ახალი ამბები

ტყიბულელი მეშახტეების მიმართვა: „ისევ ჯოჯოხეთური პირობები გველოდება“

13 მარტი, 2020 • 1792
ტყიბულელი მეშახტეების მიმართვა: „ისევ ჯოჯოხეთური პირობები გველოდება“

ტყიბულელი მეშახტეები მიმართვას ავრცელებენ: ითხოვენ გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას და აცხადებენ, რომ ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, შრომის პირობები გამოსწორდებაო, „შახტში არაფერი იცვლება“.

დასაქმებულები ასევე აცხადებენ, რომ შახტში სამუშაოდ დაბრუნება მათთვის გარდაუვალი აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე შემოსავალსაც კი დაკარგავენ.

„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ტყიბულელი მეშახტეების მიმართვას:

ტყიბული მეშახტეების მიმართვა

„ჩვენ, ტყიბულელი მეშახტეები, მოვითხოვთ გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას.

ჩვენ შახტში მუშაობაზე უარი ვთქვით იმ მიზეზით, რომ იქ შრომის პირობები შეუსაბამოა ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან. ეს აჩვენა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ, როცა 5 ჩვენგანი მხუთავი აირით მოიწამლა. ადმინისტრაციამ მოწამლულები გადაიყვანა არა სასწრაფოს მანქანებით, არამედ თავიანთი პირადი ავტომობილებით, რათა ეს შემთხვევა დაემალა.

თებერვლის დასაწყისში ტყიბულის ორი შახტიდან ერთი, ძიძიგურის სახელობის შახტი ადმინისტრაციამ რემონტის საბაბით გააჩერა. ამის შემდეგ მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისვლა სავენტილაციო გვირაბის გავლით გვიწევს.

სავენტილაციო გვირაბი გადასაადგილებლად სახიფათოა, რადგან ის ახდენს მთელი შახტის მხუთავი აირების გამოდევნას. ჩვენ ყოველდღიურად 4 კმ-ის ფეხით გავლა გვიწევს ამ სახიფათო გარემოში. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ე.წ დაგაზიანება, მოწამვლა და ტრაგიკული შემთხვევები. 

დამსაქმებელი გვეუბნება, რომ 3 თვეში დავუბრუნდებით მუშაობის ძველ რეჟიმს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შახტში დაგვხვდება ისევ ის ჯოჯოხეთური პირობები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ანგრევს და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრება. 

შახტში ვბრუნდებით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ იმ მცირე შემოსავალსაც კი, რომელსაც ჩვენი მძიმე შრომის ფასად მოვიპოვებთ. ჩვენი ოჯახები დარჩება მშიერი.

ჩვენ სახელმწიფომ მიგვატოვა.

2018 წელს ჩვენი მეგობრების დაღუპვის შემდეგ სახელმწიფო დაგვპირდა, რომ უზრუნველყოფდა შრომის პირობების გამოსწორებას, თუმცა შახტში არაფერი იცვლება.

შარშან შახტის გაჩერებამ იმედი გაგვიჩინა, თუმცა წელს ისევ იქ დავრბუნდით, სადაც მანამდე ვიყავით. რატომ გვაიძულეს სამუშაოების განახლება, თუ პრობლემები არ მოგვარებულა?

ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს დაკვეთით მომზადებული საერთაშორისო დასკვნა, რომელიც არც კი გაგვაცნეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც მეშახტეები წლების მანძილზე ვიმეორებთ: ის ადასტურებს შახტში არსებულ უმძიმეს სამუშაო პირობებს. 

რატომ ჩატარდა აუდიტი, თუ მისი შედეგები არავის აინტერესებს? ვინაა პასუხისმგებელი ჩვენს უსაფრთოებაზე? რა გველის ჩვენ და რა ელის ტყიბულს? 

ჩვენ ვითხოვთ პასუხებს“.


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე.

პროტესტი, დასაქმებულების თანახმად, კომპანიის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცლებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით უწევდათ, რის გამოც მეშახტეები უარს აცხადებდნენ ამ გზით საქმიანობის განხორციელებაზე.

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC-ის ცნობით, 10 მარტს ამ გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოწამვლის გამო, სამი მეშახტე ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


2018 წლის აპრილსა და ივნისში საწარმოო შემთხვევების შედეგად მინდელის შახტში 10 მეშახტე დაიღუპა, რის შემდეგაც იქ სამუშაოები დროებით შეჩერდა.

ეს შახტი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის, „საქნახშირის“ მართვის ქვეშ იყო.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო დავით ბეჟუაშვილი (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ნახეთ ასევე:

ვინ არიან ტყიბულის შახტში 16 ივლისს დაღუპულები

“სხვა გზა არ გვაქვს” – ვინ და რატომ ითხოვს ტყიბულის შახტების ამუშავებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი