ახალი ამბები

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს – UK-ის საელჩო ხაზარაძეზე

25 ივლისი, 2019 • 1030
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს – UK-ის საელჩო ხაზარაძეზე

დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის”, – აცხადებს საელჩო.

მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჯაფარიძე და  ხაზარაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი