ახალი ამბებისაზოგადოება

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

17 მარტი, 2020 • 4078
მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

ტყიბულელი მეშახტეები კვლავ უჩივიან გაუსაძლის, საფრთხის შემცველ შრომით პირობებს და უსაფრთხო შრომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა უარს აცხადებენ შახტში მუშაობაზე. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ შექმნილი ვითარების მოკლე მიმოხილვას.

მოკლე ისტორია

ტყიბულში XIX საუკუნიდან მოყოლებული მოიპოვებენ ქვანახშირს. საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები 2006 წელს აღდგა.

მას შემდეგ ათობით დასაქმებული დაშავდა და დაიღუპა მუშაობისას. შიგადაშიგ ქალაქს საპროტესტო აქციების ტალღა გადაუვლის ხოლმე.

უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი 2018 წელს დადგა: აპრილსა და ივნისში ტყიბულის ყველაზე ცნობილ, მინდელის შახტში საწარმოო შემთხვევების შედეგად 10 დასაქმებული დაიღუპა და 9 დაშავდა.

შექმნილ კრიზისს სახელმწიფომ შახტების დროებით დახურვით უპასუხა. ამ დროის განმავლობაში დასაქმებულებს იძულებით განაცდურს უნაზღაურებდნენ, თუმცა 2019 წლის სექტემბერში დამსაქმებელმა კომპანიამ ხელფასები დააგვიანა, რასაც დემონსტრაციები მოჰყვა.

რა შეიცვალა?

წლების განმავლობაში შახტებს კომპანია „საქნახშირი“ ფლობდა, თუმცა 2019 სექტემბერში ამ ბიზნესიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სწორედ ამ პერიოდში, მეშახტეების პროტესტის ფონზე, ტყიბულში ჩავიდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნათია თურნავამ პირობა დადო, რომ „საქნახშირს“ სხვა კომპანია — Steel International Trade Company — ჩაანაცვლებდა, რომელიც 500 000 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებდა, ხელფასებსაც გადაიხდიდა და ნოემბრიდან განაახლებდა სამუშაოებს შახტებში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ „საქნახშირის“ წილები 27 სექტემბერს 1 ლარად იყიდა. როდესაც მეშახტეები სამუშაოს დაუბრუნდნენ, სწორედ ეს კომპანია დახვდათ ადმინისტრაციაში.

თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, სამუშაოები ისე განაახლეს, რომ სამუშო პირობები არათუ გაუმჯობესდა ან გამოსწორდა, არამედ გაუარესდა.

მოლოდინი ასეთი პესიმისტური არ ყოფილა: იმ დროში, სანამ შახტები გაჩერებული იყო, პრემიერ-მინისტრის დაპირების თანახმად, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შახტებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები უნდა შეეფასებინა.

დასკვნა 2019 წლის იანვარში მოამზადა გერმანულმა აუდიტორულმა კომპანია DMT-მა. შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC წერს, რომ DMT-ის დასკვნა „ცალსახა რეკომენდაციას გასცემს შახტების ოპტიმიზაციამდე მათი შეჩერების შესახებ“. დასაქმებულების თქმით, პირობები არა ოპტიმიზებული, არამედ გაუარესებულია.

რა ხდება ახლა?

2020 წლის თებერვალში მუშებმა შეშფოთება გამოხატეს დამატებითი რისკის გამო: მათი თქმით, ტყიბულის ორი შახტიდან ერთი, ძიძიგურის სახელობის შახტი, ადმინისტრაციამ რემონტის საბაბით გააჩერა.

მეშახტეების თანახმად, ამ გარემოებამ ისინი იძულებული გახადა, სამუშაო ადგილამდე მისასვლელად გაიარონ სავენტილაციო გვირაბი, სადაც მხუთავი აირები გროვდება და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

დასაქმებულებმა ამ მიზეზით თებერვალში უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე, თუმცა კომპანიასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ.

როგორც მეშახტეები ამბობენ, სამუშაოების გაგრძელება გარდაუვალი აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე შემოსავალიც არ ექნებოდათ.

„შახტში ვბრუნდებით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ იმ მცირე შემოსავალსაც კი, რომელსაც ჩვენი მძიმე შრომის ფასად მოვიპოვებთ. ჩვენი ოჯახები დარჩება მშიერი“, – წერენ მეშახტეები გავრცელებულ მიმართვაში.

ამავე განცხადების თანახმად, სამუშაოების განახლების შემდეგ სავენტილაციო გვირაბში რამდენიმე მეშახტე მოიწამლა, მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. ამ შემთხვევის შემდეგ მეშახტეებმა ისევ უარი განაცხადეს სამუშაოს შესრულებაზე. ბოიკოტი ამ დრომდე გრძელდება და ისინი ითხოვენ:

  • ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო პირობები;
  • სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობით ღია შეხვედრა ჩატარდეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • ის დღეები, როცა პროტესტის ნიშნად არ მუშაობდნენ, აუნაზღაურდეთ;
  • სახელმწიფომ მათ გააცნოს DMT-ის დასკვნა და ამის შემდეგ ერთად იმსჯელონ, როგორ შესრულდეს ამ დასკვნის რეკომენდაციები, როგორ ჩატარდეს სარემონტო სამუშაობი და ამ ყველაფერს ზედამხედველობა მეშახტეებმაც გაუწიონ;

რა უნდა მოხდეს მომავალში?

შახტები ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ადგილობრივი ეკონომიკა დიდწილად მასზეა დამოკიდებული. შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საჭიროა, სახელმწიფომ ქალაქის ალტერნატიული განვითარების გეგმა შექმნას, რამაც ტყიბულში არსებული მწვავე დილემა დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას. ამ დილემას ის ასე აღწერს:

„მეშახტეებმა ან უნდა გარისკონ და თავიანთი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გააგრძელონ მუშაობა შახტებში, სადაც უბრალოდ გაუსაძლისი პირობებია, ან უარი თქვან სამუშაოზე და გაჩერდეს საწარმო, რომელზეც მთელი ტყიბულია დამოკიდებული“.

„ეს შეუძლებელი არჩევანია. ეს არჩევანი საერთოდ არ უნდა იდგას. ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს — უნდა დგამდეს რეალურ ნაბიჯებს დასაქმების ალტერნატიული ადგილების შესაქმნელად, ტყიბულის განვითარების ახალი, ალტერნატიული ხედვის გასავითარებლად“, – ამბობს კოტე ერისთავი.

„ასეთი ხედვის გარეშე იარსებებს აბსოლუტური ჩიხი, მუდმივად სასწორზე იდება მთელი ტყიბულის კეთილდღეობა და მეშახტეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ უნდა გაჩნდეს ალტერნატიული მოდელი, რაც დაიხსნის ტყიბულს ტყვეობიდან“…


„ნეტგაზეთი“ 17 მარტს დაუკავშირდა დამსაქმებელ კომპანიას და ეკონომიკის სამინისტროს ტყიბულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი