ახალი ამბები

რას ითვალისწინებს განათლების ანტიკრიზისული გეგმა – სრულად

15 მაისი, 2020 • 1876
რას ითვალისწინებს განათლების ანტიკრიზისული გეგმა – სრულად

15 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „განათლების ანტიკრიზისული გეგმა“ წარადგინა, სადაც მოცემულია ზოგადი თუ უმაღლესი განათლების საკითხებში მთავრობის სამომავლო გეგმები. გეგმაში აგრეთვე გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული გამოცდები, დისტანციური სწავლების პროექტები და ა.შ.

ტელესკოლა, მისი დამატებები და „ახალი სკოლის მოდელი“

დისტანციური სწავლების პროექტ „ტელესკოლას“, რომელიც აქამდე I-XII კლასებისთვის ითვალისწინებდა გაკვეთილებს, ახალი დეტალები ემატება: მინისტრის თქმით, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები და „აბიტურიენტის საათი“, სადაც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

ასევე, EMIS-თან თანამშრომლობით სამინისტრო აპირებს Microsoft Office 365-ის 600 000 ანგარიში შექმნას სკოლის მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და ადმინისტრაციისთვის, ხოლო Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე — „ვირტუალური საკლასო ოთახები“. სხვა დეტალებს ამ პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაციაში არ აკონკრეტებენ.

ნახსენებია აგრეთვე „ქართული ონლაინ პლატფორმა“ Feedc, რომელზეც, სამინისტროს ცნობით, დავალებების გაზიარება, დოკუმენტების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინობაა შესაძლებელი.

სასწავლო წლის დასრულების ვადები და მოსწავლეების შეფასება

სასწავლო წელი, როგორც ადრე, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ დროს დასრულდება: პირველები ამთავრებენ მეთორმეტეკლასელები — 20 მაისს, 1 კვირაში, ანუ 27 მაისს — პირველკლასელები, ხოლო უკვე 15 ივნისს სწავლას ყველა სხვა კლასის მოსწავლეებიც დაასრულებენ. რა ფორმით დაიწყება შემდეგი სასწავლო წელი, ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, სამინისტრომ შეიმუშავა მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი — კერძოდ, სავალდებულო ხდება ორი ტიპის, „განმვავითარებელი“ და „განსაზმღვრელი“ შეფასება. „განმავითარებელი შეფასების“ ფარგლებში მასწავლე აფასებს სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლის განვითარების დინამიკას, ხოლო „განმსაზღვრელი“ ადგენს მოსწავლის დონეს, მასში იწერება ქულაც.

აგრეთვე, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ მოსწავლის წლიური შეფასების კრიტერიუმები:

  • 2019-20 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება;
  • 2019-20 სასწავლო წლის I სემესტრის, II სემესტრის ექვსი კვირის და დისტანციურ გაკვეთილებში მონაწილეობისთვის მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული;
  • V კლასელებისთვის — 2019-20 წლის II სემესტრის ექვსი კვირისა და დისტანციურ გაკვეთილებში მონაწილეობისთვის მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული;
  • I სემესტრში შეფასების არქონის შემთხვევაში — 2019-20 წლის II სემესტრის ექვსი კვირისა და დისტანციურ გაკვეთილებში მონაწილეობისთვის მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული.

შესაძლებელი იქნება აგრეთვე მოსწავლის მიერ შეფასების ამაღლება, თუმცა განსხვავებული იქნება პროცედურა. კერძოდ:

  • XII კლასის მოსწავლეების შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ (21 მაისიდან 29 მაისამდე) სკოლა 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემეჯამებელ კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც ხდება მისი შეფასება;
  • IX კლასის მოსწავლეების შემთხვევაში, რომელიც გადის ზოგადი განათლების სისტემიდან — მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ (16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით) სკოლა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს შემეჯამებელკომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც ხდება მისი შეფასება;
  • სხვა შემთხვევებში, მოსწავლის წარმომადგენელი 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლას და ნიშნის ამაღლების სურვილს აფიქსირებს, რისი შანსიც მოსწავლეს 2020-21 სასწავლო წლის I სემესტრში მიეცემა.

ეროვნული გამოცდები

ეროვნული გამოცდების გადადება, სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე არ განიხილება, ხოლო მათი ჩატარების თარიღი ივნისში გახდება ცნობილი.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტროს თანახმად, უზრუნველყოფილი იქნება დისტანციისა და ჰიგიენური ზომების დაცვის ნორმები, ხოლო ერთ სივრცეში არ განთავსდება 10 აბიტურიენტზე მეტი.

უმაღლესი სასწავლებლები — ფინალური გამოცდები და საბაკალავრო-სამაგისტრო ნაშრომები და სწავლის გადასახადი

ფინალური გამოცდების ჩატარება, სამინისტროს ცნობით, მოხდება შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე, ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაბრუნების შემდეგ და „ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე“. რაც შეეხება მათი და შუალედური გამოცდების შეფასებას, ისინი განსაზღვრულია უნივერსიტეტების მიერ.

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კი, სამინისტროს გეგმით, მოხდება ინდივიდუალური გრაფიკით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

აგრეთვე, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს მისცა სწავლის გადასახადთან დაკავშირებით „საშეღავათო პოლიტიკის რეკომენდაცია“, ხოლო უნივერსიტეტებმა მოახდინეს სწავლის საფასურის გადახდის გადავადება ან მოხდა გადახდის მოქნილი გრაფიკის შემუშავება.

რაც შეეხება 2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის გრანტებს, სტიპენდიებს და ა.შ, სამინისტროში ამბობენ, რომ მათი გაცემის პროგრამა სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

პროფესიული განათლება

გრძელვადიან პროგრამებზე პროფესიულ სასწავლებლებში, სამინისტროს თანახმად, საშემოდგომო მიღება 20 მაისიდან, ხოლო 12 ოქტომბრიდან სწავლა დაიწყება.

რაც შეეხება ამ სემესტრს, სწავლა უნდა აღდგეს შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპიდან.


კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, 4 მარტს საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში სწავლება შეჩერდა და ონლაინ-სივრცეში გადავიდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი