ახალი ამბები

რეგიონებში კლინიკების შემოწმებისას ხარვეზები გამოვლინდა – ხუნდაძე

13 აპრილი, 2020 • 972
რეგიონებში კლინიკების შემოწმებისას ხარვეზები გამოვლინდა – ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ რეგიონების ჰოსპიტალური სექტორის Covid-19-ის პანდემიისთვის მზაობის შემოწმებისას ხარვეზები გამოვლინდა, რომელთა ნაწილი გამოსწორდა, ნაწილს კი ახლა ასწორებენ;

ხუნდაძის თანახმად, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა კორონავირუსის შემთხვევები ნახტომისებურად არ გაიზარდოს, რადგან მძიმე სცენარის განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევა და რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდეს პანდემიასთან გასამკლავებლად.

ზოგადი მიმოხილვა

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების 266 შემთხვევაა დადასტურებული; სამი ადამიანი გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა; 4872 ადამიანი კარანტინშია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი- 453.

დიმიტრი ხუნდაძემ 13 აპრილს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ არსებობს პანდემიის გავრცელების სამი ფაზა: შეკავების ფაზა, რაც საქართველომ „კარგად და სწორად გაიარა“, რის გამოც შემდეგი, პრეკრიზისული ფაზის სცენარი „შედარებით მსუბუქია“;

თუმცა, მისი თქმითვე, საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს კრიზისული ფაზა, რის გამოც ფიქრობს, რომ აუცილებელია სიტუაციის სწორად შეფასება და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

ჰოსპიტალური სექტორის მზაობა/რეგიონები

ხუნდაძის თანახმად, ჯანდაცვის კომიტეტი წარმოდგენილია მთავრობასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოში, რომლის ფარგლებშიც კომიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ ზედამხედველობა განახორციელოს ჰოსპიტალურ სექტორზე:

„კრიზისულ ფაზაში წინა ხაზი იქნება ჯანდაცვის სექტორი, უშუალოდ ექიმები. ამიტომ ამ სისტემის მზაობას აქვს შეუცვლელი და უდიდესი მნიშვნელობა“, – თქვა ხუნდაძემ.

პარლამენტარის თქმით, ამ დროისთვის, 13 აპრილისთვის, შემოწმებულია საქართველო ყველა რეგიონი, გარდა რაჭა-ლეჩხუმის და სამცხე-ჯავახეთისა:

„ჩვენ შემოწმებისას ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინფრასტრუქტურულ მზაობას, ასევე, აღჭურვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგებს, თუ როგორ არის გადამზადებული და დატრენინგებული მედპერსონალი, როგორ ფლობენ უნარ-ჩვევებს არსებულ, გამოუცდელ ვითარებაში“…

ხუნდაძის თქმით, შემოწმებისას არაერთი ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუმცა ნაწილი უკვე გამოსწორდა და ნაწილს ახლა ასწორებენ:

„გამოგიტყდებით, რომ იყო ხარვეზები, ზოგან- მნიშვნელოვანი ხარვეზებიც. ადგილზე ჩვენ მხოლოდ ზედამხედველობით არ ვართ დაკავებულნი, ვუწევთ რეკომენდაციას და ვეხმარებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ადგილზე იქნას აღმოფხვრილი. ეს მიღწეულია. გუშინ გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრა, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები გვქონდა გაცემული. ნაწილი შესრულებულია, ნაწილი სრულდება. ამასაც გავუწევთ მონიტორინგს“.

ხუნდაძის თანახმად, „მაღალი ხარისხის მზაობა“ არის თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში:

„მინდა გითხრათ, რომ რესურსი, რასაც შეიძლება მაღალი ხარისხის მზაობა დავარქვათ, ეს არის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, მაგრამ არა ყველგან“…

ნახტომისებური ზრდა

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ხუნდაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა კორონავირუსის შემთხვევები ნახტომისებურად არ გაიზარდოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ზეწოლას ვერ გაუძლებს:

„არსებობს რამდენიმე სცენარი: მიმდინარე სცენარი, სადაც არის დაბალი მაჩვენებელი, ანუ სასურველი, ანუ ნაკლები დანაკარგები და ნაკლები ზიანი, მაგრამ არსებობს რთული სცენარები, რომელსაც აქ არ ჩავუღრმავდები და მოსასმენადაც არცთუ ისე სასიამოვნოა“.

ეს თეორიული სცენარი, რა თქმა უნდა შესაძლოა რეალურად იქცეს, თუ არ გვექნა ადეკვატური რეაქცია ყველას ერთად აღებული — პარლამენტშიც, პარლამენტს გარეთაც, ყველა მოქალაქემდე.

ჩვენ თუ მივიღეთ ნახტომისებური ზრდას, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევა, შესაძლებლობები და რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდეს“.

ჰოსპიტალიზაციის შედარება სხვადასხვა მოდელის გამოყენებით. გათვლები ჩატარებულია 2020 წლის 19 მარტს. წყარო: კურაციო

„რეგიონებზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ტალღისებური დარტყმის შემთხვევაში მოგვიწევს პაციენტების რეფერირება რეგიონებიდან დიდ ქალაქებში, სადაც, თუ ცუდი სცენარით წავედით, ისედაც დიდი ტვირთი იქნება. გადმოყვანას სჭირდება რესურსი, მზაობა, და ტარებაც, პაციენტების ეპიდემიულოგიური თვალსაზრისითაც შესაძლოა არ იყოს სასურველი“.

„ამას იმიტომ ვყვები, რომ თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა იყოს მაქსიმუმის მაქსიმუმი, რომ საზოგადოებას მივეხმაროთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ ჯანდაცვის სპეციალისტების გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვას. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ კატასტროფული შედეგი“, – აცხადებს ის.

ნახეთ ასევე:

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი