„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ეხმაურება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ურჩევს, რომ „რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე“.

ინაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო და არის მისი მეგობარი და სჯერა მისი განცხადებების. ამავე დროს, ინაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი არასდროს მდგარა მის უკან.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მისი და მისი მეგობრების „ხაფანგში გაბმას“ ცდილობდნენ:

„დღეს მე ვხედავ, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალს უყენებენ ,ანუ ხდება ის, რაზეც თავად ღარიბაშვილმა დაწერა, რომ მას ემუქრებოდნენ ახალი საქმის აღძვრით.
მე მჯერა ღარიბაშვილის განცხადების, ანუ მჯერა, რომ მას ივლისში მართლა მიუტანეს წერილი და რადგან ღარიბაშვილი ამბობს, რომ წერილი მდინარაძისგან იყო, მე ამისი მჯერა.

ამ წერილში ჩემი გვარი რატომ გაჩნდა? წესით, არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ მე ამ საქმეებთან არანაირი შეხება არა მაქვს, მაშინ რატომ გაჩნდა?

ვფიქრობ, კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ჩემი და ჩემი მეგობრების რაღაცა ხაფანგში გაბმას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენ წინააღმდეგ რაიმე დიდი პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საჯაროდ ვამხელთ კობახიძეს, ეს ჯგუფი დღეს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო ჯგუფია, ამ ჯგუფმა უამრავი ხალხი დაიჭირა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაჭერაც სურთ!

კვლავ ღარიბაშვილზე – ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, სრულიად ნათელია, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილს დააბრალოს ჯარის გაძარცვა. არსებობს ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე თემები: საბავშვო ბაღები, სკოლა, პენსიონერები, ჯარი… ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ადამიანს გულზე ხვდება, ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს. და თუ კაცის მოსპობა გინდა, მას ან ჯაშუშობა უნდა დააბრალო, ან ბავშვების, პენსიონერებისა და ჯარის ძარცვა. ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს ხდება. ღარიბაშვილს უნდა დააბრალონ ჯარის გაძარცვა და მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე. ჯერ ერთი- მოვლენებს დაასწროს და, რაც მთავარია, ხალხს გააგებინოს მისი სიმართლე“, – წერს ინაშვილი.


„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას.  წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.