ახალი ამბები

„მოგვაქციონ ყურადღება“ – ტყიბულში მეშახტეებმა მორიგი აქცია გამართეს

16 მარტი, 2020 • 1075
„მოგვაქციონ ყურადღება“ – ტყიბულში მეშახტეებმა მორიგი აქცია გამართეს

ტყიბულში მეშახტეებმა მორიგი საპროტესტო მსვლელობა გამართეს და მოითხოვეს:

  1. სრულად ანაზღაურდეს კომპანიის ბრალით გაცდენილი დღეები;
  2. დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით;
  3. გააცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და უთხრან, რა ღონისძიებები იგეგმება შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;

მეშახტეები ჯერ კომპანიის შენობასთან შეიკრიბნენ და ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლეს.

ამ წუთებში [13:10] ისინი კვლავ მერიის შენობასთან იმყოფებიან, სადაც ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძეც იმყოფება. ჩუბინიძემ განაცხადა, რომ „პრობლემების მოსაგვარებლად ყველა ჩართულია“.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე.

პროტესტი, დასაქმებულების თანახმად, კომპანიის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით უწევდათ, რის გამოც მეშახტეები უარს აცხადებდნენ ამ გზით საქმიანობის განხორციელებაზე.

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC-ის ცნობით, 10 მარტს ამ გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოწამვლის გამო, სამი მეშახტე ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“სხვა გზა არ გვაქვს” – ვინ და რატომ ითხოვს ტყიბულის შახტების ამუშავებას

მასალების გადაბეჭდვის წესი