ახალი ამბები

კობახიძე ბლინკენის მრჩეველს: ნიუ-იორკში სტუდენტების სასტიკი დარბევის გამო არ გამომითქვამს შეშფოთება

3 მაისი, 2024 •
კობახიძე ბლინკენის მრჩეველს: ნიუ-იორკში სტუდენტების სასტიკი დარბევის გამო არ გამომითქვამს შეშფოთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მრჩევლის, დერეკ შოლეს კრიტიკას კრიტიკით უპასუხა და აშშ დაადანაშაულა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის მხარდაჭერაში.

დღეს, 3 მაისს, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კობახიძე აღნიშნავს, რომ დერეკ შოლესთან საუბარში გამოთქვა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ რევოლუციის 2 მცდელობის გამო, რომელსაც გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აწყობდნენ.“

კობახიძემ კვლავ გაიმეორა ანტიდასავლური პროპაგანდისტული ნარატივი და აღნიშნა, რომ „ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა“.

„გარდა ამისა, მე ავუხსენი ბატონ შოლეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ და აქციებთან დაკავშირებით მოგვაგონებს აშშ-ის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლებში გაკეთებულ მსგავს ცრუ განცხადებებს, რაც მაშინ ხელს უწყობდა ძალადობის წახალისებას უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორებისგან და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას“, — წერს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან განუმარტა ბლინკენის მრჩეველს, რომ ასეთ ურთიერთობების განახლებას „განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რაც სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე შეუძლებელია“.

„მე არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ბატონ შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამო“, — წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩევლის, დერეკ შოლეს 2 მაისის განცხადების თანახმად, ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განუმტკიცა აშშ-ის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „მტრული რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერის“ გამო. შოლეს თქმით, ეს რისკს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

„დღეს ირაკლი კობახიძე განვუმტკიცეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს,“ – დაწერა შოლე სოციალურ ქსელში, რასაც მოჰყვა კობახიძის საწინააღმდეგო ბრალდებები.


უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი