საზოგადოება

რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი პატიმარი

26 თებერვალი, 2024 • 3314
რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი პატიმარი

მოსახლეობაზე პატიმრების რაოდენობის გაანგარიშებით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა. ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიშით, რომელიც ევროპის ქვეყნებში ციხის პოპულაციას მიმოიხილავს, 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოზე მეტი პატიმარი მხოლოდ თურქეთს ჰყავს.

ბოლო ერთ წელიწადში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი გამონაკლისი არ არის. ევროსაბჭოს სტატისტიკაც მოწმობს, რომ 2011 წლიდან დღემდე, მიუხედავად რიცხობრივად პატიმრების მნიშვნელოვანი კლებისა, მოსახლეობასთან შეფარდებით ციხის პოპულაციით საქართველო „მოწინავე“ ადგილს იკავებს ევროპის ქვეყნებს შორის.

ბოლო შვიდი წელია, ქვეყანა პატიმრების ჭარბი რაოდენობით ევროპის ქვეყნების სამეულში ხვდება.

Რამდენი პატიმარი იყო საქართველოში წლების მიხედვით?

ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, 2011 წელს ქართულ ციხეებში (წინასწარი პატიმრობების ჩათვლით) 24 186 პატიმარი იმყოფებოდა და 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით ქვეყანა ევროპაში მეორე ადგილს იკავებდა. 2012 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების რაოდენობა 23 227-მდე შემცირდა, საქართველომ ციხის პოპულაციით ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

2013-2014 წლები ის საგამონაკლისო პერიოდია, როცა საქართველო პატიმრების მაჩვენებლით ევროპის ქვეყნების სამეულში არ მოხვდა. 2013 წელს პატიმრების რაოდენობა 8 886-მდე შემცირდა და მოსახლეობაზე გადათვლით, ევროპაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2014 წელს კი ციხის პოპულაცია კვლავ გაიზარდა 10 233-მდე და ქვეყანა ევროპაში მეხუთე ადგილზე გადავიდა.

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2013 და 2014 წლების სტატისტიკაში ასახული კლება ძირითადად განპირობებულია 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიით და 2013 წლის დასაწყისში სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნაწილობრივი ლიბერალიზაციით. თუმცა მომდევნო წლების მონაცემები მოწმობს, რომ საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების სათავეში, სადაც პატიმრების რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მაგალითისთვის, 2015 წელს ევროპის საბჭოს სტატისტიკის მიხედვით, ქართულ საპატიმროებში 10 242 პირი იმყოფებოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზე გადავიდა, 2016-ში კი ციხეში 9 534 პირი იმყოფებოდა და 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველომ პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეც გადაინაცვლა.

მომდევნო წლებშიც საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით „მოწინავე“ პოზიციებს ინარჩუნებდა. 2018 წელს 9 407 პატიმრით ქვეყანამ ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა, 2019 წელს კი 10 042 პატიმრით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წელს საქართველომ 9 806 პატიმრით კვლავ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამავე პოზიციაზე დარჩა ქვეყანა 2021 წელსაც 9 232 პატიმრით. 202-2 ის ანგარიშში კი 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში ისევ მეორე ადგილზეა 9 389 პატიმრით.

იმაზე, რომ საქართველოში პატიმრების რაოდენობა მაღალია, ყველა თანხმდება. Მათ შორის- სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და ხელისუფლებაც კი. „ქართული ოცნების“ ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დეპუტატ იაგო ხვიჩიას კითხვის საპასუხოდ აცხადებდა, რომ პატიმრების რაოდენობის ოპტიმალური მაქსიმუმი საქართველოსთვის 5 500 იქნებოდა, თუმცა, როგორ შეძლებს ხელისუფლება ციხის პოპულაციის თითქმის განახევრებას — ამის შესახებ კობახიძეს დეტალურად არ უპასუხია:

„ეს ჩემს სუბიექტურ შეხედულებაზე არც არის დამოკიდებული, არსებობს ევროპული სტანდარტიც. ამ კუთხით ოპტიმალური მაჩვენებელი იქნებოდა სადღაც მაქსიმუმ 5 500 პატიმარი. თქვენ იცით, 2012 წელს აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდა. 24 000-ზე მეტი იყო პატიმრების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ შევამცირეთ.

სერიოზული პროგრესი გვაქვს, მაგრამ დღევანდელი მაჩვენებელიც არ არის ოპტიმალური და 5 500 იქნებოდა ოპტიმალური მაქსიმუმი. როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? მათ შორის ამნისტიის კანონი იყო ნახსენები, არ ვიცი, დეტალურად დაგვჭირდება ამაზე მსჯელობა. აქაც ღია ვართ, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები პატიმარი იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათ შორის იმისთვისაც, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს უსაფრთხოების ხარისხი, სერვისები და ა.შ.“ ,— თქვა ირაკლი კობახიძემ.

რა განაპირობებს ციხის მაღალ პოპულაციას?

კობახიძისთვის დასმული ამ კითხვის ავტორი, იაგო ხვიჩია პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის შეტანას გეგმავს. როგორც „გირჩის“ წევრი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, კანონპროექტი ფართოა და მოიცავს თითქმის ყველა პატიმრისთვის სასჯელის მინიმუმ მეოთხედის ჩამოკლებას, გარდა იმ პირებისა, ვინც მსჯავრს იხდის არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის.

იაგო ხვიჩია

თუმცა იაგო ხვიჩიაც მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ციხის პოპულაციის შესამცირებლად გარდაუვალია სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილება.

შესაძლო მიზეზი #1: Მმართლმსაჯულების პოლიტიკა:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი“ გურო იმნაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, პატიმართა ასეთი რაოდენობის განმაპირობებელი ერთ-ერთი დიდი პრობლემა თავად სისხლის სამართლის კოდექსშია. იმნაძის თქმით, ქვეყანაში კანონმდებლობის დონეზე ნორმალიზებულია გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელები, რასაც საკუთარი წვლილი შეაქვს ციხის პოპულაციის ზრდაში.

ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ მაგალითად, ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც ადამიანი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სჩადის, მხოლოდ სისხლის სამართლის სისტემის სადამსჯელო პასუხი არასაკმარისია და სახელმწიფოს სხვა სერვისებიც უნდა ჰქონდეს განვითარებული, როგორიცაა სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკური გაძლიერება, დასაქმების მრავალფეროვანი პროგრამები და ა.შ.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ამ თანამდებობას 2012-2017 წლებში იკავებდა. Ნანუაშვილის თქმით, მართლმსაჯულების მკაცრი პოლიტიკა პერიოდულად გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისთვისაც. შესაბამისად, უფლებადამცველის თქმით, ხელისუფლებას არ სურს ხელიდან გაუშვას ის ბერკეტები, რომლებიც მოქალაქეებზე კონტროლის განხორციელებას ითვალისწინებს:

უჩა ნანუაშვილი. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

„სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების რეფორმა რომ პრაქტიკულად არ მომხდარა და იგივე სისტემაა შენარჩუნებული, ესეც არის ალბათ პრობლემა, რაც, ბუნებრივია, აისახება პატიმრების რაოდენობაზე. ამასთან, სახელმწიფო ხარჯავს უზარმაზარ თანხებს ათასობით პატიმრის ადმინისტრირებისთვის მაშინ, როდესაც შესაძლებელია პირიქით, დაასაქმო თუნდაც პატიმარი, არ მიუსაჯო მას პატიმრობა და დააკისრო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და პირიქით, ბიუჯეტში შეატანინო თანხა“ ,— აღნიშნავს ნანუაშვილი.

ამასთან, ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, არ არსებობს, ან თუ არსებობს, მიზერულია პროგრამები, რომლებიც პატიმრების რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას ეხება:

„რეალურად ბევრი პატიმარი, რომელიც გამოდის საპატიმროდან, კვლავ ბრუნდება უკან იმიტომ, რომ გარემო პრაქტიკულად იგივეა. სისტემის მიზანი არ არის, რომ მსჯავრდადებული გამოსწორდეს და ჩაებას, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, — ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი.

ნანუაშვილის თქმით, ამ ყველაფერს ემატება ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში პენიტენციური სისტემა კიდევ უფრო დაიხურა, რაც ხელს უწყობს ციხის შიგნით სუბკულტურის გაძლიერებასა და სისტემის არაფორმალური მეთოდებით მართვის ცდუნებას.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი ამახვილებს ყურადღებას, თავად მოსამართლის შეზღუდული დისკრეციაა:

“სასამართლოს არ აქვს საკმარისი საკანონმდებლო ბერკეტები იმისთვის, რომ კანონით დადგენილ საპატიმრო სასჯელზე მცირე შეუფარდოს. მაგალითად, თუკი რომელიმე დანაშაულზე ხუთიდან რვა წლამდე არის კანონით გათვალისწინებული და მოსამართლე დაინახავს, რომ ასეთი მკაცრი მიდგომა უსამართლოა და ნაკლები სიმკაცრის სასჯელითაც შესაძლებელია მართლმსაჯულების მიზნის მიღწევა, მას არ შეუძლია პირობითად სამწლიანი საპატიმრო სასჯელი გამოიყენოს“, — ამბობს იმნაძე.

ამ მიმართულებით ერთადერთი ბერკეტი, რაც მოსამართლეს გააჩნია, იმნაძის თქმით, მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაა, თუმცა მოსამართლეები, იურისტის თქმით, ამ მექანიზმსაც ძალიან იშვიათად იყენებენ.

სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სისხლისსამართლებრივი პასუხისგება თავდაპირველად მარიხუანის მოხმარებაზე, მოგვიანებით კი საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გააუქმა მუხლი, რომელიც პირისთვის 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად გამოუსადეგარია. თუმცა ორივე შემთხვევაში წარდგინების ინიციატორი არა მოსამართლე, არამედ კერძო პირი ან სამოქალაქო ორგანიზაცია იყო.

შესაძლო მიზეზი #2: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

ციხის მაღალი პოპულაციის კიდევ ერთ შესაძლო მიზეზად ექსპერტები ასახელებენ ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა.

პატიმართა საერთო რაოდენობაში ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულ პირებს ცალკე კატეგორიად ევროპის საბჭო 2013 წლიდან გამოყოფს და ამ მიმართულებით ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში საქართველო ყოველ წელს ხვდება.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც საერთო სტატისტიკაში ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულთა წილი 20%-ს აჭარბებს, 2013 წელს საქართველო მე-18 ადგილზე იყო (21%), 2014 წელს კი ვარდნა განიცადა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა (37.5%), სადაც მხოლოდ მალტას ჩამორჩებოდა. 2015 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დანაშაულზე მსჯავრდადებულთა პროცენტული წილი 30.8 პროცენტამდე შემცირდა, რეიტინგში საქართველომ კვლავ მეორე ადგილი შეინარჩუნა.

2016 და 2018 წლების სტატისტიკაში ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის კვლავ მეორე ადგილზე იყო (39% და 34.1%), 2019 წელს კი, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველომ მათ ეს მონაცემი არ მიაწოდა. რაც შეეხება 2020 წლის სტატისტიკას, ნარკოდანაშაულზე მსჯავრს პატიმრების საერთო რაოდენობის 26% იხდიდა და ქვეყანამ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, 2021 და 2022 წელს კი მე-13 და მე-12 ადგილი დაიკავა (24%—24%). 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით საშუალო ევროპული მაჩვენებელი 19%-ს შეადგენდა.

ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელებას უკვე წლებია ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაატაროს ცვლილებები, რომლის შედეგადაც პოლიტიკა სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად მიმართული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ. თუმცა, როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი აღნიშნავს, ეს მიმართულება კვლავ არსებითი რეფორმის გარეშე რჩება.

„ჩვენი შეფასებით საერთოდ არ უნდა ითვლებოდეს ნარკოტიკის მოხმარება კრიმინალად და მოხმარების დეკრიმინალიზაციაა საჭირო, ოღონდ იმის პარალელურად, რომ ქვეყანა შექმნის პრევენციის ძლიერ ჯანდაცვის სისტემას, რომ ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შედეგად ჩვენ არ მივიღოთ დამძიმებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობა“, — ამბობს გურო იმნაძე.

Რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა აქაც დასახვეწია როგორც ნარკოტიკული საშუალებებს ოდენობის სამართლიანი განსაზღვრის კუთხით, ასევე, სასჯელების მიმართულებითაც.

იმნაძე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ნარკოტიკულ დანაშაულზე სასჯელები ისეთი მკაცრი და არაპროპორციულია, ხშირად ინდივიდის მიერ პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა შესაძლოა უფრო მკაცრად ისჯებოდეს, ვიდრე ჯანმრთელობის დაზიანება და მკვლელობაც კი:

„ასეთი საკანონმდებლო რეგულირება უბრალოდ ალოგიკური არის და დიდი უსამართლობის წყარო შეიძლება იყოს. ამიტომაც ეს პოლიტიკაც არსებითად არის გადასახედი“, — ამბობს იურისტი და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს საკითხი პოპულარული არაა, მით უმეტეს, ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს კონსერვატორულ სენტიმენტებზე — აღნიშნული შესაძლოა არ ჩაითვალოს პრაგმატულ ნაბიჯად.

ამასთან, იმნაძე აღნიშნავს, რომ მეორე არგუმენტი, რატომაც შესაძლოა ხელისუფლებას არ სურს ამგვარი რეფორმის გატარება, კონტროლის მექანიზმის შენარჩუნებაა:

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა კვლევით, დაახლოებით 50 000 პრობლემური მომხმარებელი ცხოვრობს და ამის გარდა გვყავს ძალიან ბევრი ექსპერიმენტული მომხმარებელი… ეს ადამიანები ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან მარტივად დაექვემდებარონ სამართლებრივ დევნას სახელმწიფოს მხრიდან.

ამიტომ ეს არის სერიოზული ბერკეტი ხელისუფლების ხელში: აკონტროლოს ეს ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, რაც ისევ და ისევ სხვადასხვა მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული. როგორც, ვთქვათ, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, როცა აიძულებდნენ მათ თანამშრომლობას, ასევე წინასაარჩევნოდაც ელექტორალური მიზნებით და ასე შემდე“ ,— ამბობს იურისტი.

შესაძლო მიზეზი #3: Სასამართლო პრაქტიკა

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრების დიდ რაოდენობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თავად სასამართლო პრაქტიკაა, რომელიც ნაკლებ აქცენტს აკეთებს სასჯელის ისეთ ალტერნატიულ ფორმებზე, როგორიცაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა ან შინაპატიმრობა, და მეტწილად საპატიმრო სასჯელებს იყენებს.

ამაზე მოწმობს უზენაესი სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ბოლო, 2022 წლის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მსჯავრდადებულთა მხოლოდ 5.9%-ის შემთხვევაში გამოიყენა, ჯარიმა კი, 19.9%-ში. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტჯერ სასამართლომ მსჯავრდადებული პირების მიმართ პირობითი მსჯავრი გამოიყენა (51.9%), 21.9%-ში კი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„უმეტესად სწორედ საპატიმრო სასჯელების გამოყენება ხდება და არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი გარემოებები. იყო ამასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის ჩემი სახალხო დამცველობის დროსაც, რომ მომხდარიყო ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით.

მაგალითად, ეკონომიკურ დანაშაულებზე, როდესაც რაღაც მინიმალურ გადაცდომებზეც კი საპატიმრო სასჯელი იყო გამოყენებული მაშინ, როდესაც ამგვარი დანაშაულისთვის შესაძლოა სხვა სასჯელი უფრო ეფექტიანი იყოს და არ იწვევდეს იგივე სახელმწიფოს დანახარჯების გაზრდას. იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაცილებით მეტი უჯდება ამ პატიმრების შენახვა“, — აღნიშნავს ნანუაშვილი.

ნინო ლომჯარია

ამ კუთხით პრობლემურია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სიხშირეც — სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი ყოფილი სახალხო დამცველი 2017-2022 წლებში, ნინო ლომჯარია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

აღნიშნული ტენდენცია ჩანს საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო, 2022 წლის ანგარიშშიც.

კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს აღკვეთის ღონისძიება, ჯამში, 12 551 პირს შეეფარდა. მათგან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 38.5% შეადგინა:

შესაძლო მიზეზი#4: ხარვეზები ვადაზე ადრე შეწყალების კომისიის საქმიანობაში და შეწყალების ინსტიტუტი:

„საბოლოო ჯამში, ბევრი პატიმარი შედის ციხეში და იქიდან ვეღარ გამოდიან იმიტომ, რომ ის მექანიზმები, რაც ვადაზე ადრე უნდა უშვებდეს პატიმარს, გვაქვს ხარვეზიანი“, — აცხადებს ნინო ლომჯარია და აღნიშნავს, რომ მექანიზმები, რომლითაც პატიმართა რაოდენობის კორექტირებაა შესაძლებელი, პრეზიდენტის შეწყალების ინსტიტუტი და ე.წ. უდოს კომისიაა.

პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.

ე.წ. უდოს კომისიის მუშაობის ხარვეზებზე საუბარია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც 2020 წლით თარიღდება. დოკუმენტში სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ საბჭოები გადაწყვეტილებებს არ ასაბუთებდნენ და, შესაბამისად, არ მიუთითებდნენ კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რატომ ანიჭებდნენ ამა თუ იმ კრიტერიუმს მეტ ყურადღებას სხვაზე ნაკლებად. Ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია და მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობების საქმეებში საბჭოს განსხვავებული გადაწყვეტილებები გამოაქვს.

ამასთან, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ საბჭო, ხშირ შემთხვევაში, არ აქცევდა ყურადღებას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხანდაზმულობას, გადაცდომის სიმძიმეს, დაკისრებული სახდელის სიმძიმეს და არც გადაცდომის შემდგომ პერიოდში პატიმრის დადებითად შეცვლილ ქცევას.

შედეგად, ანგარიშში ნათქვამია, რომ თუნდაც წლების წინ ერთი მცირე სახის დისციპლინური გადაცდომა პატიმრისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო:

„კომისიის მიდგომები არ არის პატიმრებისთვის განჭვრეტადი და არც სტანდარტებია ჩამოყალიბებული, თუ ვის შეიძლება მოუწიოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. პატიმრისთვის არ არის ნათელი, როგორი ქცევა გამოიწვევს მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ერთგვარ სიტუაციებში ვიღაცებს უშვებენ, ვიღაცებს არა“ ,— ამბობს ნინო ლომჯარია „ნეტგაზეთთან“.

„ნეტგაზეთი“ შეეცადა ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით პასუხების იუსტიციის სამინისტროსგან მიღებას. Მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის განმავლობაში უწყებაში ჩვენთვის რესპონდენტი ვერ გამოიძებნა, სამინისტროს წერილობით გავუგზავნეთ შეკითხვები, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

Რაც შეეხება პრეზიდენტის დისკრეციას შეწყალების თაობაზე, ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პოსტზე სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, შეწყალების გამოყენების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

ამ კუთხით სტატისტიკურად დამუშავებული მონაცემები პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე აღარ იძებნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის შეწყალება, რასაც ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნულზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო.

მორატორიუმის დაწესებამდე „სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული მონაცემების თანახმად, საქმიანობის 9 თვეში ზურაბიშვილს 4 468 მიმართვიდან 91 პატიმარი ჰყავდა შეწყალებული. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პატიმართა შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა, შეწყალების კომისია კი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფუნქციონირებდა — გაუქმდა.

შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტის ვებგვერდზე პატიმრების შეწყალების შესახებ პირველი განცხადება 2020 წლის იანვრით თარიღდება. მას შემდეგ, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა, ჯამში, 95-მდე პატიმარი შეიწყალა, შესაბამისად, გაპრეზიდენტების დღიდან ამ დრომდე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 184-მდეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის სტატიის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებს ეფუძნებოდა, ზურაბიშვილის წინამორბედმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის მანძილზე 3 671 მსჯავრდადებული შეიწყალა.

„სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის იურისტი გურო იმნაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ როგორც შეწყალების მექანიზმი, ისე ე.წ. უდოს კომისია უფრო კორექტირების მექანიზმებია, ვიდრე ვითარების რადიკალურად გარდაქმნის გზა, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მეტად გააქტიურება სასურველი იქნებოდა:

„იგივე პრეზიდენტი, გვახსოვს, წინა წლებში ძალიან აქტიურად იყენებდა ხოლმე შეწყალების მექანიზმს თუნდაც ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის ნარკოტიკული დანაშაული.

ბოლო წლებში პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება შემცირებულია. ამიტომაც ეს მექანიზმები უფრო აქტიური თუკი იქნება, ეს, ცხადია, კარგია, თუმცა ის არსებული პოლიტიკის და რეალობის არსებითად გარდაქმნას ვერ უზრუნველყოფს“ ,— აღნიშნავს გურო იმნაძე.

სტატიაზე მუშაობისას ნეტგაზეთი პასუხების მიღებას იუსტიციის სამინისტროსგან შეეცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენთვის რესპონდენტი ვერ გამოიძებნა, პრესსამსახურმა სამინისტროში კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა, რაზე პასუხიც ამ დრომდე არ მიგვიღია. ამასთან, „ნეტგაზეთს“ სურვილი ჰქონდა მოესმინა მოქმედი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოსაზრებებიც ციხეებში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა პრესსამსახურის მეშვეობით ვერც ომბუდსმენის კომენტარის მიღება მოვახერხეთ.


სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი