ახალი ამბები

კორონავირუსის გავრცელების ქრონოლოგია – განახლებადი

12 მარტი, 2020 •
კორონავირუსის გავრცელების ქრონოლოგია – განახლებადი

ინფორმაცია კორონავირუს COVID-19-ის საქართველოსა და მსოფლიოში გავრცელების შესახებ პერიოდულად განახლდება. უფრო დეტალური სიახლეებისთვის თვალყური ადევნეთ აქ.

21 მაისი

21 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 721-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში COVID-19-სგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ 485 შეადგინა.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანია გარდაცვლილი.

20 მაისი

20 მაისის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 713-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, მათგან 9 შემთხვევა ბოლნისში დაფიქსირდა, 2 პაციენტი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

19 მაისი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევით, საქართველოში კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი Rt დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ 3.88-ს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ 1 ადამიანი თავდაპირველად, საშუალოდ, 3.88 ადამიანს აავადებდა, ხოლო 11 მაისისთვის ეს რიცხვი 0.47-ს უდრიდა.

პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა, 19 მაისს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა.

18 მაისი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ექვსით გაიზარდა და 701 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 432-ს შეადგენა.

17 მაისი

17 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და 695-ს მიაღწია.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 425-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ბოლნისის რაიონიდან, 6 არის უკვე აღმოჩენილი შემთხვევების კონტაქტები, ხოლო 2 პაციენტი გამოავლინეს საკარანტინო სივრცეებში.

15 მაისი

მთვავრობამ განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ იგეგმება დისტანციური სწავლების გაგრძელება, ასევე სკოლებსა და უნივერისტეტებში სწავლის განახლებისა და გამოცდების ვადები.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 671 შეადგინდა. მათგან 15 შემთხვევა გუშინ ღამით, ბოლნისში დადასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 19 ახალი შემთხვევიდან 17 ბოლნისში დაფიქსირდა.

12 მაისი

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 639 შეადგინა. მათგან ქვეყანაში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც 11 მაისის მონაცემებზე 32-ით მეტია.

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა, რაც ითვალისწინებს 200-ლარიან დახმარებას ერთ ჰექტარ მიწაზე, ასევე ფასდაკლებას საწვავზე და ა.შ.

11 მაისი

საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. მას კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4769
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

11 მაისიდან მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა თბილისში შესვლასა და გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ 21-დან 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.

ასევე, 11 მაისიდან გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.

9 მაისი

ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 626 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 8-ით მოიმატა და 297-ს მიაღწია.

8 მაისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 623-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 288. ასევე, გარდაიცვალა რიგით მე-10 პაციენტი, რომელიც იყო 45 წლის. გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა ჭარბი წონა და არტერიული ჰიპერტენზია.

7 მაისი

ხელისუფლებამ დაანონსა ტურიზმის სექტორის ამუშავების გეგმა, რომლის მიხედვითაც, შიდა ტურიზმი დასაშვები გახდება 15 ივნისიდან, ქვეყანა კი საზღვრებს 1 ივლისიდან გახსნის და შესაბამისად, აღდგება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა.

4 მაისი

4 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 223 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაანონსა, რომ 5 მაისიდან ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა იქნება დაშვებული, თბილისისა და რუსთავის საკითხი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

გარდა ამისა, 5 მაისიდან მუშაობის უფლება მიეცემათ როგორც სამშენებლო კომპანიებს, ისე – ავტოსახელოსნოებს.

27 აპრილი

კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 496-ს მიაღწია. 26 აპრილს ცნობილი გახდა მე-6 გარდაცვლილის შესახებ.

27 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით აღდგა ავტომობილებით გადაადგილება, გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები და ასევე, ონლაინ ვაჭრობა განაახლეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც შესაბამისი ნებართვა მიიღეს.

26 აპრილი

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მთლიანად ჩაიკეთა თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი. გარდა ამისა, ცნობილი გახდა მე-6 გარდაცვლილის შესახებაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის არის კორონავირუსის გავრცელების პიკური პერიოდი.

24 აპრილი

მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა. გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში მიიღებენ 200 ლარს, თვითდასაქმებულები – ერთჯერადად 300 ლარს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის შეღავათი ბიზნესისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაასაჯაროვა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპი. თითოეული ეტაპიდან მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საჭირო იქნება ორკვირიანი პერიოდი. შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კი აცუილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინება.

22 აპრილი

საქართველოში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი, 5 კი გარდაიცვალა. მე-5 პაციენტის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

გარდა ამისა, პარლამენტმა 97 ხმით მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას. ასევე, 27 აპრილამდე გაგრძელდა შეზღუდვა ავტომობილებით გადაადგილებაზე მცირე გამონაკლისის გარდა.

19 აპრილი

საქართველოში 19 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხევა დაფიქსირდა, აქედან გარიდაცვალა 4, ხოლო გამოჯანმრთელდა 86.

18 აპრილი

სააღდგომო ღვთისმსახურება მართლმადიდებელი ტაძრების ნაწილში მრევლის გარეშე ჩატარდა, განსხვავებით დიდი ზომის ტაძრებისგან, სადაც მრევლი შეიკრიბა. ღვთისმსახურება მრევლთან ერთად ჩატარდა სამებაში, ქუთაისის ბაგრატის ტაძარსა და საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა ტაძრებშიც.

პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიაზე და თქვა, რომ ნებისმიერი განსაცდელი “უფლის ნებით ხდება”.

18 აპრილს საღამოს ბათუმში კორონავირუსით მე-4 პაციენტი დაიღუპა. ექიმების ინფორმაციით, 74 წლის ქალს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

17 აპრილი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 370-დე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 77, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში კი 5 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული.

16 აპრილი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა საქართველოში 336-ს გადააჭარბა, საიდანაც 3 გარდაიცვალა, 76 კი გამოჯანმრთელდა.

16 აპრილს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იკრძალება ავტომობილებით გადაადგილება გარდა გამონაკლისი სემთხვევებისა, ასევე, იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და ნებისმიერ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შესვლა.

14 აპრილი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა საქართველოში 300-ს მიაღწია. ინფიცირებულთა შორის არის სასულიერო პირიც, , რომელმაც ბზობის დღესასწაულზე წირვა აღავლინა.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ზომები გაამკაცრა და განაცხადა, რომ 15 აპრილის 21 საათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება. გარდა ამისა, დაანონსდა სოციალური დახმარების პაკეტი, რომლის შესახებაც უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების წინადადებით მიმართავენ. მან არ გამორიცხა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიკეტოს სასაფლაოებიც, რათა შეიზღუდოს მოსახლეობის თავყრილობა.

12 აპრილი

კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში ერთი კლინიკის პაციენტს, მეორე კლინიკაში კი – ექიმს. ამის გამო ორივე კლინიკამ შეწყვიტა პაციენტების მიღება და იქ კარანტინი გამოცხადდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ევრაზიულმა კავშირმა, რომლის მთავარი წევრიც რუსეთია, კავშირში შემავალი ქვეყნებიდან აკრძალა სხვადასხვა სახის პროდუქტის გაყიდვა.

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების გამო ჩაიკეტა ქობულეთის ოთხი სოფელი. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით კი ეკლესიების ნაწილსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო.

8 აპრილი

8 აპრილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 13 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

7 აპრილი

7 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 195-მდე გაიზარდა.

195 პაციენტიდან გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა – 3, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 4 735 პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 383.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 75 ათასამდე ადამიანი, გამოჯანმრთელდა 284 ათასი.

6 აპრილი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა, საიდანაც 36 გამოჯანმრთელდა.

ვირუსის გართულების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

5 აპრილი

კორონავირუსით საქართველოში მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, 81 წლის ქალს ასევე მძიმე, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა 174-მდე. ინფიცირებულთა შორისაა საჩხერის საავადმყოფოს ინფექციონისტი. ამის გამო საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია მოთავსებული.

4 აპრილი

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. 79 წლის ქალის მდგომარეობა თანმხლები დაავადებების გამო მძიმე იყო და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

3 აპრილი

საქართველოში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 27 გამოჯანმრთელდა. 5300-ზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული, 300-ზე მეტი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა მილიონს, გარდაცვლილია 54 ათასზე მეტი ადამიანია, გამოჯანმრთელდა 218 ათასზე მეტი, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას. ყველაზე მეტი – 245 ათასი – შემთხვევა დრეგისტრირებულია აშშ-ში, შემდეგ ესპანეთში – 117 ათასი, იტალია – 115 ათას, გერმანია – 85 ათასი.

2 აპრილი

საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 26 გამოჯანმრთელდა. 5500-ზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული, 281-ზე მეტი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსოფლიოში კოორნავირუსის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა 950 ათასს გადააჭარბა, დაღუპულების რაოდენობამ კი – 49 ათასს.

31 მარტი

კორონავირუსი დაუდასტურდა 110 ადამიანს, საიდანაც 21 გამოჯანმრთელდა. 5 ათასამდე ადამიანი კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული, 280-მდე კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

31 მარტიდან თელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა საკარანტინო რეჟიმში. აღნიშნული რგეულაციით, ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება ნებისმიერი გადაადგილება. დროის ამ პერიოდში გადაადგილება დაშვებულია სპეციალური საშვების საშუალებით გარკვეული კატეგროიის დასაქმებულებისთვის. ამ საშვებს მთავრობა გასცემს.

25 მარტი

საქართველოში კორონავირუსი 75 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 10 განიკურნა. კარანტინში მოთავსებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მატარებლების მოძრაობა.

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ სამთავრობო ფონდში უკვე რამდენიმე მილიონი ლარია მობილიზებული. “მაგთიმ” ფონდში 3 მილიონი ლარი შეიტანა, “სილქნეტმა” – 1 მილიონი, “თიბისი ბანკმა” – 5 მილიონი. ფონდში კიდევ არაერთი კომპანია რიცხავს სხვადასხვა ოდენობის თანხას.

24 მარტი

21 საათის მონაცემებით, კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 70 ადამიანს, მათგან 9 გამოჯანმრთელდა. კარანტინში მოთავსებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მატარებლების მოძრაობა.

23 მარტი

00:30 საათზე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში ვირუსის, სავარაუდოდ, უკონტროლო გავრცელების გამო, ჩაიკეტა მარნეული და ბოლნისი. ამის მიზეზი გახდა პაციენტი, რომელსაც მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, მანამდე კი მას, სულ მცირე, 90-მდე ადამიანთან ჰქონდა შეხება და კიდევ მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისში იკრძალება როგორც შესვლა, ისე – გამოსვლა.

22 მარტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია. ჯამში, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკვე დაფიქსირდა შემთვევა, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია და მას კონტაქტი ჰქონდა ათეულობით სხვა ადამიანთან.

21 მარტი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც არაერთი შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს, მათ შორის, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სასამართლო სხდომების დისტანციურ წარმოებას, გარკვეული ფასების რეგულირებას და ა.შ.

20 მარტი

20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 44-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ფოსტისა.

19 მარტი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა, შესაბამისად, ეს რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ პირველად, დღეს გახდა ცნობილი, რომ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, ერთი ახალი შემთხვევაც არ გამოვლენილა.

18 მარტი

18 მარტის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა, საიდანაც ერთი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო რეჟიმში მოთავსებულია 1 200-ზე მეტი მოქალაქე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ – 200-ზე მეტი.

მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა დედაქალაქში, შეიზღუდა საქაალქთაშორისო მიკროავტობუსების მოძრაობაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს მიეცათ დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლის რეკომენდაცია, დაიხურა სპორტდარბაზები.

ხელისუფლება მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისაკენ მოუწოდებს, რაც გულისხმობს თავყრილობების თავიდან არიდებას (მათ შორის, სახლებში შეკრება, ქეიფი და ა.შ.). შეზღუდულია უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის საქართველოში შემოსვლა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უცხოეთიდან ბრუნდება, ექვემდებარება ორკვირიან თვითიზოლაციას, ან კარანტინს.

ყოველდღიურად უფასურდება ლარი. 18 მარტისთვის 1 აშშ დოლარი 3.08 ლარი ღირს. ეროვნული ბანკი აღნიშნულს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს.

14 მარტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვმა 30-ს მიაღწია. ასევე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში თქვეს, რომ პირველი პაციენტი, წინასწარი შედეგებით, გამოჯანმრთელდა, თუმცა განმერებითი ტესტი კიდევ უნდა ჩატარდეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი მზად არის და შესაძლებელი იქნება, ჯამში, 4 ათასამდე საწოლის გათავისუფლება საავადმყოფოებში. თუმცა, მისი აზრით, ამის საჭიროება არ იქნება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, ზიარების შემდგომი სასმელის, “სიტკბოების” მიღება შესაძლებელი იქნება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებითაც.

13 მარტი

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ბიზნესს საგადასახოდო შეღავათებს სთავაზობს.

კონკრეტულად, ტურიზმის სექტორის ნაწილს მთავრობა ოთხი თვით საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაუვადებს. გარდა ამისა, ბანკებმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სესხების ყოველთვიური პირობების გადავადება შესთავაზეს სხვადასხვა პირობით.

12 მარტი

საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა უკავშირდება იტალიას, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების უმრავლესობიდან აშშ-ის მიმართულებით მოგზაურობა მომდევნო 30 დღით შეზღუდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა აშშ-ში 1200-ს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვამა კი 38-ს მიაღწია. მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალება. ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, სადაც უკვე 12 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა. შემთხვევები იმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც.

11 მარტი

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დაფიქსირდა #24 შემთხვევა. გამყრელიძის თქმით, მას კავშირი აქვს იტალიასთან, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ ჯგუფთან. თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა.

კარანტინში გადაიყვანეს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კავშირი ჰქონდა თვითიზოლაციაში მყოფ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან. ნოზაძეს 10 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა და ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო პანდემიად გამოაცხადა.

10 მარტი

საქართველოს სამთავრობო რესურსის, stopcov.ge-ს მონაცემებით, 10 მარტის მდგომარეობით, ლაბორატოიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 8 ახალი შემთხვევიდან 5 უკავშირდება იტალიიდან ჩამოსულ #2 პაციენტს. ეს 5 პირი #2 პაციენტთან ერთად საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვიდა.

ერთ ადამიანს შეხება ჰქონდა იტალიიდან 1 მარტს ჩამოსული ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან და მას გარკვეული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ ნაღდი ფული გამოართვა. შესაბამისად, ის ეჭვობს, რომ ვირუსი ფულით გადაედო.

რაც შეეხება 2 შემთხვევას, მათ ვირუსი გადაედოთ 7 მარტს დაფიქსირებული პაციენტისგან (მას ვირუსი საქართველოში მყოფი იტალიის მოქალაქისგან გადაედოთ). ამ 2 ახალი პაციენტიდან ერთი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეა.

9 მარტი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. 3 ახალი შემთხვევიდან 2-ს კავშირი ჰქონდა იტალიიდან 1 მარტს ჩამოსულ ადამიანებთან, ერთი კი ესპანეთიდან ჩამოვიდა.

ამავე დღის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 9 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 450-ზე მეტი.

8 მარტი

იტალიამ ვირუსის გავრცელების გამო ჩრდილოეთ რეგიონების 16 მილიონამდე ადამიანისთვის საკარანტინო რეჟიმი დააწესა.

7 მარტი

საქართველოს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ კორონავირუსი დაუდგინა მე-10 პაციენტს, რომელსაც კავშირი ჰქონდა საქართველოში იტალიიდან 1 მარტს ჩამოსულ ადამიანთან, რომელიც #4 პაციენტის სახელით არის ცნობილი.

7 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზარდა და 12-ს მიაღწია. ოფიციალური ინფორმაციით, 2 ახალი შემთხვევიდან ერთ პირს კავშირი ჰქონდა საქართველოსი მყოფ იტალიის მოქალაქესთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა. მეორე პაციენტს კი არის “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე (ამირან გამყრელიძის შვილი). ოფიციალურად, მას ვირუსი, სავარაუდოდ, გადაედო იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან, რომელიც საქართველოში 1 მარტს #4 პაციენტთან ერთად ჩამოვიდა, სამსახურშიც მივიდა და შეხვედრები გამართა.

5 მარტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-4 ადამიანის შესახებ გახდა ცნობილი. დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ის იტალიიდან 1 მარტს ჩამოვიდა, იყო თვითიზოლაციაში, მდგომარეობის გაუარესების გამო კი ექიმებს 4 მარტს მიმართა. ის იტალიაში სხვა ადამიანებთან ერთად მოგზაურობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოსული ადამიანების კონტაქტების შესწავლის შემდეგ საეჭვო პირებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული ანალიზი. კვლევის შედეგად, 5 მარტის საღამოს კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა COVID-19. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. როგორც გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი, ადამიანების იმ ჯგუფს გამოუვლინდა, რომლებმაც იტალიაში ერთად იმოგზაურეს და საქართველოში კვირას, 1 მარტს დაბრუნდნენ.

4 მარტი

კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებსა და ჯავშნების შემცირებაზე შეხვედრა გამართეს ინდუსტრიის წარმომადგენლება და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.

2 მარტი

საქართველოში დახურულ სირვცეებში სპორტული ღონისძიებებისა და სპექტაკლების დროებით შეჩერების რეკომენდაცია გაიცა.

29 თებერვალი

საქართველოში კორონავირუსი მე-3 ადამიანს დაუდგინა. ის საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით #1 პაციენტთან ერთად შემოვიდა. კორონავირუსის რისკების გამო საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო თსუ-ში. ამავე დღეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში.

28 თებერვალი

საქართველოში კორონავირუსის მე-2 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი იყო და ცუდად გახდომამდე სამსახურში არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. დააავდებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ამ მგზავრის საკონტაქტო წრის იდენტიფიკაცია. მისი ერთი ახლობელი კი კარანტინში მოათავსეს. ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანმა იტალიაში ჯგუფთან ერთად იმოგზაურა.

27 თებერვალი

კორონავირუსის გამო Wizz Air-მა საქართველო-იტალიას შორის ავიარეისების სიხშირეები შეამცირა.

26 თებერვალი

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამავე დღეს ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა საქართველო-ირანს შორის.

25 თებერვალი

იტალიიის ჩრდილოეთით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში, კორონავირუსი დაუფიქსირდა 200-ზე მეტ ადამიანს, გარდაიცვალა 7. ამის გამო ამ რეგიონისთვის იტალიის ხელისუფლებამ სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.

24 თებერვალი

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საქართველოს დააავდებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ იტალიაში, კონკრეტულად, მის ჩრდილოეთ რეგიონში მოგზაურობისგან.

23 თებერვალი

კორონავირუსის გამო საქართველომ ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

21 თებერვალი

კორონავირუსის შემთხვევების რადიკალური მატება დაიწყო ირანში. დაფიქსირდა კორონავირუსის 18 და გარდაცვალების 4 შემთხვევა.

19 თებერვალი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა.

16 თებერვალი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68 ათასს მიაღწია, ჩინეთს გარეთ დაფიქსირდა 5 შემთხვევა. კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში – ის საფრანგეთში ჩასული ჩინელი ტურისტი იყო.

2 თებერვალი

“მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსის გავრცელებას.

1 თებერვალი

თურქეთის დახმარებით საქართველოს 3 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუჰანიდან.

31 იანვარი

მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსი ჩინეთს გარდა გავრცელდა მსოფლიოს 18 ქვეყანაში, ჩინეთში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია. ამავე დღეს UK-ში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა.

29 იანვარი

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით, 29 მარტამდე შეჩერდა.

27 იანვარი

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

25 იანვარი

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის კონტინენტზე, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში. სპეიცალისტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სულ უფრო რთული ხდება დააავდების შეჩერება. ჩინეთში გარდაცვლითა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, ინფიცირებულებისამ კი – 1 200-ს.

საქართველომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ჩინეთიდან, კერძოდ, ურუმჩიდან ჩამოსული მგზავრების სხეულის ტემპერატურის შემოწმება. სპეციალისტების თქმით, თუ რომელიმე მათგანს სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტი ექნება, მას გამოკვლევები ჩაუტარდება.

23 იანვარი

ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი – 500-ს გადააჭარბა.

22 იანვარი

22 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიულად 440-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. ამ დროისათვის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ყველა ინფიცირებული ამ ქვეყნებში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ჰუბეის პროვინციასთან პირდაპირი ავიამომისვლა ჰქონდათ, დაიწყეს მგზავრების ტემპერატურის შემოწმება.

20 იანვარი

ჩინეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 20 იანვრისთვის დაადასტურა, რომ ახალი, ამ დრომდე უცნობი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ უცნობი ვირუსის საქართველოში გავრცელების რისკი თეორიულია, რადგან ჰუბეის პროვინციიდან საქართველოს მიმართლებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება.

12 იანვარი

2020 წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის მსოფლიო მედიაში უკვე ეტაპობრივად ჩნდება ცნობები ახალი, უცნობი კორონავრიუსის შესახებ, რომელმაც, 12 იანვრის მონაცემებით, რამდენიმე ასეული ადამიანი დააინფიცირა. დაავადების ძირითადი სიმპტომებია ფილტვების ანთება, სუნთქვის გაძნელება და ტემპერატურის მომატება. ვირუსის გავრცელების კერა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაშია. სპეციალისტების ვარაუდით, ვირუსი გარეული ცხოველების ბაზრობიდან ადამიანზე გავრცელდა, თუმცა ამისი უტყუარი ცნობები არ არსებობს.

პირველი შემთხვევები ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მის გავრცელებას ველური ცხოველების ბაზრობას უკავშირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი