ახალი ამბები

„ლელო“: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო

26 თებერვალი, 2024 • 614
„ლელო“: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე წარმოებაში მიიღო და საქმეს პრიორიტეტი სტატუსი მიანიჭა.

პარტიაში აცხადებენ, რომ სარჩელში მხარეები საქართველოს ხელისუფლებას ედავებიან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლის დარღვევას.

სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის საქმეში ბრალდებულებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების დაცვის საკმარისი დრო და შესაძლებლობა შიდა (საქართველოს) სასამართლოების წინაშე, რითაც, მათი განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

სარჩელის ავტორების განცხადებით, შიდა სასამართლოებმა ხაზარაძე/ჯაფარიძე მსჯავრდადებულად ცნეს იმ დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენიათ და რომლის მიმართ გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, რითაც, მათი შეფასებით, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-7 მუხლი დაირღვა (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე).

ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და ევროპული კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებების უკანონო შეზღუდვა/შელახვას, რითაც კონვენციის მე-18 მუხლიც დაირღვა (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).

„ლელოში“ აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში ფაქტობრივად უპრეცედენტო მოვლენაა ასეთ მოკლე დროში მსგავსი მოცულობითი საქმის ანალიზი და პირდაპირ განხილვაზე გადასვლა:

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ “ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ შეკითხვები საქმის ყველა ცენტრალურ საკითხთან დაკავშირებით დასვა. ეს ნიშნავს, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეში არსებული სამართლებრივი საკითხები ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვნად და დასაბუთებულად მიიჩნია“, — აცხადებენ პარტიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა 2022 წლის12 იანვარს შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავებოდა. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი საქმეში ბრალდებულია 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი