ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, გარკვეული საკვები პროდუქტების ექსპორტი აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ევრაზიული კავშირის ეკონომიკური კომისია ავრცელებს.
ევრაზიული კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. აღნიშნული ქვეყნებიდან იკრძალება შემდეგი სახის პროდუქციის გაყიდვა საზღვარგარეთ:
- ბრინჯი;
- ხახვი;
- ნიორი;
- წიწიბურა და წიწიბურისგან დამზადებული პროდუქცია;
- ჭვავი;
- მსხვილად დაღერღილი ხორბალი;
- მზესუმზირის მარცვლები;
- შვრია და ა.შ.
ამ დროის მონაცემებით, აკრძალვა 2020 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს, თუმცა ევრაზიული კავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შესაძლოა, დამატებითი ზომებიც მიიღოს. გარდა საკვები პროდუქტებისა, ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ასევე აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების სამედიცინო პროდუქციის გატანა, მათ შორის, ბახილების, სამედიცინო აღჭურვილობის, პირბადეების, სადეზინფექციო საშუალებების და ა.შ.