ახალი ამბები

ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ოცნებას“ მიმართავენ, გადადოს რუსული კანონის ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა

28 აპრილი, 2024 •
ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ოცნებას“ მიმართავენ, გადადოს რუსული კანონის ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, რომ პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, 29 აპრილს დაგეგმილი რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა გადადოს.

მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „ამ გონივრულ რჩევას“ და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“.

„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.

ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრაქცია.

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ – ნათქვამია პარტიების განცხადებაში.

პარლამენტმა უმრავლესობის მხარდაჭერით რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხვალ, 29 აპრილს დილის 9 საათზე რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ამავე დღეს საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი