პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მზადაა რეგიონებიდან თბილისში პროტესტისთვის მოქალაქეების ჩამოყვანა უზრუნველყოს.
ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ხაზარაძე ამბობს, ამას პარტია „ლელოსთან“ არანაირი კავშირი ექნება.
„უკვე საკითხი დგას არა მარტო რუსულ კანონზე, არამედ რუსულ რეჟიმზე. ჩვენს ქვეყანას მართავს რუსული მთავრობა და ასრულებენ დავალებას, რომ ჩვენი ქვეყანა შეათრიონ უკან, მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, პარტნიორებს, რეგიონებში თქვენი ქუჩის, თქვენი უბნის, თქვენი ქალაქის დაცვაა ახლა საჭირო. ვერ დავუშვებთ ამ ისტორიული მომენტის ხელიდან გაშვებას, რომ ასე მზაკვრულად შეგვათრიონ რუსეთის იმპერიაში. ამიტომ, ვისაც წამოსვლა უნდა, მზად ვართ, ორგანიზება გავუწიოთ ნებისმიერი წერტილიდან ტრანსპორტირებას, ვისაც უნდა ადგილზე პროტესტი, დაგვიკავშირდეს. აქვე ვამბობ, არანაირი კავშირი ამას „ლელოსთან“ და პარტიულობასთან არ აქვს. ეს მიიღეთ უბრალოდ მხარდაჭერად, რადგან სახლში ჯდომა უკვე დანაშაულია. ამიტომ დღეს ყველა უნდა გამოვიდეთ, რათა ამ რუსულ ოცნებას ჩვენი ქვეყანა რუსეთში არ გავატანოთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებიც, მათ შორის არაერთხელ გააკრიტიკეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ეს თბილისს დააშორებს ევროკავშირისგან.