინეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მეჩეთში მომსვლელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ჩახუტებისგან და ხელის ჩამორთმევისგან [მუსლიმები, ქრისტიანებისგან გასხვავებით, არ ეზიარებიან და მათს კონფესიაში ეს ან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს].

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში თქვა, რომ მათაც შეცვალეს ეკლესიაში ზიარების წესი:

„ჩვენი ზიარების წესი იყო საერთო თასის ჩამოტარება… ყველა სვამდა ერთი და იმავე თასიდან, რაც არსებულ მდგომარეობაში, ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო, სრულიად მიუღებელი იყო“.

სწორედ ამ მიზეზით, ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალა და ამჯერად „მხოლოდ ღვთისმსახურს შეიძლია აიღოს პური, ჩააწოს ღვინოში და მიაწოდოს მრევლს, რაც ამცირებს შეხების რაოდენობას პურთან და ღვინოსთან“.

ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას ყოველ ღვთისმსახურებაზე აქვს ზიარება და, როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ეკლესიაში განიხილეს ზიარებების რაოდენობის შემცირება: „იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ზიარების რაოდენობა შევამციროთ, ვიდრე საფრთხე არსებობს, ან თუ [საჭირო იქნება] მსახურების შეჩერებაზეც ვფიქრობთ“.

რა რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფო საპატრიარქოს?

იმის ფონზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არაერთი რეკომენდაცია აქვთ გამოცემული სხვადასხვა დონეზე, უშუალოდ საპატრიარქოს აღნიშნულ პრაქტიკასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებები არ გაკეთებულა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 1 მარტს განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან ხშირი კონაქტი აქვთ, რომ მათ ზოგადი რეკომენდაციები მიაწოდეს ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა თავი შეიკავა ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებაზე პოზიციის დაფიქსირებისგან და თქვა:

„არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მოგეხსენებათ, საპატიარქო ყველაზე მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი საპატივცემულო ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს თვითონ წყვეტს, ჩვენ ზოგად რეკომენდაციებს ვიძლევით“…

რატომ?

საპატრიარქო, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, ამას არაერთი კვლევა უჩვენებს, მათ შორის NDI-ის ბოლო წლების კვლევები. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანად აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს — საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ასეთი 84%-ია. სავარაუდოდ, დიდია ეკლესიაში მოსიარულეთა რაოდენობაც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რელიგიური პრაქტიკის უსაფრთხოება.

თამთა მიქელაძეს სახელმწიფოს მსგავსი პოზიცია არ გაჰკვირვებია: „უკვე ტიპურია მსგავსი რამ — რომ სახელმწიფო მუდმივად გადმოალახინებს ხოლმე ეკლესიას ზღვარს, მაგრამ თვითონ ხშირად თავს იკავებს თითქოსდა რელიგიურ სფეროში ჩარევისგან“.

არადა, EMC-ის წარმომადგენლის სიტყვებით, პრობლემურია, როდესაც ჯანდაცვის სპეციალისტები, — იმის ფონზე, რომ ადვილად აძლევენ რეკომენდაციებს ყველა სხვა ინსტიტუტს, — საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ და თითქოს იცავენ „სეკულარულ წონასწორობას“.

„ეს პრობლემურია, რადგან მრავალი მწვავე სოციალური ინტერესი დგას დაავადების პრევენციის სახით და ამ გარემოებების გათვალისწინებით, ამ საჯარო ინტერესების გამო, რელიგიის თავისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვა, შესაძლოა, ლეგიტიმურადაც კი ჩაითვალოს“, — ამბობს იგი.


მოგვიანებით, 2 მარტს, NCDC-ის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:

„ჩვენ არ ვადგენთ რელიგიური რიტუალების წესებს, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციას, რომელსაც, სულ ერთია, რა სიტუაციაში გამოიყენებენ. ჩვენ ვამბობთ: ერთი კოვზი არ გამოიყენო. მე ხომ არ შემიძლია, შევცვალო რელიგიური ტრადიციები? ეს არის ეკლესიის საქმე… ეკლესია შეხედავს სიტუაციას, — რამდენადაც ვიცი, ეს ითქვა კიდევაც, — დააკვირდება, როგორ იქნება ეპიდემოლოგიური სიტუაცია და იმის მიხედვით გადაწყვეტს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი