ახალი ამბებისაზოგადოება

მინისტრი უნდა ამბობდეს, სახლშიც არის ღმერთიო? – ბასილ კობახიძე

7 აპრილი, 2020 • 4294
მინისტრი უნდა ამბობდეს, სახლშიც არის ღმერთიო? – ბასილ კობახიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძე Covid-19-ის პანდემიის ფონზე მწვავედ აკრიტიკებს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ამბობს, რომ ეკლესიები ერთი თვით ან თვე-ნახევრით მაინც უნდა დაიკეტოს, რათა პანდემიის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

ბასილ კობახიძე, რომელსაც ბოლო წლებში ღვთისმახურების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ, 2006 წელს იძულებული გახდა, მღვდლობა დაეტოვებინა. 6 აპრილს მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პანდემიისას შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და სახელმწიფოს როლს უსვამს ხაზს.

„უპირველესი ინსტიტუცია, რომელმაც უნდა იზრუნოს ადამიანების სიცოცხლეზე ასეთი არნახული პანდემიის დროს, არის – სახელმწიფო. ხელისუფლებამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ მკაცრად იქნეს დაცული კარანტინის პირობები ყველას მიერ, მათ შორის ეკლესიის მიერ, რომ დაკეტონ ერთი თვე ან თვე-ნახევარი, რათა არ შეიკრიბოს ხალხი“, – ამბობს იგი.

„დღესვე არის დასაკეტი ეკლესიები, რათა ნაკლები ადამიანი გარდაიცვალოს და ჩვენი საზოგადოება შეძლებისდაგვარად ნაკლები დანაკარგით გაუმკლავდეს ეპიდემიის აფეთქებას“, – ამბობს ბასილ კობახიძე. მისი თქმით, ეკლესიის მესვეურებთან არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს.

კობახიძის ხედვით, მინისტრებმა, — რომლებსაც  „უმწეო ხალხს“ უწოდებს, — „ქადაგება დაიწყეს“: „თეოლოგია ესმით, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია იციან, თუ ჰგონიათ, რომ მრევლი მოუსმენს ჯანდაცვის მინისტრს, სახლში ილოცეთ, სახლშიც არის ღმერთიო? და ჯანდაცვის მინისტრი უნდა ამბობდეს, ღმერთი სად არის“? – კითხულობს ის.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 6 აპრილს განაცხადა: „რელიგიურ დღესასწაულებზე შეკრება აუცილებელი არ არის, ვინაიდან ღმერთი ყველგანაა, ლოცვა კი სახლიდანაც შეიძლება“.

ბასილ კობახიძე ამბობს:

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ მრევლს არანაირი ავტორიტეტი არა ჰყავს პატრიარქისა და თავიანთი მამაოების გარდა, მით უმეტეს, ამ საკითხში, რომელიც ეკლესიას ეხება. ამათ მოუსმენენ, გაბუტული ბავშვებივით ინფანტილურად რომ ამბობენ ამ ყველაფერს? ეტყობა, დასხდნენ და მოილაპარაკეს, რა გავაკეთოთო და ასეთი გამოსავალი მოიფიქრეს, ერთიმეორის მიყოლებით მინისტრები ამბობენ, ჩვენ არ წავალთ სააღდგომო წირვაზე და ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო ტერმინსაც ხმარობს, რომ ტელევიზორით დავაკვირდებითო. რას დააკვირდებიან, როგორ დაინფიცირდება ის ხალხი, რომლებზეც ზრუნვა და პასუხისმგებლობაც აკისრიათ მათ, როგორც მინისტრებს?”

„სასულიერო პირებსაც აკისრიათ მრევლზე ზრუნვა, მაგრამ ეს მორალურია მხოლოდ და მორალი არ გააჩნიათ იმათ. არ გააჩნიათ და წირავენ სიკვდილისთვის და ავადმყოფობისთვის, ოღონდ თავიანთ ღმერთს, რომელიც იესო ქრისტე არ არის, თავიანთ ჭკუაში, ასიამოვნონ, რომ ის რიტუალები შეუსრულონ. სამღვდელობის და მრევლის ასეთი დამოკიდეუბლება რიტუალებთან, ლოცვასთან, ეკლესიასთან, იესო ქრისტესთნ, ზიარებასთან, ამ კოვზთან, არის ფეტიშიზმი. გაფეტიშებულია ლოცვა, ხატი და მამაოები, კათალიკოს-პატრიარქი, იესო ქრისტე“, – ამბობს კობახიძე ვიდეომიმართვაში.


სრული ვიდეომიმართვა:


ნახეთ ასევე:

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში – იმნაძე


ბასილ კობახიძე, რომელსაც ბოლო წლებში ღვთისმახურების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ, 2006 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა მღვდლობა.

„მესიზმრება კიდეც, რომ ვმსახურობ. ძალიან ცუდ დღეში ვარ ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ ეკლესიაში როცა მივედი, 18 წლის ვიყავი და ამის მეტი არაფერი არ ვიცი“, – ეუბნება ის რადიო „თავისუფლებას“ 2003 წელს მიცემულ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი