საზოგადოება

ოპერის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვის დასრულების შემდეგ სამსახურში აღარ უშვებენ

29 დეკემბერი, 2023 • 1801
ოპერის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვის დასრულების შემდეგ სამსახურში აღარ უშვებენ

ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვის დასრულების შემდეგ სამსახურში აღარ უშვებენ.

როგორც ნეტგაზეთს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ეუბნება, თანამშრომლებმა გაფიცვის დასრულების შესახებ ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციას 25 დეკემბერს შეატყობინეს.

„25 დეკემბერსავე ღამით მივიღეთ [ოპერისა და ბალეტის თეატრიდან] წერილი, რაც მოულოდნელი იყო, რადგან ასე სწრაფად არასდროს არ გაუციათ პასუხი. წერილში ისინი გვთხოვდნენ დამატებით დოკუმენტაციას, რომლის ვალდებულებაც არ გვქონდა და საუბარი იყო, რომ დაგველოდეთ, სანამ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მანამდე ვერ შემოხვალთო. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს თავად, მაგრამ ჩვენგან მიიღეს იურიდიულად დასაბუთებული პასუხი და ამაზე პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

ოპერისა და ბალეტის თეატრის  თანამშრომლების გაფიცვა 53 დღეს გრძელდებოდა. გაფიცული ტექნიკური პერსონალი ხელფასების 100%-ით ზრდას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვდა. ადმინისტრაცია კი მათ იანვრიდან ხელფასების 40%-ით მატებას დაჰპირდა.

„ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ხელფასის 40%-იანი ზრდა არ იყო საკმარისი და ვერ მივდიოდით შეთანხმებამდე. თუმცა შემდეგ მივმართეთ შრომის ინსპექციას, რომელსაც ვაცნობეთ, რომ არსებობს დარღვევები.  შრომის ინსპექცია შევიდა ოპერისა და ბალეტის თეატრში და ამიტომ იმედი გაგვიჩნდა, რომ მათი მეშვეობით ამ ადამიენების შრომითი უფლებები და პირობები გაუმჯობესდებოდა. გასაგებია, რომ 100%-ით ვერ გავზარდეთ ხელფასები, თუმცა ჩავთვალეთ, რომ  40%-იანი ზრდა და შრომის ინსპექციის იმედი გვაძლევდა საფუძველს შეგვეწყვიტა გაფიცვა“, – აცხადებს ნიკოლოზ წიქარიძე.

მიუხედავად ამისა, როგორც წიქარიძე ამბობს, 17 ადამიანს სამსახურში ამ დრომდე არ უშვებენ.  მისივე თქმით, ადგილზე გამოიძახეს პატრულიც, რომელმაც ოქმი შეადგინა. როგორც წიქარიძე ამბობს, ამ ოქმის საფუძველზე ისინი შრომის ინსპექციას მიმართავენ. მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება,  ცალსახად შრომის კოდექსის დარღვევაა, რადგან კანონით, გაფიცვის საფუძვლის ამოწურვის შემდეგ დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე დაბრუნების უფლება აქვთ.

„ამ ადამიანების არშეშვება [ოპერისა და ბალეტის თეატრში] ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ყველანი გათავისუფლებული არიან, რაც ცალსახად კანონდარღვევაა, რადგან გაფიცვის გამო ადამიანის გათავისუფლება [არ შეიძლება]. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ აუცილებლად ვიდავებთ სასამართლოში და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მორალურადაც ვაგებინებთ პასუხს და იურიდიულადაც. ძალიან კარგად იციან, მათ რაც ჩაიდინეს… რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის მონათმფლობელობის დაკანონება ამ ქვეყანაში“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

როგორც ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, ახლა ისინი ოპერისა და ბალეტის თეატრისგან პასუხს ელოდებიან და თუ გარეთ დარჩენილ თანამშრომლებს ახალი წლის შემდეგაც არ შეუშვებენ სამუშაო ადგილზე, მაშინ ამას გაასაჩივრებენ.

ნეტგაზეთი ოპერისა და ბალეტის თეატრსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ვერ შედიან თანამშრომლები სამუშაო ადგილზე. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი