ახალი ამბები

იაგო ხვიჩია „ოცნებისგან“ ითხოვს განმარტებას, რატომ გადადეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 2 თვით

5 მარტი, 2024 • 764
იაგო ხვიჩია „ოცნებისგან“ ითხოვს განმარტებას, რატომ გადადეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 2 თვით

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის ბიურომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო.

ამის შესახებ მან დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრიც თანხმდება, რომ ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა დიდია და ოპოზიციის დიდი ნაწილიც კანონპროექტს მხარს უჭერს, მისთვის გაუგებარია, რა გახდა განხილვის ორი თვით გადადების მიზეზი.

„გუშინ ბიუროზე ორი თვით გადაიდო ჩვენი კანონპროექტის განხილვა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის ხელმომწერიც, ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციაა, გამონაკლისების გარდა. ყველას ესმის, რომ ხალხი ძალიან ელოდება ამ ამნისტიას. ამის იმედი, პირველ რიგში, გააჩინა პრემიერის განცხადებამ, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, პატიმართა რაოდენობა მისაღებს ორჯერ აღემატება. ცხადია, რომ ეს ადამიანების მოლოდინს გამოიწვევდა.

როცა ჩვენ ყოველდღიურად შემოგვაქვს დაჩქარებული კანონები, თავს ვიწონებდით იმით, რომ წინა წელს 600-ზე მეტი კანონი მივიღეთ, ამ პირობებში მე ვერ ვხვდები, რა გახდა მიზეზი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც ოპოზიციის კონსენსუსი არსებობს, კიდევ ორი თვით გადაიდო? მე მინდა, დაბეჯითებით მოგთხოვოთ და საზოგადოებასაც ვთხოვო, რომ თქვენზე მოახდინოს ზეწოლა ამ კანონის განსახილველად“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პირდაპირ უნდა თქვას,   აპირებსთუ არ აპირებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას, რათა საზოგადოებას ცრუ მოლოდინები არ შეექმნას.

„მე არ მინდა, ეს კანონი დაემსგავსოს იმ კანონებს, რომლებიც პარლამენტში შემოდის ოპოზიციის მხრიდან და „ქართული ოცნება“ მას არასოდეს განიხილავს. მე მინდა, რომ ეს კანონი ამ თვალსაზრისით იყოს გამონაკლისი, რადგან ამაზე არსებობს ოპოზიციის კონსენსუსი და პატიმრების ძალიან დიდი იმედები და მოლოდინები. ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენ ამ ორი თვით გადავადებას არ მიაქციოთ ყურადღება და რაღაცნაირად გაქვთ უფლება, რომ ამ ვადაშიც განიხილოთ კანონპროექტი. ვითხოვ, რომ თუ უარს მეუბნებით, თქვით უარი განხილვაზე, საზოგადოებას უთხარით უარი, რომ არაფრის იმედი ჰქონდეთ და ცრუ იმედებით არ ვკვებოთ პატიმრები“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


პარტია „გირჩმა“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები, დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 9 500 პატიმარს შეეხება.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში მოსახლეობაზე გაანგარიშებით საქართველო პატიმრების ჭარბი რაოდენობით ევროპაში  „მოწინავე“ პოზიციებს იკავებს.

„გირჩის“ განცხადებით, კანონპროექტის თანაავტორები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, ტარიელ ნაკაიძე და ხატია დეკანოიძე.

რაც შეეხება კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს „ლელოს“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი