ახალი ამბები

დასაშვებია ზიარების შემდგომი სასმელის ერთჯერადი ჭიქებით მიღება – საპატრიარქო

14 მარტი, 2020 • 1480
დასაშვებია ზიარების შემდგომი სასმელის ერთჯერადი ჭიქებით მიღება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე ზიარების შემდგომი სასმელის, “სიტკბოების” მიღება შესაძლებელი იქნება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებითაც. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისგან, მათ შორის მოსალოცად:

“საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და ზოგადად სისუფთავეზე ზრუნვას. გარდა ამისა საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული წესების დაცვაც.

14 მარტის საღამოს მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი