ახალი ამბები

ვინ არიან ტყიბულის შახტში 16 ივლისს დაღუპულები

16 ივლისი, 2018 • 7801
ვინ არიან ტყიბულის შახტში 16 ივლისს დაღუპულები

დღეს, 16 ივლისს, ტყიბულის შახტში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. დაშავებულებს ძირითადად დამწვრობები აღენიშნებათ, მათგან ორის მდგომარეობა კი მძიმეა.

შსს-ს ცნობით, წინასწარი ინფომაციით, მინდელის შახტში მეთანი აფეთქდა, რასაც შახტის ჭერის ნგრევა მოჰყვა.

ნეტგაზეთმა ტყიბულში მოიძია ინფორმაცია დღეს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა შესახებ:

  • ლაშა ფორჩხიძე, 30 წლის. ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა დაანება თავი და დაახლოებით 10 წელი იყო მეშახტე. ცოლ-შვილი არ ჰყავდა. “ყველანაირად საყვარელი და კარგი ადამიანი იყოო”, – იხსენებენ მეგობრები.
  • ბაჩო (ბადრი) ქარქაშაძე, 57 წლის. დარჩა 2 შვილი და შვილიშვილები. თავის დროზე მუსიკოსი იყო. მუშაობდა კავშირგაბმულობაშიც. “თითქმის მთელი ცხოვრება შახტში მუშაობდა. “იდეალური ადამიანი, რომლის იმედიც გვქონდა მთელი ცხოვრება” – ასე იხსენებს მისი ბავშვობის მეობარი. დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა.
  • მიხო გამეზარდაშვილი, 55 წლის –  ცოლ-შვილი დარჩა და შვილიშვილი. “მთელი ცხოვრება შახტში მუშაობს. მშრომელი, პატიოსანი და კარგი ადამიანი”, – ასე იხსენებენ დაღუპულს ტყიბულში. მიხო გამეზარდაშვილი იყო 2018 წლის აპრილში, ასევე, ტყიბულის შახტში დაღუპული ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთის, 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ბიძა. გამეზარდაშვილების ოჯახი “საქნახშირის” საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. პავლეს მამა და მიხოს ბიძაშვილი, გურამ გამეზარდაშვილი, 2010 წელს მძიმედ დაშავდა შახტში; მას ახლა მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება. 17 წლის პავლე, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და შახტში დაიწყო მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. პავლეს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე მეშახტეები არიან.
  • მურმან ლილუაშვილი, 57 წლის. დარჩა ცოლ-შვილი. შახტში ამფეთქებლად მუშაობდა. “პატიოსანი და მშრომელი კაცი! რაც თავი მახსოვს, შახტში მუშაობდა…” – იხსენებენ მეგობრები.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი