ახალი ამბები

ამერიკის მთავრობამ მილსადენზე კიბერ-შეტევის შემდეგ საგანგებო ზომები მიიღო

10 მაისი, 2021 • 1268
ამერიკის მთავრობამ მილსადენზე კიბერ-შეტევის შემდეგ საგანგებო ზომები მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მიმართა საგანგებო ზომებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებულ საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერ-შეტევა განხორციელდა.

“Colonial Pipeline”, რომელიც შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს საწვავის მოთხოვნის თითქმის ნახევარს აკმაყოფილებს, სრულიად 8-9 მაისს კიბერ-თავდასხმის  შედეგად გაითიშა.

საგანგებო ზომების თანახმად, ჯამში. 18 შტატს მიეცა დროებითი ვადა, რათა საავტომობოლო გზებით უზრუნველყონ საწვავის გადაზიდვა, თუმცა აღნიშნული მეთოდი მაინც ვერ უზრუნველყოფს მილსადენის მიერ მიწოდებული საწვავის მოცულობის სრულად გადაზიდვას.

BBC-ის თანახმად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინციდენტის შემდეგ მოსალოდნელია, ფასები საწვავზე 2-3 პროცენტით გაძვირდეს, თუმცა ფასებზე გავლენა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, თუ მილსადენის ამუშავება ვერ მოხერხდება.

არაერთი წყაროს თანახმად, კიბერ-თავდასხმა, რომელიც გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით მოხდა, მოწყობილია კრიმინალური ჰაკერული ჯგუფის მიერ, რომელიც საკუთარ თავს “DarkSide-ს” [ბნელი მხარე] უწოდებს.

კრიმინალურმა ჯგუფმა თავდასხმის შედეგად მოახერხა და თითქმის 100 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია ჩაიგდო ხელში. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილება, კრიმინალური ჯგუფის თანახმად, ისინი მოპოვებულ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით გაავრცელებენ.

კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტისა და კომპანია “Digital Shadows-ის” დამაარსებლის, ჯეიმს ჩეპელის თქმით, “DarkSide” რუსეთში ან რუსულ-ენოვან ქვეყანაში დაფუძნებული ჯგუფია. მისივე თქმით, ჯგუფი თავს იკავებს რუსულ ან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი სახელმწიფოების კომპანიებზე თავდასხმისგან.

ფოტო გარეკანზე:  AP Photo/Mark Lennihan

მასალების გადაბეჭდვის წესი