ახალი ამბები

საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას ავსტრალიაც გმობს

20 თებერვალი, 2020 • 1658
საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას ავსტრალიაც გმობს

ავსტრალიის მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს შეურთდა და დაგმო 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელბული კიბერშეტევა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პარტნიორობით ავსტრალიის მთავრობამ გამოავლინა საქართველოში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სერიები ქართული ვებჰოსტინგის პროვაიდერი კომპანიების წინააღმდეგ, რამაც 2019 წლის ოქტომბერში გამოიწვია ათასობით ვებსაიტის ფართომასშტაბიანი გათიშვა.

დაზარალებულ ვებსაიტებს შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობოების, მედიისა და კერძო კომპანიების ვებსაიტები. ამ შეტეევების შედეგად შეფერხდა ადგილობრივი ტელეარხების მაუწყებლობა”, – წერია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავსტრალიის საგარეო უწყება ასევე აცხადებს:

“ავსტრალიის საერთაშორისო კიბერჩართულობის სტრატეგია ცნობს ავსტრალიის როლს თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის სარგებლიანობაში – ახლა და მომავალი თაობებისთვის – და ხაზს ვუსვამთ ჩვენს ვალდებულებას, რომ კიბერსივრცეში წესრიგი საერთაშორისო წესებით იყოს უზრუნველყოფილი.

ეს ვალდებულება ჩვენგან მოითხოვს, რომ უპასუხოს სახელმწიფოების ქმედებებს, როდესაც ისინი შეთანხმებული პასუხისმგებლობების ჩარჩოს სცდებიან”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო საზოგადოება – რუსეთის ჩათვლით – შეთანხმდა, რომ სახელმწიფოების სამართლიანი და პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები ვრცელდება კიბერსივრცეზეც.

“ეს მავნე კიბერაქტივობა ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ დაადასტურონ, თითქოს ის არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე კიბერსივრცეში და აჩვენებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოვლენილ განგრძობით, უგუნურ კიბეროპერაციებს სხვა ქვეყნების მიმართ.

კიბერსივრცეში მავნე ქმედებებს უნდა მოჰყვეს შედეგებიც. რადგან ეს ჩვენი ინტერესის სფეროა, ავსტრალია სწორად მიიჩნევს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საზოგადოებრივ მიმართვებს მავნე კიბერინციდენტებზე საპასუხოდ, განსაკუთრებით კი მათ წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო ეკონომიკის ზრდას, ნაციონალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სტაბილურობას”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა აიღო კიბერსივრცესთან დაკავშირებული წესების შესრულების პასუხისმგებლობა. ავსტრალია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი