ახალი ამბები |

პოლონეთი: რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას

20 თებერვალი, 2020 | | 873
პოლონეთი: რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2019 წლის კიბერთავდასხმას ათასობის ქართულ ვებგვერდზე და აცხადებს:

“ვუერთდებით საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის “გრუს” აკისრებს. ჩვენ ვიზიარებთ მოკავშირეებისა და საერთაშორისო პარტნიორობის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი უპასუხისმგებლო და მავნე კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, რაც უნდა გამჟღავნდეს და მკაცრად დაიგმოს”, – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პოლონეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ქვეყანა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

“ევროკავშირისა და ნატოს წევრ პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა დავეხმაროთ მას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ”, – წერია განცხადებაში.

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და აშშ-მა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ქართულ საიტებზე, მათ შორის მედიასა და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – გრუ.

„გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნესორგანიზაციების ვებგვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა“, — წერია დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის შეფასებით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორცეიელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი