ახალი ამბები

პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი უნდა იყოს – ვეფხვაძე ხაზარაძის საქმეზე

25 ივლისი, 2019 •
პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი უნდა იყოს – ვეფხვაძე ხაზარაძის საქმეზე

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე მიმდინარე გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ამასთან, მიმდინარე გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რაც საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ.

“აბსოლუტურად ვეთანხმებით ბიზნესომბუდსმენს და მიგვაჩნია, რომ პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში სამართლებრივი ნაწილი, ბუნებრივია, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იმ კითხვას, რაც არსებობ,ს მათ შორის რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ, უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი. გვინდა- არ გვინდა, ეს პროცესი ასე თუ ისე უკავშირდება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნესჯგუფს, თიბისი ბანკს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ თიბისი ბანკს და მიგვაჩნია, რომ განცხადებები, რომელიც კეთდება, უფრო მოზომილი უნდა იყოს”, – ამბობს ვეფხვაძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ვინ უნდა იყოს ზომიერი საკუთარ განცხადებებში, ვეფხვაძე პასუხობს: “როცა დებატები მიმდინარეობს, ბანკი, შესაძლოა, ხსენებულ იქნას ნეგატიურ კონტექსტში, რაც არც ამ ბანკისთვის და მთლიანად საბანკო სისტემისთვის კარგი არ არის. ბანკთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი მიდგომა და მოზომილი განცხადებები უნდა იყოს. ასეთია ჩვენი პოზიცია.”

ლევან ვეფხვაძე არ პასუხობს ნეტგაზეთის კითხვას, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალი  ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სესხის მოძიების პროცესს თუ ურთულებს.

“ანაკლია ჩვენი ასოციაციის წევრი არ არის და ვერ ჩავერთვები ამ დისკუსიაში. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ნებისმიერი ნეგატიური პროცესი, რომელიც უკავშირდება ასეთი ტიპის შემთხვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ბიზნესზე დადებით გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს. ამიტომაც სჯობია პოლიტიკური მდგენელი გვერდით გაიწიოს და სამართლებრივ ჭრილში წარიმართოს ისე, როგორც საჭიროა,”-აცხადებს ვეფხვაძე.

მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი