ახალი ამბები

ერთი ინფიცირებული თავდაპირველად საქართველოში 3.88-ს აავადებდა, ახლა 0.47-ს – კვლევა

19 მაისი, 2020 • 1476
ერთი ინფიცირებული თავდაპირველად საქართველოში 3.88-ს აავადებდა, ახლა 0.47-ს – კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის მიმდინარეობის პერიოდში შემთხვევები, საშუალოდ, ყოველ 7.75 დღეში ორმაგდებოდა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 26 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდს. მონაცემები ასახულია კვლევაში, “საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა”, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი Rt დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ 3.88-ს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ 1 ადამიანი თავდაპირველად, საშუალოდ, 3.88 ადამიანს აავადებდა, ხოლო 11 მაისისთვის ეს რიცხვი 0.47-ს უდრიდა.

კვლევის თანახმად, ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოში სულ 30 891 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა გამოკვლეულთა 2%-ს, ანუ 11 მაისის მდგომარეობით- 628 ადამიანს. ტესტირებების ჯამური რაოდენობა კი 32 283-ის ტოლია, მათ შორის, განმეორებით ჩატარდა 1 392 ტესტირება. ტესტირებების ჯამური მონაცემები მოიცავს პერიოდს 30 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით.

19 მაისის მონაცემებით კი, საქართველოში ამ დრომდე სულ დადასტურდა 702 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 456 და გარდაიცვალა 12 პაციენტი.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში თვეში ერთხელ რეგულარულად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი