ახალი ამბები

საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში კიბერთავდასხმაზე

20 თებერვალი, 2020 • 1344
საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში კიბერთავდასხმაზე

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და აშშ-მა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ქართულ საიტებზე, მათ შორის,  მედიასა და სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – გრუ.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ტვიტერზე გმობს რუსეთის მხრიდან ქართულ სამთავრობო, ასევე მედიის, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას.

“ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვგმობთ რუსეთის კიბერშეტევას საქართველოს მოსახლეობისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგანაც. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქმედებებზე”, – წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე.

აშშ-ის გარდა, განცხადება გაავრცელა დიდმა ბრიტანეთმა. გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ გმობს რუსეთის „გრუ“-ს — სამხედრო დაზვერვის სამსახურის — მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას.

„გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე“, — წერია 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებები გაავრცელა ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც.

ნორვეგიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში განხორციელებული კიბეროპერაციის გამო და აცხადებს, რომ ნორმების, წესებისა და პრინციპების პატივისცემა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიბერსივრცეში.

დანიის საგარეო უწყება კი ამბობს, რომ იზიარებს შეშფოთებას და რუსეთის აქტივობებს მავნებლურს უწოდებს:

“დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობების გამო და განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და დაცული კიბერსივრცის ხელშეწყობას” – წერია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.  ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილება ეხმაურება 2019 წლის კიბერთავდასხმას ათასობის ქართულ ვებგვერდზე და აცხადებს:

„ლიეტუვა ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მავნე კიბერაქტივობები საქართველოს წინააღმდეგ“.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას გამოეხმაურა ჩეხეთი. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევას:

“მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ჩვენ არ გვაქვს პირველადი სასამართლო მტკიცებულებები, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ეჭვი შევიტანოთ ჩვენი მოკავშირეების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შეფასებაში. ასეთი შეტევები ძირს უთხრის ნდობას და საფრთხეს უქმნის კანონზე დაფუძნებულ წესრიგს.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორს, საქართველოს, კიბერთავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რათა ეფექტურად დაიცვას ქვეყანა მომავალი თავდასხმებისგან”, – წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, მსგავსი შინაარსის განცხადება პოლონეთმაც გაავრცელა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთვამს, მოკავშირეებთან ერთად დაეხმაროს საქართველოს ჰიბრიდული და კიბერთავდასხმებისგან თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად:

“ვუერთდებით საქართვლეოს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის “გრუს” აკისრებს. ჩვენ ვიზირაბეთ მოკავშირეებისა და საერთაშორისო პარტნიორობის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი უპასუხისმგებლო და მავნე კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, რაც უნდა გამჟღავნდეს და მკაცრად დაიგმოს” ,– აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფაქტი დაგმო ავსტრალიის მთავრობამაც.  ავსტრალიის მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს შეუერთდა და დაგმო საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის მიერ განხორციელბული კიბერშეტევა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პარტნიორობით ავსტრალიის მთავრობამ გამოავლინა საქართველოში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სერიები ქართული ვებჰოსტინგის პროვაიდერი კომპანიების წინააღმდეგ, რამაც 2019 წლის ოქტომბერში გამოიწვია ათასობით ვებსაიტის ფართომასშტაბიანი გათიშვა.

ნიდერლანდების სამეფო   კი აცხადებს, რომ იზიარებს საერთაშორისო პარტნიორების დასკვნას:

“ნიდერლანდები იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების დასკვნას, რომ ფართომასშტაბიანი, არაავტორიზებული, დამაზიანებელი კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 28 ოქტომბერს დაფიქსირდა, მომდინარეობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GRU) მხრიდან”, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

*სტატია ეტაპობრივად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი