ახალი ამბები

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში – იმნაძე

6 აპრილი, 2020 • 1909
ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლს მიმართა, არ მივიდნენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ სახლში ილოცოს, რათა დაიცვას როგორც ეკლესია, ასევე, მთლიანად ქვეყანა.

მთავრობის ადმინისტრაციაში  6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გამომცემლობა “ტაბულამ” ჰკითხა, განიხილება თუ არა დამატებითი რეკომენდაციების შემუშავება იმ ექიმებისთვის, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას დაესწრებიან და რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, რაზედაც იმნაძემ უპასუხა:

“მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელთმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 6 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 2. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული 150 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი