ახალი ამბები

200 ლარი ჰექტარზე და საწვავი – სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა

12 მაისი, 2020 • 5560
200 ლარი ჰექტარზე და საწვავი – სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 12 მაისს, სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

გახარიამ ბრიფინგზე თქვა, რომ გეგმა ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს და მასში შედის როგორც უკვე არსებული მხარდამჭერი პროგრამები, ასევე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსები. დახმარების სრული ბიუჯეტი, მთავრობის მეთაურის თქმით, 300 მილიონი ლარი იქნება.

მიწა და საწვავი

გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც მიწა რეგისტრირებული აქვს, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოს სუბსიდირებით 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

„ეს ნიშნავს, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, გააჩნიათ 10 ჰა მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით. ეს პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები. გარდა ამისა, ყველა ფერმა ერთ ჰა-ზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი“, – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს, რომ ფერმერებისთვის საწვავის ფასი დაწიოს.

„შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – თქვა გახარიამ.

უფასო წყალი 20 წლის განმავლობაში და ფინანსური დახმარება

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ფერმერი სრულიად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, ხოლო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მას სახელმწიფო ფინანსურადაც დაეხმარება.

„ყველა ფერმერი სრულად გათავისუფლდება საირეგაციო საფასურისგან 20 წლის განმავლობაში. მათ სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ და ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობისა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით – პირდაპირი ფინანსური სახით, დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით“, – ამბობს ის.

ფერმერებს შეეძლებათ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კონკრეტული დახმარებისა, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო, უფრო ფართო პრეზენტაციის სახით ამას სოფლის მეურნეობის მინისტრი წარადგენს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს დახმარება შეეხება დღეს საქართველოში მყოფ დაახლოებით 200 ათას ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი“, – ამბობს გახარია.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 200- ლარიან დახმარებას მიიღებენ მიწის ის მფლობელებიც, რომლებიც მიწის დსრეგისტრირებას წლის ბოლომდე მოასწრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი