ახალი ამბებიკომენტარი

მსოფლიო პატრიარქის მიმართვა მორწმუნეებს | COVID-19-ზე

19 მარტი, 2020 • 10939
მსოფლიო პატრიარქის მიმართვა მორწმუნეებს | COVID-19-ზე

მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი Covid-19-თან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. მიმართვა, რომელსაც ნეტგაზეთი გთავაზობთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის დიაკონმა, ირაკლი ჯინჯოლავამ თარგმნა.


ძმანო მღვდელმთავარნო და უფლისმიერსაყვარელო შვილებო,

ფანარიდან, ქალაქთა დედოფლის გულიდან, დიდი ეკლესიისა და აია სოფიას ქალაქიდან, ჩვენ გეხმიანებით თითოეულ თქვენგანს– ქალებს, კაცებსა და ბავშვებს – უპრეცედენტო მდგომარეობისა და გასაჭირის გამო, რომლის წინაშეც ჩვენ, როგორც ადამიანთა მოდგმა, დაგვაყენა გლობალურმა საფრთხემ, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსული პანდემიით, სახელწოდებით Covid-19.

ასეთ დროს ეკლესიის ხმას, დედაეკლესიის ხმას არ შეუძლია იყოს მდუმარებაში. ჩვენი სიტყვები იძენს იმ ფორმებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვისწავლეთ და გამოიხატება ლიტურგიასა და სწავლებაში, გამხნევებასადა ნუგეშში.

ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თავგანწირვით იბრძვის, ხშირად საკუთარი თავისა და მათი ოჯახების უგუვებელყოფით, მათ შორის:

  • სამედიცინო და საექთნო პერსონალს წინა ხაზზე, ჩვენი ტანჯული და-ძმების გვერდით.
  • მკვლევრებსა და მეცნიერებს, რომლებიც ეძებენ სათანადო მედიკამენტებს და ვაქცინას ამ ვირუსისგან თავის დასაღწევად.
  • ასევე ყველას, ვინც აქტიურად მუშაობს ამ პანდემიის პრობლემის გადასაწყვეტად.

თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. ეს არის ძღვენი მთელი საზოგადოებისათვის. ეს არის მსხვერპლი, რომელიც იმსახურებს პატივსა და მადლიერებას. თითოეული ჩვენგანი მადლობას გიხდით და ტაშს გიკრავთ არა მხოლოდ ჩვენი სახლების ფანჯრებიდან, არამედ ყველგან და ნებისმიერ დროს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა თქვენთანაა.

ამ ბრძოლაში შესაბამის სახელმწიფოებს, მთავრობებსა და ჯანდაცვის უწყებებს აქვთ უპირველესი პასუხისმგებლობა ამ კრიზისული ვითარების დაგეგმვის, წინააღმდეგობის გაწევისა და გადალახვისა. ჩვენ შეიძლება დავახასიათოთ ისინი, როგორც სარდლები ბრძოლის ველზე უჩინარი, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მტრის წინააღმდეგ, მტრისა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის. პასუხიმგებლობის ტვირთი, რომელსაც ისინი თავიანთ მხრებზე ატარებენ, აუცილებლად მოითხოვს ყველა ჩვენგანის თანამშრომლობას. ახლა დროა პირადი და სოციალური პასუხისმგებლობისა.

ამიტომ, ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან ჩვენი გათავისუფლება მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ ეს მკვეთრი ზომები ძირს უთხრის ან ზიანს აყენებს ჩვენს რწმენას.
თუმცა ის, რაც საშიშროების წინაშე დგას, არის არა ჩვენი რწმენა, არამედ მორწმუნე, არა ქრისტე, არამედ ჩვენი ქრისტიანები, არა ღმერთ-კაცი, არამედ ადამიანი.

ჩვენი რწმენა მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში. ჩვენი რწმენა ცოცხალი რწმენაა და არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ან ჩაახშოს ის. ის კი, რაც უნდა შეიზღუდოს ამ საგანგებო მდგომარეობაში, არის შეკრებები და დიდი თავყრილობები. მოდით, დავრჩეთ ჩვენს სახლებში. მოდით, ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ჩვენ გარშემო მყოფნი. და იქ, ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სულიერი ერთიანობის განმტკიცებით, მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა ვილოცოთ მთელი კაცობრიობისთვის.

ჩვენ ამ პერიოდს გავივლით უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, სადაც მეცნიერება, ღმრთის წყალობით, გადალახავს ამ ვირუსს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ლოცვების მეშვეობითაც, მეცნიერება ნამდვილად გაიმარჯვებს. ასე რომ, ჩვენთვისვეა კარგი, ვიყოთ ერთსულოვანნი, რადგან ვაგრძელებთ მონანიებისა და სიწმინდის ბრძოლას.

ვხედავთ, თუ როგორ განიცდიან ჩვენი მეზობლები ვირუსის შედეგებს, ზოგი მათგანი უკვე დაეცა და წავიდა ჩვენგან. ჩვენი ეკლესია იმედოვნებს და ლოცულობს დაავადებულთა განკურნებაზე, დაღუპულთა სულებზე და დაზარალებული ოჯახების სიმამაცესა და სიმტკიცეზე.

ესეც ჩაივლის. ცა გადაიწმინდება და სამართლიანობის მზე აღმოფხვრის ვირუსის სასიკვდილო ეფექტს. მაგრამ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ეს გამოცდა ჩვენი უკეთესობისაკენ შეცვლის შესაძლებლობაა, სიყვარულისა და სოლიდარობის გამყარების მიმართულებით.

უფლისმიერ საყვარელო შვილებო, უფლის კურთხევა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით, გვიძღოდეს ამ მოგზაურობაში, გარდაქმნას ჩვენი ნებაყოფლობითი იზოლაცია ნამდვილ თანაზიარებად და აქციოს ჩვენი ლოცვა და მიზანი მისი მნიშვნელობის დაფასებად, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ იმას, რაც ჭეშმარიტია, რაც ღმრთისთვის საამურია!

მასალების გადაბეჭდვის წესი