ნეტგაზეთი | პრეზიდენტმა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა პრეზიდენტმა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა – Netgazeti
RU | GE  

პრეზიდენტმა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ადმინისტრაციაში შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგება .

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან.  ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

“შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე დაიწყება. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების კომისიის აღდგენას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.