სამართალი

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ექიმს ბრალი წარუდგინეს

24 ნოემბერი, 2023 • 1908
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ექიმს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინა .

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის სიკვდილის საქმეს. ამავე საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს ექთანსაც.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

პროკურატურამ ექიმს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია).

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გარდაცვლილის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი 2 წელია მედპერსონალის დასჯას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი