ახალი ამბები

რუსეთიდან საქართველოზე კიბერშეტევას ნიდერლანდებიც გამოეხმაურა

20 თებერვალი, 2020 • 1087
რუსეთიდან საქართველოზე კიბერშეტევას ნიდერლანდებიც გამოეხმაურა

ნიდერლანდების სამეფო, სხვა არაერთი სახელმწიფოს მსგავსად, ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას.

“ნიდერლანდები იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების დასკვნას, რომ ფართომასშტაბიანი, არაავტორიზებული, დამაზიანებელი კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 28 ოქტომბერს დაფიქსირდა, მომდინარეობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GRU) მხრიდან”, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ის ზიანი, რაც საქართველოს მიადგა კიბერშეტევისას. კერძოდ, გაითიშა სასამართლოების, სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მედიასაშუალებების, არასამთავრობოებისა და კერძო კომპანიების ათასობით ვებსაიტი.

“ეს ქმედებები არღვევს კიბერსივრცეში სახელმწიფოების პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმებს, რაც შეთანხმებულია გაეროს მიერ და გამოხატავს საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ წესრიგს.

ჩვენ გავაგრძელებთ ციფრული სივრცის გამძლეობის გაძლიერებას, მაგალითად, ჩვენი საერთაშორისო კიბერშესაძლებლობების განვითარების მცდელობებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ციფრულ სივრცეში პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით”, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საქართველოში. ორივე ქვეყანა გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას.

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ასევე აქვეყნებენ ჩეხეთი, ნორვეგია, დანია, პოლონეთი, ავსტრალია, ლიეტუვა და ა.შ.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი