ახალი ამბებიეკონომიკა

თუ არსებობს მტკიცებულება, დადონ, თუ არა – ბოდიში მოიხადონ – ჭყონია ხაზარაძის გამოძიებაზე

26 ივლისი, 2019 • 2708
თუ არსებობს მტკიცებულება, დადონ, თუ არა – ბოდიში მოიხადონ – ჭყონია ხაზარაძის გამოძიებაზე

“თუ არის რამე დასამტკიცებელი, ძალიან მოკლე ვადაში უნდა დაამტკიცონ. ის, რომ მამუკა ხაზარაძე ჩემი მეგობარია და მჯერა მისი, ამაზე ორი აზრი არაა”, – ამის შესახებ ნეტგაზეთს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

თემურ ჭყონიას განცხადებით, ის, რაც დღეს ხდება მამუკა ხაზარაძის გარშემო, ყველაფერი უნდა იყოს დამტკიცებულიყო სწორ დროს და სწორ ვადებში:

“ასე საუბრები იმაზე, რომ ფული გაათეთრეს, თან ამის დასამტკიცებელი საბუთი არ აქვთ და მიდის წლების განმავლობაში ძიების პროცესი – ეს არის შეუძლებელი. თუ არსებობს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, უნდა დადონ. თუ არ არსებობს, უნდა მოიხადონ ბოდიში”.

კითხვაზე, ამ პროცესით ზარალდება თუ არა საქართველოს საინვესტიციო გარემო და გართულდება თუ არა ბიზნესის კეთება, თემურ ჭყონია გვპასუხობს:

“დავანებოთ თავი ამ ინვესტორებზე საუბარს. ადგილობრივ ინვესტიციაზეა მთელი საქართველოს ეკონომიკა აგებული. ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებსაც ინვესტიციების კეთება უნდათ საქართველოში, საერთოდ ყურადღების მიღმა არიან. პრობლემა ძალიან სერიოზულია, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული პასუხის გაცემა.

ადგილობრივ ბიზნესმენებს სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენი სამშობლოა და სხვა ქვეყანაში ჩვენ ისეთი ადაპტირებულები ვერ ვიქნებით, როგორც აქ ვართ. ხშირად ვამბობ, რომ ინვესტორი ჩვეულებრივი ბიზნესმენისგან იმით განსხვავდება, რომ ინვესტორი არის ერთ-ერთი მიმართულება ბიზნესის. ინვესტორი, პირველ რიგში, სწავლობს ქვეყანაში სტაბილურბას, როგორი დამოუკიდებელი და სამართლიანია სასამართლო, ასევე, საგადასახადო სისტემას. ის, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ინვესტორს და მეც ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს მხოლოდ, სასამართლო სისტემა იყოს გამართული, საგადასახადო სისტემა და სტაბილური საბანკო რეგულაციები. ამის შემდეგ, რომელი პოლიტიკური პარტია მართავს და რა პოლიტიკური ქიშპობა მიდის ერთმანეთში, ინვესტორებს არ აინტერესებთ. ინვესტორებს აინტერესებთ ქვეყნის სტაბილურობა.

ინფორმაციის გავრცელებასაც ხომ უნდა ჰქონდეს ფორმა? ისეთი ტრაგედიული თემით ვრცელდება ეს ყველაფერი, თითქოს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ხელმეორედ. ასე როგორ შეიძლება? ეს თემა არის ძალიან აგორებული და საქართველომ ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს ძალიან მოკლე ვადაში.”

ამავე თემაზე

ერთი აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირს – ახალი ანტირეკორდი

“ყველა დამფრთხალია” – ავთო წერეთლის თქმით, ხაზარაძის საქმე ბიზნესზე ცუდად აისახება

პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი უნდა იყოს – ვეფხვაძე ხაზარაძის საქმეზე

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს – UK-ის საელჩო ხაზარაძეზე

შეშფოთებული ვართ, ბრალის კონტექსტისა და დროის გარემოების გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

 

ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე და მხარეთა პოზიციები - დააკლიკეთ

პროკურატურის მიხედვით

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებზე გაცემული თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რა მოხდა 2007-2008 წლებში ხაზარაძის მიხედვით

ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2007-2008 წლებში ბანკი გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა და ამიტომ ისესხეს თანხა მან და მეორე დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ, როგორც კერძო პირებმა, შემდეგ კი ბანკის კაპიტალში შეიტანეს.

ხაზარაძემ პარლამენტის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას 1990-იანი წლების დასაწყისში თიბისის დაფუძნების ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ 2000 წელს ბანკის აქციების 80 პროცენტს ის და ჯაფარიძე ფლობდნენ, ხოლო 10-10 პროცენტი მსოფლიო ბანკის კორპორაციამ და გერმანიის სახელმწიფო ბანკმა იყიდეს.

რაც შეეხება სადავო ტრანზაქციების პერიოდს, ხაზარაძის თქმით, 2007 წელს თიბისი საქართველოში ყველაზე დიდი ბანკი იყო. ეს ის წელია, როცა საქართველოში ყველაზე დიდი ეკნომიკური ზრდა დაფიქსირდა და “თიბისი ბანკმა კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა დაარღვია”.

ხაზარაძის განმარტებით, “კაპიტალის ადეკვატურობის ნორმის დაარღვევა” იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებლის მიერ დაწესებულ პარამეტრებში ვერ ჯდები და მეტი საწესდებო კაპიტალი გჭირდება იმისათვის, რომ კრედიტები გასცე.

“ეს კარგი პრობლემაა, ეს ნინშავს, რომ იზრდები და ახალი კაპიტალი გვჭირდება”, – ამბობს ხაზარაძე.

თუმცა, მისი განმარტებით, ბანკს კაპიტალის მოსაძიებლად 3-6-თვიანი ვადა არ მიეცა, როგორც ეს “ნორმალურ ქვეყნებში”  ხდება, და მეორე დღეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების საფუძველზე მან ფუნქციონირება თითქმის შეწყვიტა. ამაში, ხაზარაძის განმარტებით, იგულისხმება ის, რომ ბანკმა ზრდა შეაჩერა.

“დავინახეთ, რომ ვკარგავთ პოზიციებს, გამოვდივართ ბიზნესიდან. ამის მერე ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძიება, რომელიც ბანკში ინვესტიციას განახორციელებდა”.

ხაზარაძის განმარტებით, ინვესტორი, რომელიც ბანკის კაპიტალში თავისი ფინანსებით შევიდოდა, სწრაფად იპოვეს, ეს იყო ისრაელის უმსხვილესი ბანკი ლეომი. თუმცა ამ დროს, მისი თქმით, შემდეგი რამ მოხდა: მათი ერთ-ერთი აქციონერი მათთან მივიდა ბანკის გაყიდვის წინადადებით. ხაზარაძეს არ დაუკონკრეტებია, ეს გერმანიის სახელმწიფო ბანკი იყო თუ მსოფლიო ბანკი. როგორც ცნობილია, იმ პერიოდში ორივე მათგანი კაპიტალის 10-10 პროცენტს ფლობდა, ხოლო ხაზარაძე/ჯაფარიძე – 80%-ს.

“ჩვენ ვამბობდით, რატომ უნდა გავყიდოთ, იქნებ ვიპოვოთ ინვეტსორი [კაპიტალის გასაზრდელად]”, – ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, როდესაც 2000 წელს მათ აქციები გაყიდეს, გერმანულ ბანკსა და მსოფლიო ბანკის კორპორაციას ძირითად საკითხებზე ვეტოს უფლება მისცეს.

ხაზარაძის თქმით, ისრაელური ბანკი აქციების 19.9%-ს ყიდულობდა, მაგრამ მათმა უკვე არსებულმა ერთ-ერთმა აქციონერმა გარიგებას ვეტო დაადო. ამის შემდეგ კი ისრაელურმა ბანკმა მათ ლონდონის არბიტრაჟში უჩივლა, რადგან მას გარიგების ჩაშლამდე გარკვეული თანხა უკვე დახარჯული ჰქონდა.

“ამ დროს [თიბისი] ბანკი გაჩერებულია, ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ვპატარავდბეით და სხვა იკავებს ჩვენს ადგილს”, – აცხადებს ხაზარაძე.

ამის შემდეგ, ხაზარაძის თანახმად, მათ დაიქირავეს ავტორიტეტული საკონსულტაციო ჯგუფი და ინვესტორის მოძიება მათ სთხოვეს. საკონსულტაციო ფირმამ მათ 2 ევროპული ბანკი შესთავაზა- უნგრული (ოტეპე ბანკი) და ირლანდიის ალიანს ბანკი.

ხაზარაძის თქმით, მათ ირლანიდური ბანკი აირჩიეს, რომელიც კაპიტალში 20%-ით შედიოდა, თუმცა ისინი ამ ნაბიჯზე თავისი პირობებით მოდიოდნენ. ხაზარაძის თანახმად, ირლანდიელების წინადადება ამგვარი იყო: დამფუძნებლებსაც უნდა ეშოვათ გარკვეული თანხა კაპიტალის გასაზრდელად, თუმცა მათ მიერ მოძიებულ კაპიტალს ირლანდიური ბანკი გადააფინანსებდა.

“ჩვენ ვაწერთ ამ დოკუმენტს ხელს და გავდივართ ბაზარზე, მე და ბადრი, რომ მოვიზიდოთ სახსრები. ვიპოვეთ ამერიული კომპანია J.P morgan  და აშმორის ფონდი. გვჭირდება თანხა, რომ კაპიტალი გავზარდოთ”, – ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ ისინი ზემოხსენებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებზე ირლანდიური ბანკის გარანტიებით მივიდნენ და, საბოლოო ჯამში, 60 მილიონი ისესხეს.

ხაზარაძის განმარტებით, მათი მიზანი 80 მილიონის მოძიება იყო, 20 მლნ კი აკლდებოდათ. ხაზარაძის თანახმად, 3 მილიონი მეგობარი ფრანგი ბიზნესმენისაგან ისესხეს, ხოლო დარჩენილი 17 მილიონი- 2 ქართველი ბიზნესმენისაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი ავთანდილ წერეთელია.

“ავთო წერეთელი ჩემი მეგობარი და  პარტნიორია. ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობებით და ძალიან ვაფასებ”, – ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, თანხა უკვე ჩაირიცხა, ლონდონში ხელი ჩამოართვა ირლანდიური ბანკის მენეჯერს, თუმცა 8 აგვისტოს ომი დაიწყო და ყველაფერი თავდაყირა დადგა.

“[ომის გამო] ბანკები პრაქტიკულად გაკოტრებულები იყვნენ, მაგიური ძალა დაგვეხმარა, რომ ბანკს მუშაობა გაეგრძელებინა”.

ხაზარაძის თქმით, ომის დროს ის ესაუბრა ირლანდიურ ბანკს, რომელმაც თავისი ერთგულება შეთანხმებისადმი დაადასტურა, თუმცა სთხოვა, რომ პროცესის დასრულება სექტემბრამდე გადაედოთ.

2008 წლის სექტემბერში, ხაზარაძის თქმით, მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელმაც არაერთი ფინანსური ინსტიტუტი დააზარალა, მათ შორის ზემოხსენებული ირლანდიული ბანკი, რომელმაც თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

“მე და ბადრი დავრჩით სერიოზული პრობლემის და ვალის წინაშე. ბანკი კიდევ უფრო გაჩერდა. ან უნდა გადაგვერჩინა ბანკი, ან რამდენიმე ათასი ადამიანი გაგვეშვა სამსახურიდან და დაგვეპატრავეიბნა ბანკი… ჯიბის ბანკად გვექცია”, – ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ის, რომ ბიზნესმენ ავთო წერეთელს მათთვის გადარიცხული თანხა თიბისიდან ჰქონდა ნასესხები, სწორედ ამ პერიოდში გაიგეს.

ხაზარაძის თქმით, წერეთელს სამგორის იმპორტიორების სახელით თიბისიში 35 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი ჰქონდა გახსნილი, ანუ ნებისმიერ დროს შეეძლო ამ ფარგლებში სესხის აღება.

“იმ დროს მთელ საბანკო სისტემას, ჩვენი ინფორმაციით, 800-დან მილიარდ ლარამდე საკრედიტო ხაზი გაუფუჭდა. სამწუხაროა, რომ მარტო 17 მილიონის საკითხი იხილება, რომელმაც თურმე 2008-ში ყველაზე დიდი პრობლემა შექმნა”, – ამბობს ხაზარაძე.

მისივე მტკიცებით, 2008 წელს თიბისის 200 მილიონის ტოქსიკური სესხები ჩამოეკიდა და ეს 17 მილიონი იქიდან მხოლოდ 10% იყო.

ხაზარაძის თქმით, იმისათვის, რომ ბანკი გადაერჩინათ, მან და ბადრი ჯაფარიძემ მათი 80%-დან 60 პროცენტი უსასყიდლოდ დათმეს და 2009 წელს ბანკის კაპიტალში არაერთი ახალი მოთამაშე შევიდა, მათ შორის ევრობანკი, J.P Morgan, ეფემო და ა.შ. “მათ 70 მილიონი შემოიტანეს”.

ხაზარაძის თქმით, 2009 წელს თიბისი ბანკი ფინანსურად შეამოწმეს, როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე კერძო აუდიტორმა, პრაის ვოტერჰაუს კუპერსმა, ასევე, ყველა იმ ინვესტორმა, რომელმაც ბანკის კაპიტალში ფული შეიტანა.

“ეროვნულნა ბანკმა შეამოწმა და არანაირი კითხვა, არათუ სამგორზე… ჩვენ ავიღეთ ეს სიმძიმე, ემოციურად, წესიერების ფაგრლებში ორმა დამფუძნებელმა გადავიბარეთ პრობლემები”, – თქვა ხაზარაძემ და დასძინა, რომ 2009 წლის შემდეგ მათ ახალი ენერგიით დაიწყეს ბანკის შენება და საბოლოოდ ლონდონის ბირჟაზე მოახერხეს გასვლა.

რას ამბობდა ავთო წერეთელი

“სამგორი M”-ისა და ,,სამგორი თრეიდის” დამფუძნებელი ავთო წერეთელი ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა. მისი თქმითვე, აღებული კრედიტი მის განკერგულებაში იყო, შესაბამისად, ვისაც სურდა, იმას მისცემდა.

“ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ,  მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია. ჩამოწერა ერქვა, ახალახან რომ განხორციელდა. თიბისიმ  მსესხებლებს 10 მილიონი რომ  ჩამოაწერა,  და რატომ ამაზე არაფერს ამბობენ,”-უთხრა წერეთელმა GBC-ს.

წერეთელმა სესხის გადავადებაზეც განმარტა,  რომ 2008 წლის  საომარი მოქმედებების  გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები იყო.

 

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მამუკა ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკაში მოსვლას, რასაც იგი მიესალმება:

“საუბარია, რომ ხაზარაძე მოდის პოლიტიკაში და ბევრს საუბრობენ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები. ჩვენ ისეთი პერიოდი გავიარეთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რომ 50% ბიზნესში რომ ვიყავით, 50% პოლიტიკაში ვართ. სამწუხაროდ, ისე გადაება პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთში, რომ შეუძლებელია მათი გაყოფა. პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ფუნქციონირებენ, მათი დეკლარაციებიდან გამომდინარე, თუ ასე კარგად ერკვევიან ბიზნესში, რატომ არ შეიძლება ხაზარაძისნაირი გამოცდილი ბიზნესმენები იყვნენ პოლიტიკაში? ბიზნესი კი არ მოდის პოლიტიკაში, სულ არსებობდა. ის სულ არსებობდა პოლიტიკაში. უბრალოდ, არ მონაწილეობდა პოლიტიკურ დებატებში და განხილვებში, თორემ ხაზარაძე სულ იყო პოლიტიკაში. აქედან გამომდიანრე, აქ მოულოდნელი არაფერია”.

თემურ ჭყონია ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყნის N1 პრობლემაა დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

“თუ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თვლის თავს სპეციალისტად, სწორი და კომპეტენტური დასკვნა მოგვახსენოს”, – ბიზნესმენი თემურ ჭყონია უახლოეს დღეებში კობა გვენეტაძისგან ითხოვს დიდი კონფერენციის ჩატარებას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარადგენს ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების რეალურ დასკვნას.

ჭყონიას თქმით, ეს არ არის მხოლოდ მისი მოთხოვნა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძალიან ბევრ ბიზნესმენს აწუხებს:

ვრცლად:

ერთი აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირს – ახალი ანტირეკორდი

მასალების გადაბეჭდვის წესი