ახალი ამბები

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

24 აპრილი, 2020 • 9067
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო. გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.

ანტიკრიზისული გეგმის I ეტაპი

გეგმის ამ ნაწილში გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, აღნიშნა მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 3 თვის განმავლობაში.

გადასახადების სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს გადაუხადა ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი, 670-ს კი – ბუნებრივი აირის. ჯამში, ამ მიზნით მთავრობამ 150 მილიონი ლარი დახარჯა.  ამასთან, გეგმის ამ ეტაპზე მთვრობამ მოახდინა 9 ძირითად პროდუქტზე ფასების სუბსიდირება და 15 მილიონი ლარი ამისთვის დახარჯა. 600 000 მოაქლაქეს კი სესხების გადავადების შესაძლებლობა მიეცა.

ტურიზმის სექტორის დახმარება

პირველ ეტაპზე მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი პირველ ნოემბრამდე გადაუვადა, რითაც  4 500-მა სუბიექტმა ისარგებლა, რამაც მთლიანობაში 90 მილიონი ლარი შეადგინა. მცირე სასტუმროებს კი სახელმწიფომ 6 თვის საბანკო სესხის ხარჯის 80%-ს უფინანსებს, რამაც 10 მილიონი ლარი შეადგინა და ამით 850 სასტუმრო სარგებლობს.

ავტომობილების განბაჟება

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების 90 -დღიანი ვადა პირველ სექტემბრამდე გადაუვადდათ, რითაც  38 000-მა იმპორტიორმა ისარგებლა. საუბარია 50 მილიონი ლარის გადასახადზე.

საბანკო სესხების გადავადება

გარდა ამისა, სესხის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ იურიდიულ პირებს, რითაც 7 000-მა იურიდიულმა პირმა ისარგებლა. ყველა ინფრასტრუტურულ პროექტს კი სახელმწიფომ სამშენებლო მასალების ფასის ზრდა დაუზღვია და ამ მიმართულებით 200 მილიონი ლარი გამოყო.

ანტიკრიზისული გეგმის II ეტაპი

გიორგი გახარიას განცხადებით,  შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტში შემოსავლები კი 1.8 მილიარდი ლარით მოიკლებს. გახარიას თქმით, კრიზისის დასაძლევად, საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ეკონომიკისთვის, ჯამში, 3 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

დახმარება უმუშევრად დარჩენილთათვის  

დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიანი დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება და მთავრობა ამ მიზნით 460 მილიონ ლარს დახარჯავს. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დახმარება დამსაქმებლებისთვის

გიორგი გახარიას განცახებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყოველი შენარჩუნებული დასაქმებულის ხელფასზე დამსაქმებელი სუბსიდირებას მიიღებს. კერძოდ, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1 500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი საშემოსავლოსგან 750 ლარის ოდენობა გათავისუფლდება, რაც ამ მოცულობის თანხაზე 150 ლარს შეადგენს:

“ჩვენ ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე- მეწარმეს, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, მოქალაქემ კი- შემოსავალი. ამისთვის ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარია გათვლაისწინებული” ,- ამბობს გახარია.

სოციალური დახმარებები 

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 600-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.

დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ამ მიზნით ბიუჯეტიდან, ჯამში, გამოყოფილია 83 მილიონი ლარი და ამ დახმარებას საქართველოს მასშტაბით 360 ათასამდე მოქალაქე მიიღებს.

პენსიები

 პრეზენტაციაზე გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლიდან პენსია ყველა პენსიონერს გარანტირებულად გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით.

კერძო სექტორის დახმარება 

მთავრობის ანატიკრიზისული გეგმით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება, რისი მეშვებითაც, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

ამასთან, გიორიგ გახარიას თქმით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის ოდენობის გრძელვადიანი რესურსი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი  დამატებით 500 მილიონი ლარი გამოიყოფა, მათ შორის:

მთავრობა შეიმუშავებს საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რისთვისაც ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის თქმით, გარანტიით გაიცემა 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი. გარანტია ახალ სესხზე 90% იქნება, რესტურქტურიზაციაზე კი – 30%.

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” თანადაფინანსების პირობებში სესხის/ლიზინგის თანაადაფინანსების პერიოდი 24-დან 36-მდე გაზრდა იგეგმება; შეიცვლება საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი; გაიზრდება საქმიანობის სახეები; დაიწევს სესხისა და ლიზინგის მინიმალური ზღვარი; გაიზრდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდა.

სოფლის მეურნეობის დახმარება

პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის პირობებში ქვეყანამ უნდა შეძლოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურსათზე. როგორც გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიკროსაგრანტო პროგრამა, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გაგრძელდება და ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის ზღვარი აიწევს 30 ათას ლარამდე, ჯამში კი, გაიზრდება 40 მილიონ ლარამდე.

გარდა ამისა, აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, ჯამში, 50 მილიონ ლარამდე იზრდება. მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროგრამით, 5 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამელიორაციო სისტემის 2020 წლამდე არსებული ყველა დავალიანება ჩამოეწერებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ასევე, გათავისუფლდებიან 2020 წლის გადასახადისგან.

გახარიას თქმით, 3 წლის განმავლობაში ჩატარდება 1.2 მილიონ ჰექტრამდე მიწის სისტემური რეგისტრაცია. მისივე ცნობით, სწორედ ეს რესურსი არის დარჩენილი სისტემური რეგისტრაციის გარეშე.

[red_box]შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გეგმა[/red_box]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის პროცესი ქვეყანაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მისი თქმით, პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყება, ეტაპებს შორის შუალედი კი 2 კვირა იქნება. ამასთანავე, გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

I ეტაპი – შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყება და შესაბამისი წესების დაცვით ნებადართული იქნება: მსუბუქი ავოტმობილებით შიდა გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინ ვაჭრობა როგორც საბუთუმო, ასევე საცალო; მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება.

ამასთან, გახარიას თქმით, 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ჩაკეტილ ქალაქებს შორის გადაადგილდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებს.

II ეტაპი – მეორე ეტაპზე მთავრობა შეზღუდვებს მოხსნის და დასაშვები იქნება: მშენებლობა; სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; სამშენებლო მასალების წარმოება; ავტოსამრეცხაოებისა და სერვისების სრულად ფუნქციონირება; კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

III ეტაპი – შემდეგ ეტაპზე კი ფუნქციონირებას გააგრძელებს: საცალო და საბითუმო მაღაზიები, (გარდა მოლებისა), რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან; ყველა ტიპის ღია ბაზარი; ყველა ტიპის წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა.

IV ეტაპი – მეოთხე ეტაპზე საქმიანობას გააგრძელებს: სავაჭრო მოლები; ღია ტიპის რესტორნებისა და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით; ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

V ეტაპი – გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ასევე ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი.

VI ეტაპი – მეექვსე, საბოლოო ეტაპზე კი, გეგმის მიხედვით, ფუნქციონირებას გააგრძელებს: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ამასთან,  გახარიამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე უცნობია, როდის განახლდება გეგმური სამედიცინო ოპერაციების ჩატარება. გიორგი გახარიას თქმით, ეს ორი სფერო პირდაპირაა დაკავშირებული ეპიდემიის გეოგრაფიასა და გავრცელების სისწრაფესთან და რომელიმე ეტაპისთვის მათი მიბმა სუბიექტური იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი