ახალი ამბები

„კი ევროპას“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტისკენ მიდიან

28 აპრილი, 2024 •
„კი ევროპას“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტისკენ მიდიან

„კი ევროპას“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.

საპროტესტო აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა აქციაზე შეკრებილების სახელით განცხადება წაიკითხა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტს ჯაჭვს შემოაკრავენ.

რატი ამაღლობელის თქმით, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნონ რუსული კანონის მეორე პლენარული მოსმენა.

„საქართველოს მოქალაქეები არ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიულ პარტნიორების დაკარგვას, რასაც რუსული კანონის მიღება გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ უნდა გახდეს ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან.

საქართველოს მოქალაქეები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით. ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლოს“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

პარლამენტმა უმრავლესობის მხარდაჭერით რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხვალ, 29 აპრილს დილის 9 საათზე რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ამავე დღეს საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.

რაც შეეხება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს, გარდა დღევანდელი დღისა, აქცია გაიმართება ხვალ, 29 აპრილს ვაკის პარკში და ზეგ, 30 აპრილს, პარლამენტთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი