კიევ-პეჩერის ლავრა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 90-ზე მეტი შემთხვევა დადასუტრდა, კარანტინზე დაიკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
როგორც „უნიანი“ იუწყება, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში კიევში დაავადების 79 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 63 კიევ-პეჩერის ლავრაში იყო — „მთლიანობაში იქ უკვე კორონავირუსით დაავადების 90 შემთხვევაზე მეტია. <…> აღვნიშნავ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში, დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კარანტინი წესდება“, — მოჰყავს სააგენტოს კლიჩკოს განცხადება.
„უნიანის“ ცნობით, კლიჩკო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რათა კარანტინის რეჟიმის დაცვის კონტროლი უზრუნველყონ.
გარდა ამისა, „უნიანის“ ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელშიც მსახურებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაქვემდებარული ეკლესია მართავს, აქამდე მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, ხელისუფლების რეკომენდაციებისთვის ყურადღება არ მიექციათ — „ნუ შეხედავთ უფროს ან უმცროს თაობას, ყველა მოდით ეკლესიაში, ჩაეხუტეთ ერთმანეთს“, — მოჰყავს „უნიანს“ ლავრის წარმომადგენლის სიტყვები.
კიევ-პეჩერის ლავრაში არსებულ სიტუაციაზე „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა — 6 აპრილს ლავრაში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა, 9 აპრილს უკვე 26 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.