ახალი ამბები

შეშფოთებული ვართ, ბრალის კონტექსტისა და დროის გარემოების გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

25 ივლისი, 2019 • 1284
შეშფოთებული ვართ, ბრალის კონტექსტისა და დროის გარემოების გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელშიც ამერიკული კომპანიებიც არიან ჩართულნი.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჯაფარიძე და  ხაზარაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი